რა შეიძლება იყოს იმაზე ჯანსაღი დილის საუზმისთვის, როგორიც სალათის ფურცლები, ავოკადო, ორაგული, ბრინჯი, კრევეტები და ჯინჯერია. მიხვდით ალბათ, რასაც ვგულისხმობ. თუმცა, მეტი სიზუსტისთვის გეტყვით, რომ ეს სწრაფი კვების სუში-რესტორანი „კადოა“. სწრაფი კვება შემთხვევით არ მიხსენებია. იაპონური სამზარეულოს შეფმზარეული და „კადოს“ დამფუძნებელი გიორგი ჭინჭარაშვილი ერთი წლის წინ, მეგობრისთვის მომზადებული საუზმის „კადოდ“ გადაქცევის ისტორიას გვიყვება.
სუშის სიყვარული დიდი ხანია მაქვს. 2001 წლიდან ამ საქმეს ვაკეთებ. მინდოდა მომხმარებლისთვის ჯანსაღი საკვები მიმეწოდებინა. სწორედ აქედან წამოვიდა „კადოს“ იდეაც. დილით, როცა ვიღვიძებთ, უპირველესად წყალი უნდა დავლიოთ, ნახევარი საათის შემდეგ კი საკვები მივირთვათ. ჩვენ თუ კუჭს დილიდან ხორცით ან არაჯანსაღი პროდუქტით დავამძიმებთ, მთელი დღე შრომისუუნარო ვიქნებით. მსუბუქი საუზმე, მაგალითად, სუში, მაწონი, თაფლი ან ბოსტნეული კი საღამომდე საჭირო ენერგიით და ვიტამინებით მოგვამარაგებს. სწორედ ესაა იმუნიტეტი, რომლის დახმარებით უამრავ დაავადებას ავიცილებთ თავიდან.
„კადოს“ კადომ პოპულარობა მალე მოიპოვა...
ერთი წლის წინ, როცა მომხმარებელმა ჩვენი კადო გაიცნო, მხოლოდ ჩემი რეცეპტით მომზადებული, ერთი პროდუქტი გვქონდა. ახლა 10-მდე სახეობის კადო გვაქვს, რომლებიც მომხმარებელმა თავის გემოვნებით შექმნა.
იაპონური სუში ძალიან პატარა, კომპაქტური და მარტივია. მას შემდეგ, რაც სუში იაპონიიდან გამოვიდა, განვითარდა. აშშ-ში და ევროპაში მენიუ უფრო გაიზარდა.
როგორ აპირებთ იაპონური და ქართული სამზარეულოს დაკავშირებას?
„კადოს“ შექმნისას, შევეცადე კადო ჩვენი გემოვნური რეცეპტორებისთვის მომერგო. იაპონური სამზარეულოა, თუმცა ქართულთან ძალიან ახლოს. ასევე დიდი ხანია ვმუშაობ ვიზუალურად იაპონური და გემოვნური თვისებებით ქართული პროდუქტის შექმნაზე, სადაც კენკრას გამოვიყენებ. ბოლო შტრიხები დამრჩა. ძალიან რთულია, თუმცა შედეგს აუცილებლად მივაღწევ.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ „კადოს“ მომხმარებლები არიან ბავშვები, მათი მშობლები და უფროსი ასაკის წარმომადგენლები. ჩვენი „კადო“ ყველასთვის ერთნაირად ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტია.