უკვე ნახევარი წელია, რაც პეკინის 4 ნომერში მისულ მომხმარებელს უგემრიელესი კერძები და მყუდრო ატმოსფერო ხვდება. აქ ყველაფერი სიყვარულით მზადდება, ამაში პირველივე ვიზიტის დროს დარწმუნდებით. გამოცდილ და პროფესიონალ მზარეულთა გუნდი ქართულ-ევროპული სამზარეულოს კერძებს ორიგინალურად და რაც მთავარია, ნატურალური ინგრედიენტებით მოგიმზადებთ. „როიალი“ არის ადგილი, სადაც კერძების ჩამონათვალი მაგიდაზე მოტანილ მენიუს ჩარჩოს სცდება და ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც უზრუნველყოფს. რაც მთავარია, რესტორანი ქალაქის ცენტრალურ უბანში უფასო პარკინგს გთავაზობთ, რათა გემრიელად წახემსების წინ ავტომანქანის გაჩერებაზე არც იწვალოთ და არც დრო დაგეხარჯოთ.
სამზარეულოსა და დარბაზს შორის არსებული გამჭვირვალე კედლის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია საკვების მომზადების პროცესს აქტიურად დააკვირდეს. ტურისტებისთვის შესაბამისი აღჭურვილობით, სამზარეულოში მოხვედრაც ნებადართულია, რათა ქართული კერძის მომზადებაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა. ამრიგად, მზარეულებს უშუალო კავშირი აქვთ მომხმარებლებთან.
მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყაროში წონის დაკლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი აქტუალურად დგას დღის წესრიგში. „როიალმა“ გადაწყვიტა დეტოქსიკაციისთვის რამდენიმე სახის კოქტეილი შემოეთავაზებინა, რომლებიც მაღალი ხარისხის ბოსტნეულით მომხმარებლის თვალწინ მზადდება. დეტოქს-კოქტეილი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს და რაც მთავარია, აქ ის ძალიან გემრიელად მზადდება. აღნიშვნის ღირსია ალკოჰოლური კოქტეილებიც. თუ ერთფეროვნება მოგწყინდათ და რაიმე ახლის თუ ორიგინალურის დაგემოვნება გსურთ, თქვენს სურვილებს „როიალის“ პროფესიონალი ბარმენი მაღალი ოსტატობით დააკმაყოფილებს.
ვიდრე რესტორანი სტარტს აიღებდა, გუნდი დიდი ხნის განმავლობაში კომპლექტდებოდა. თითოეულ მათგანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც გუნდის მაღალკვალიფიციურობას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ მზარეულები და ბარმენები არაფერში იზღუდებიან. აქ ექსპერიმენტები უყვართ და თანამშრომლებს ხელს უწყობენ საკუთარი იდეები თამამად განახორციელონ, შექმნან ახალი რეცეპტები, მიაგნონ ახალ ხერხებს და მომხმარებლის წინაშე ღირსეულად წარდგნენ. მოკლედ, „როიალი“ არის ადგილი, რომელსაც ვერასოდეს მოიბეზრებთ.
აკაკი ხუციშვილი „როიალის“ ჯადოსნური სამზარეულოს მეთაურია, რომელმაც კარიერული თვალსაზრისით ყველა ის საფეხური გაიარა, რაც დამწყებმა მზარეულმა შეიძლება განვლოს. კერძებს ის თავისი ინტერპრეტაციით ამზადებს. მაგალითად, ორაგულის ცეზარს, როგორი ფორმითაც „როიალში“ ამზადებენ, სხვაგან ვერსად ნახავთ. ცდილობს ყველა კერძი საკუთარი ხელწერით გააფორმოს და მომხმარებლამდე ისე მიიტანოს. მრავალწლიანი გამოცდილება კი ამის საშუალებას ნამდვილად აძლევს. რამდენიმე კერძში ქართულ-ევროპული გემოებია გაერთიანებული. მაგალითად, ბადრიჯნის სალათაში, რომლის ორიგინალურად დამზადების მეთოდსაც აკაკი ამ რესტორანში იყენებს. აკაკის თვალსაჩინო ოსტატობა ინგრედიენტების სწორი შეხამების ცოდნაშიც იკვეთება. ის ცდილობს მომხმარებელს შესაბამისი ინგრედიენტების არსებობის შემთხვევაში, ინდივიდუალური მოთხოვნებიც დაუკმაყოფილოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიართმევს ერთად თავმოყრილ ისეთ პროდუქტს, რომელთა მიღება ჯანმრთელობას ვნებს. ამრიგად, აქ ვერ მიიღებთ საკვებს, რომელიც თქვენს ორგანიზმს რაიმე სახის პრობლემას შეუქმნის. „როიალის“ მზარეულთა გუნდი ინგრედიენტების თვისებებით ხელმძღვანელობს. მთავარმა შეფმზარეულმა გარშემო გამოცდილი გუნდი შემოიკრიბა, მათი პოტენციალი სრულად გახსნა და ერთსულოვნებას მიაღწია. ახლა, გუნდთან და დამფუძნებელთან ერთად, აქვს საშუალება ფანტაზიებს ფრთები შეასხას.
თუ მკაცრ დიეტას იცავთ, სასურველი კერძის მირთმევას „როიალში“ მაინც შეძლებთ. შემწვარი ქათმის და ზოგადად, ხორცის ყველა სახეობა აქ გრილზე მზადდება, რაც კერძებს დიეტურსა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს ხდის. ექიმების მიერ რეკომენდებული დიეტის მოთხოვნებს ამ რესტორანში გემრიელად პასუხობენ. თქვენ ისღა გრჩებათ, უბრალოდ ისიამოვნოთ საყვარელი კერძით დიეტის დარღვევის გარეშე! საიდუმლო კი ის გახლავთ, რომ აქ იციან, როგორ შეწვან ხორცი ისე, რომ ტოქსინებისგან და ცხიმებისგან საბოლოოდ გამოთავისუფლდეს. კომპეტენტურობის წყალობით, ამას მარტივად აკეთებენ.
აკაკი ხუციშვილი დუბაის ცნობილი ქართული რესტორნის, „მოდი დუბაის“ მზარეულ როინ ლომინაძესთან ერთად თანამშრომლობს, რომელიც ახლა „როიალის“ ბრენდშეფია. მას დიდი წვლილი მიუძღვის „როიალის“ თავდაპირველ განვითარებაში. მისი დამსახურებაა სამზარეულოს დახვეწაც და ინვენტარის დაკომპლექტებაც. დღეს, დისტანციის მიუხედავად, როინი და აკაკი ერთობლივად აკონტროლებენ მთლიანად მენიუს, სამზარეულოს მუშაობას და სერვისის ხარისხს. როინი ჟურნალ OK! ის დუბაიდან გაესაუბრა.
როინ ლომინაძე: „დაახლოებით 7 თვის წინ რესტორნის დამფუძნებელმა დამირეკა და გამანდო, რომ ობიექტის გახსნას აპირებდა. მაშინ შვებულებით საქართველოში ვიმყოფებოდი. ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ, მფლობელმა ყველაფერი განაახლა. კარგი ლოკაციაა, თავისი პარკინგით, რაც ობიექტს უფრო მოსახერხებელს ხდის. დავთანხმდი, რომ როგორც ბრენდშეფს, მასთან მეთანამშრომლა, რადგანაც ამ საქმეში დიდი პოტენციალი დავინახე. ერთად ბევრი პრობლემა გადავლახეთ. ახლა „როიალში“ ძალიან ძლიერი კოლექტივია ჩამოყალიბებული, სამზარეულო უმაღლეს დონეზეა გამართული. მუშაობენ მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით. ინტერიერიც რამდენიმეჯერ შეიცვალა და სულ უკეთესობისკენ იხვეწება. დარწმუნებული ვარ, დაწესებულებას კიდევ უკეთესს გავხდით. რესტორნის პოპულარობისთვის საჭიროა ობიექტმა იზრუნოს იმაზე, რომ მომხმარებელი თავისი ერთგული და სისტემატიური სტუმარი გახადოს. თუ ადამიანები გაიგებენ, რომ არსებობს ასეთი რესტორანი − „როიალი“, ეს აუცილებლად მოხდება! აქ იგრძნობა ის ოჯახური სითბო, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი აქაურობას აუცილებლად შეიყვარებს“.
აკაკი ხუციშვილი: „ახლად მოწყობილი სამზარეულო ჩამაბარეს და ამ რესტორანში ახალი იდეებით შემოვედი. დამფუძნებელმა და ბრენდშეფმა გუნდის შექმნაში მხარი დამიჭირეს. სოფელ-სოფელ დავდივართ და თითოეულ ინგრედიენტს საგულდაგულოდ ვარჩევთ, ამიტომაც აქ მაღალი ხარისხის ხორცი და ბოსტნეული შემოდის. ნებისმიერ დროს შეგვიძლია მომხმარებელი ამაში საკუთარი თვალით დავარწმუნოთ. აქცენტს ვამახვილებთ ნატურალურ, გაუყინავ ხორცზე. ყველა ინგრედიენტი, რომელიც ჩვენს სამზარეულოშია, აუცილებლად უნდა იყოს ახალი და გაუყინავი. მომზადების პროცესიც ზუსტად მაშინ იწყება, როცა შეკვეთა შემოდის. ჩვენთან არ ხდება კერძის წინასწარ მომზადება და შემდეგ მისი გაყინვა. შედეგად, კერძი ძალიან გემრიელი და ჯანსაღი გამოდის“.
ხშირად ახარებთ მომხმარებლებს სიურპრიზებით. მოგვიყევით მსგავსი აქტივობების შესახებ.
თენგო ყაზიაშვილი − რესტორნის მარკეტინგის მენეჯერი: „მაგალითად, ამ ზაფხულს კარაოკე-კონკურსი გვქონდა. ვეცადეთ ახალგაზრდებში ჩვენი რესტორნის პოპულარიზაცია მოგვეხდინა. ამ მცდელობამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ჟიურის წევრებად სოფო ბედია და ნინო ლეჟავა მოვიწვიეთ, რომლებიც ამ ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენით აღტაცებულები იყვნენ. ფულადი პრიზები დავაწესეთ პირველი სამი ადგილისთვის. ასევე, გვყავდა ფეისბუქგამარჯვებული, რომელმაც ორკაციანი საგზური მოიგო თურქეთში. სექტემბრის ბოლოდან ვაპირებთ კონკურსის განახლებას და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გავახარებთ.
ასევე, ვახარებთ იუბილარებს და ვუკეთებთ ფასდაკლებას დაბადების დღეებზე. ფასდაკლებას იღებენ წყვილებიც, რომლებიც ნიშნობას ჩვენს რესტორანში გადაწყვეტენ. ვფიქრობთ, დაბადების დღე და ხელის თხოვნა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღებია და გვსურს ხელი შევუწყოთ ამ დღეების განსაკუთრებულობას“.
„როიალი“ წარმოუდგენელია მუსიკის გარეშე. რას გვეტყვით მუსიკალური გაფორმების შესახებ?
(თენგო): კვირაში ერთხელ ჩვენი მუდმივი ბენდი „ამნეზია“ მღერის, სხვა დღეებში კი საღამოებს მოწვეული მუსიკოსები აფორმებენ.
რატომ უნდა ავირჩიოთ რესტორანი „როიალი“?
(თენგო): სახელი „როიალი“, ინგლისური სიტყვიდან მომდინარეობს და ითარგმნება, როგორც „სამეფო“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამეფო დაწესებულებაზე გვაქვს ამბიცია. ჩვენ გავამახვილეთ აქცენტი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ხარისხზე. მომხმარებელს არჩევისას ვთავაზობთ სწორად მომზადებულ ჯანსაღ კვებას. ასევე, მყუდრო გარემოს და განსხვავებულ ინტერიერს. მეორე სართული იმდენად სადად გვაქვს მოწყობილი, რომ ადამიანებს აქ განტვირთვისთვის შეუძლიათ მოსვლა. მათ საშუალებას ვაძლევთ, რთული დღის განმავლობაში მშვიდად მიირთვან ან საქმიანი შეხვედრა დანიშნონ და ხელი არაფერში შეეშალოთ.