პოლარული დათვის − „ლუკა პოლარეს“ ქართული თავგადასავალი ცივი ქვეყნებიდან საქართველოში მოგზაურობისას დაიწყო. 2008 წლის ცხელ ზაფხულში მან ქართველ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის ნაყინი შესთავაზა, რომლის მოსამზადებლადაც მხოლოდ ცოცხალი და ნატურალური პროდუქტები გამოიყენა. მაშინ, როცა საქართველოში ცივი ნუგბარი მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში იყო საცნობი, „ლუკა პოლარემ“ თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე სტუმრებს ფერადოვანი ნაყინები შესთავაზა, მეტიც − გრილ დღეებში ცხელი სასმელიც უწილადა და გასაგრილებლად მენიუს ცივი სასმელებიც შემატა. ასე დაიწყო ქართული ბრენდის საქმიანობა, პატარა სანაყინეთი ჩაეყარა საფუძველი იმ დიდი ქსელის არსებობას, რომელიც დღეს უკვე 60-მდე სახეობის ნაყინს საქართველოს 3 ქალაქში, 15 სხვადასხვა ადგილას ერთგული მომხმარებლისთვის სიყვარულით სთავაზობს. OK! „ლუკა პოლარეს“ გენერალურ დირექტორს თეა თაბაგარს და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელს − ანი ციცქიშვილს ესაუბრა და აღიარებული სახელწოდების მიღმა არსებული საინტერესო ისტორია მოისმინა.
„ლუკა პოლარეს“ პირველი შეხვედრა მომხმარებელთან
(თეა თაბაგარი): „2008 წელს, „ლუკას“ პირველი კაფე-სანაყინე ლესელიძეზე გაიხსნა. ხალხი გაკვირვებული უყურებდა ფერად ნაყინის სახეობებს, უჭირდათ არჩევა. თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მალევე გაიგო პოლარული დათვის, „ლუკას“ თბილისში ყოფნის ამბავი, ნდობაც მალევე გამოუცხადეს, განსხვავებულ ნაყინის სახეობებსაც მალევე შეეჩვიენ და შეიყვარეს.
„ლუკა“ ბაზარზე დასაწყისშივე შემოვიდა პროდუქტის მაღალი ხარისხითა და მომსახურების მაღალი სტანდარტით, რაც იმ დროისთვის ქართული რეალობისთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო, ამიტომ ძალიან მალე დაიმსახურა ყურადღება და დადებითი შეფასება“.
(ანი ციცქიშვილი): „ბრენდის შექმნის პირველადი იდეა იყო, საქართველოში გაჩენილიყო ევროპული სტილის კაფე-სანაყინე პროდუქტის მაღალი ხარისხითა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტით. ბრენდინგზე დასაწყისშივე იმუშავა გერმანულმა მარკეტინგულმა კომპანიამ, რომელიც ამ დრომდე „ლუკა პოლარეს“ კონსულტანტი კომპანიაა.
ჩვენმა პოლარულმა დათვმა ლუკამ, ცივი ქვეყნებიდან დაიწყო მოგზაურობა, ჩვენამდე იტალიაში შეიარა, სადაც სპეციალურად „ლუკა პოლარესთვის“ ნაყინის რეცეპტები შემუშავდა, რომელიც საქართველოში ჩამოიტანა. უკვე 11 წელია „ლუკა პოლარე“ არ ღალატობს საკუთარ სტანდარტს და წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე“.
ხარისხი, როგორც სამარკო ნიშანი
(თეა): „ჩვენი წარმოება ამ დროისთვის 60-მდე სხვადასხვა სახეობის ნაყინს ითვლის. ჩვენი ნაყინი ცოცხალი რძისა და ცოცხალი ხილის ბაზაზე მზადდება.
ნაყინის სახეობები არ შეიცავს ფერისა და გემოს ხელოვნურ დანამატებს. ჩვენი ნაყინის სახეობების ჩამონათვალში შეგხვდებათ გლუტენისგან თავისუფალი და
დიაბეტური ნაყინის სახეობებიც.
პრემიუმ ხაზის ნაყინის სახეობები კი განსხვავებული შემადგენლობით, იშვიათი ინგრედიენტებით მზადდება.
გვეამაყება, რომ ეს ყველაფერი ქართული წარმოებაა და საქართველოში იქმნება“.
გამორჩეული ბრენდი ქართულ ბაზარზე − „ლუკა პოლარესა“ და ერთგული მომხმარებლის ურთიერთკავშირი
(ანი): „ორი მთავარი ხაზი აქვს „ლუკას“. პირველი − ეს არის პროდუქტი, რომელიც ბაზარზე ხარისხითა და სტანდარტით გამოირჩევა. 11 წლის განმავლობაში ბრენდს არ შეუცვლია მიდგომა და მხოლოდ გაუმჯობესებისთვის ვმუშაობთ. და მეორე − ლუკამ შექმნა ემოცია და დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ლუკასა და მომხმარებელს შორის. ჩვენთან არის გარემო, სადაც ჩვენი პერსონალი მომხმარებლის მეგობრები და ისტორიების გამზიარებლები ხდებიან. ამ ორი მიმართულების ერთობა ქმნის „ლუკა პოლარეს“.
„ლუკა პოლარეს“ ყავის გამორჩეული ნედლეული
(თეა): „ჩვენი ყავა ძალიან საინტერესო გზას გადის ჩვენამდე. მარცვლეული სამხრეთ ამერიკიდანაა, 100%-ით არაბიკა. ნედლეული გერმანულ ოჯახს ეგზავნება, რომელსაც ყავის მოხალვის მრავალწლიანი ისტორია აქვს, ოჯახი ჩვენს ყავას ტრადიციების მიხედვით ხალავს და უმაღლესი ხარისხის მიქსი ჩვენთან იგზავნება. ჩვენი ბარისტები გადამზადების სრულ კურსს გადიან, რომ ყავის მომზადების ტექნოლოგიას სრულყოფილად დაეუფლონ და ეს პროცესი, საბოლო ჯამში, ქმნის იმას, რომ საქართველოში გამორჩეული ყავა გვაქვს“.
არა მხოლოდ ნაყინი, არამედ ბევრად მეტი...
(თეა): „ჩვენს ასორტიმენტში ასევე წარმოდგენილია ჩაი, ცხელი შოკოლადი, მიქს- სასმელები, ფრაპები, ნამცხვრები, სალათები და სენდვიჩები. სასიამოვნოდ გაოცებულები ვრჩებით, როცა ვხედავთ, რომ მომხმარებელი არა მხოლოდ ჩვენს მთავარ ხაზს − ნაყინს ირჩევს ერთგულად, არამედ უყვარს ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ბრენდი სთავაზობს“.
„ლუკა პოლარე“ − ქართული ბრენდი ნაკლებად ქართული ასოციაციით
(ანი): „თავის დროზე, „ლუკას“ მიერ შეთავაზებული სტანდარტი ძალიან უცხო აღმოჩნდა ქართული რეალობისთვის. იმ დროისათვის არ ვიყავით განებივრებულები ხარისხიანი პროდუქციით და მაღაზიებსა და კაფეებში მომსახურე პერსონალის მისალმება, გაღიმება და დამშვიდობება წარმოუდგენელი იყო. სწორედ ამ განმასხვავებელი ნიშნების გამო, მომხმარებელმა გადაწყვიტა, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული ბრენდი. სახელიც განსხვავებული ჰქონდა და მარკეტინგული სახეც“.
ბრენდის გუნდი − გამორჩეული დამოკიდებულება სტუმრებისადმი
(ანი): „პერსონალისა და მომხმარებლის კომუნიკაცია „ლუკა პოლარეს“ ქსელის თითოეულ ფილიალში იმ განსაკუთრებულ გარემოს ქმნის, რის გამოც ბრენდს
ირჩევენ. თითოეულ სანაყინეში გვაქვს ე.წ. უკუკავშირის ბარათები, სადაც მომხმარებელი საკუთარ აზრს, შენიშვნებს, კომენტარებს აფიქსირებს. ყველა მათგანს სათითაოდ განვიხილავთ და საბოლოო ჯამში სტუმრები გრძნობენ, რომ მათი შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ მოსაზრებას გამოხმაურება ყოველ ჯერზე აქვს“.
გარემო ყველასთვის − „ლუკა პოლარეს“ უნიკალური მოსაწვევი
(ანი): „ლუკა პოლარეს“ სანაყინე − ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ. არაფორმალური გარემოა, რაც ყველასთვის კომფორტს ქმნის და სტუმრის ნებისმიერი მიზნით ყოფნას სასიამოვნოს ხდის. აქ ახერხებენ მეგობრებთან შეხვედრას, უბრალოდ შემოვლას, განტვირთვას და მუშაობასაც კი.
გვიხარია, რომ უამრავი ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომელთაც მოსწონთ იდეა, „ლუკა პოლარეს“ მთლიანობის ნაწილი გახდნენ“.
გრანდიოზული გეგმები − საქართველოს სახელით მსოფლიო ბაზარზე
(თეა): „ამჟამად ბათუმის (4), ქობულეთისა (1) და თბილისის (10) ფილიალებში მომხმარებელს ვმასპინძლობთ, თუმცა უახლოეს გეგმებში საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლა და ქართული ბრენდის უცხოურ ბაზარზე წარდგენა შედის. კონკრეტული ქვეყნები კი ჩვენს რუკაზე უკვე მონიშნულია...“
(ანი): „მთელი გუნდი ამ სიახლის ირგვლივ გავერთიანდით და „ლუკა პოლარესთან“ ერთად საინტერესო თავგადასავლისთვის ვემზადებით, რომელსაც ჩვენს გულშემატკივრებსაც მალე გავაცნობთ“.