GUCCI OSTERIA
მოდის სამყარო უფრო მეტად იმით გამოირჩევა, რომ საკვებისგან თავის შორს დაჭერას მოიაზრებს, თუმცა Gucci-ს შემთხვევაში, იტალიური ბრენდი სტუმრებს ახლად გახსნილ რესტორან „ოსტერიაში“ ეპატიჟება.
Gucci Osteria იტალიაში, კერძოდ ფლორენციაში მდებარეობს და „მიშლენის“ ვარსკვლავის შეფ მასიმო ბოტურასა და „გუჩის“ კრეატიულ დირექტორ ალესანდრო მიკელეს ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
რესტორანი Gucci Garden-ის კომპლექსის ნაწილია. შესაბამისად, აქვე ბრენდის ექკლუზიური პროდუქციის შეძენაც შესაძლებელია.
ბოტურა თავისი ექსცენტრულობით კლასიკურ იტალიურ კერძებს ამზადებს, რაც კიდევ ერთხელ გამოარჩევს მას, როგორც დინამიკურ შეფმზარეულს. მასიმომ Gucci Osteria-სთვის სპეციალური მენიუ შეიმუშავა, რომელიც სრულყოფილად მოერგო ბრენდის სახეს.
„ჩვენი სამზარეულო ყველაფერია, რასაც ვხედავთ, გვესმის და გემოს ვუსინჯავთ. ეს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა“, − განაცხადა მასიმო ბოტურამ.
გამორჩეულია რესტორნის ინტერიერი, რომელიც „გუჩის“ კულტურული მემკვიდრეობის განსხეულებაა.
„რესტორანი შეგვახსენებს, რომ ფლორენცია ყოველთვის იყო კულტურული ცენტრი“, − ამბობს შეფმზარეული.
მწვანე კედლები, ვარდისფერი თეფშები, მონოქრომული ხელსახოცები − „გუჩის“ ესთეტიკაა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის რესტორნის მენიუს. „წარსული „გუჩის“ აწმყოს ნაწილია, რომელიც ბრენდის შესახებ ალესანდროს იდეასთან თანხვედრაშია“, − ამბობს კურატორი მარია ლუისა ფრიზა.
GIRAFE
თუ გსურთ შეიგრძნოთ ეიფელის ბრწყინვალება და მასთან სიახლოვე, პარიზში აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბრასერია Girafe-ს, რომლის ტერასიდან თვალისმომჭრელი ხედი იშლება. ულტრამოდური, თანამედროვე სივრცე დაუვიწყარ ვიზიტს განაპირობებს; 80-ადგილიანი ბრასერია მყუდრო, ხესა და მინაში გადაწყვეტილი ინტერიერით გამოირჩევა და განსაკუთრებულ არჩევანს ზღვის პროდუქტების მოყვარულებს სთავაზობს.
სრულიად თეთრი ტერასა 200 სტუმარს იტევს, სადაც ახალგაზრდა, მოხდენილ უნიფორმაში გამოწყობილი პერსონალი მომსახურების სტილით დაგავიწყებთ, რომ შესაძლოა საკვებისთვის ლოდინი მოგიწიოთ − აქ ხომ ყოველთვის უზარმაზარი რიგი დგას...
დესერტი Girafe-ის მორიგი უპირატესობაა. უნაზესი „პავლოვას“ (კრემითა და კენკრით) დასაგემოვნებლად, ბრასერიას უამრავი ვიზიტორი სტუმრობს.
ღვინის მენიუ ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს ერგება და პარიზულ შატოებში გამოგზაურებთ. ბრასერიას მთავარი ხიბლიც სწორედ ესაა − თითოეულ დეტალში ლოკალური სულისკვეთება ადგილობრივსა თუ ტურისტს გაუზიაროს.
AMOR
ფილიპ სტარკმა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ დიზაინერთა სათავეშია, ახალ რესტორანს ჩაუყარა საფუძველი.
სტარკის დიზაინით შექმნილი Amor ვენეციური სულით შთაგონებული ნათელი და თანამედროვე დეკორის მქონე რესტორანია. მისი ლოგოც ვენეციურ სიმბოლოს განასახიერებს და კარნავალის ნიღაბს წარმოადგენს.
რესტორნის შეფმზარეულ მასიმილიანო ალამოს მენიუს კონცეფცია მილანელების გემოვნებასაა მორგებული. კარი ღიაა მათთვის, ვინც ყოველდღიური სამუშაო რუტინისგან განტვირთვას ცდილობენ. მათთვისაც, ვისაც მილანში საკმაოდ „არაფორმალური“ კერძების დაგემოვნება სურს.
გასტრონომიული შეთავაზების მთავარი როლი „ამორის“ პიცას ერგო. „მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განსხვავებულ პიცას გვთავაზობენ. ვენეციურ პიცას არ უარსებია და ის მასიმილიანომ შექმნა, რომელიც მისი სხვა კერძების მსგავსად, მსუბუქი და ჯანსაღია − ორთქლზე მომზადებული“, − აღნიშნა ფილიპ სტარკმა.