ძველ თბილისში, ვიწრო ქუჩებში ხეტიალისას, გომის ქუჩაზე შეიძლება პირდაპირ აივანზე აღმოჩნდეთ. ეს სხვისი აივანი არაა, ეს თქვენი „კაფე აივანზეა“. სანამ დედაქალაქის ულამაზეს ხედს დაინახავთ, თქვენს ყურადღებას ფერად-ფერადი მაგიდები და უამრავი ყვავილი მიიქცევს, შემდეგ აღმოაჩენთ, რომ თბილისი აქედან ხელისგულზეა. „კაფე აივანზე“, სადაც უნდა დაჯდეთ, რომელი კუთხეც უნდა აირჩიოთ, ამ ხედს ვერავინ დაგიფარავთ. „კაფე აივანზე“ დებმა − თამუნა და სოფო ჩიქოვანებმა რეალობად აქციეს. მათი მთავარი მიზანია, აივანზე მოსულმა სტუმარმა თავი, როგორც შინ, ისე იგრძნოს. 2 თვეა, რაც „კაფე აივანზე“ თბილისის ხედებს და სასიამოვნო გარემოს სტუმრებს უზიარებს და ის უკვე გახდა ბევრისთვის საყვარელი სივრცე.
თამუნა ჩიქოვანი: „დიდი ხანია მე და ჩემს დას გვინდოდა ასეთი კაფეს გახსნა. მოვედით გომის ქუჩაზე, მოგვეწონა ეს ადგილი და ასე გაჩნდა „კაფე აივანზე“. მიგვაჩნია, რომ აქ მოსულ სტუმარს რის გამოც შეიძლება დაამახსოვრდეს და შეუყვარდეს ეს ადგილი, იმის გარდა, რომ ძველ თბილისში ვართ და ულამაზესი ხედი გვაქვს, ჩვენი მონდომებაა, მყუდრო გარემო შევქმნათ. გვინდა სტუმრებმა თავი როგორც შინ ისე იგრძნონ. ხშირად ვეკითხებით, რას ისურვებდნენ მენიუში. გვაქვს სალათებიც, თუმცა უფრო მეტად ქართული კერძები, რადგან ტურისტებს ძირითადად ქართული კერძების დაგემოვნება აინტერესებთ“.
აივანზე ძალიან ბევრი ყვავილი და სხვადასხვა დეკორატიული ნივთია...
ვფიქრობთ, ასეთი გარემო კიდევ უფრო შინაურს ხდის აივანს. სამომავლოდ, მცენარეების დამატებას ვაპირებთ. ხშირად ვცვლით ყვავილებს, რადგან არ ვიყენებთ ხელოვნურს.
როგორ ემზადებით სამომავლოდ?
ჩვენი უახლოესი გეგმა, ზამთარზე ფიქრია. არ გვინდა „კაფე აივანზე“ სეზონური იყოს. სტუმრებმა ჩვენთან მოსვლა წლის ნებისმიერ სეზონზე უნდა შეძლონ. აივანზე ხშირად აწყობენ დაბადების დღეებს. უცხოელი სტუმრებიც გვყვავდა, რომლებმაც საქართველოდან წასვლის წინ გამოსამშვიდობებელი საღამო ჩვენთან გამართეს. ამ ორი თვის განმავლობაში გამოცდილება დაგვიგროვდა. ბევრი გეგმა და მიზანი გვაქვს. იმედია, ყველაფერს ძალიან მალე განვახორციელებთ.