ქართულმა სამზარეულომ არაერთ უცხოელ სტუმარს მოსტაცა გული და შეაყვარა საქართველო. კულინარია ერთია და გასტრონომიის სფერო მეორე. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა თავისი კულინარიითა და უგემრიელესი კერძებით, თუმცა გასტრონომიის სფეროში − სუფრის გაშლის ხელოვნებიდან დაწყებული მომსახურებით დასრულებული, ცოტა არ იყოს მოვიკოჭლებთ. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ მსოფლიო პროცესებს ფეხი ავუწყოთ და თუ გვერდიგვერდ არა, ფეხდაფეხ მაინც ვიაროთ და განვვითარდეთ ამ მიმართულებით. ამასობაში კი ქართულ რეალობაში შეიქმნა ჯგუფი CAFE COMMUNITY, რომელიც ყველა იმ ადამიანს აერთიანებს, ვისაც აინტერესებს სად შეიძლება ყველაზე გემრიელი კერძების დაგემოვნება... ამ და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ ჯგუფის შემქმნელებთან − ელენე ფონაძესთან, ნინუცა კირკიტაძესთან, თათა ბობოხიძესთან და ციცი პეტაშვილთან.
საიდან გაჩნდა Cafe community-ის ჯგუფის შექმნის იდეა და რამდენი ადამიანი დგას ამ იდეის მიღმა?
(ელენე): დღეს „სოციალური ქსელების ეპოქაში“ ადამიანებს აღარ უჭირთ კომუნიკაციის დამყარება და ერთმანეთთან საკუთარი შეხედულებებისა თუ ინტერესების გაზიარება. ამის ფონზე, დიდი ხანი ვფიქრობდით, თუ რა იყო ის სფერო, რომელიც თითქმის ყველა ადამიანის ინტერესის საგანია და საბოლოოდ, გაგვიჩნდა იდეა, facebook-ზე შეგვექმნა ჯგუფი Cafe community, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანს უყვარს და სჭირდება ჭამა, და ხშირად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუ სად შეიძლება დააგემოვნონ მათთვის საყვარელი კერძები. შესაბამისად, ჩვენ − ოთხმა მეგობარმა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებდა გაეზიარებინა ერთმანეთისთვის გულწრფელი და ობიექტური გამოცდილებები ამა თუ იმ საკვებ ობიექტებზე და მათში არსებულ მომსახურებასა თუ კერძებზე. ეს ყველაფერი დაგვეხმარებოდა იმაში, რომ დაგვეზოგა დრო და ენერგია ფიქრში, თუ სად რისი მირთმევაა შესაძლებელი და აღმოგვეჩინა აქამდე უცნობი საკვები ობიექტები. გვინდოდა, ეს პროცესი ყოფილიყო სახალისო, ხოლო ჯგუფში დადებული რეკომენდაციები − ინფორმაციული.
მოგვიყევით თქვენ შესახებ...
(ელენე): წელს დავამთავრე კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა. ვარ მომავალი ფსიქოლოგი და მინდა ვთქვა, რომ ჩემი პროფესია თითქმის ყველა სფეროში მეხმარება. მათ შორის იმ სამსახურში, სადაც ახლა ვარ და მიწევს ყოველდღიური კომუნიკაცია ადამიანებთან. გაგიკვირდებათ, და ბავშვობაში არ მიყვარდა ჭამა. თითქმის 2 წელია, რაც ვეგეტარიანელი გავხდი და შეიძლება ითქვას, რომ თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, ვიდრე მანამდე, როცა ხორცს მივირთმევდი. მართალია ცხოველური ცილები ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა შესაძლებელია ისინი სხვა რამითაც ჩავანაცვლოთ.
(ნინუცა): გრაფიკული დიზაინერი ვარ და ჩემი პროფესიით ვმუშაობ. ძალიან მომწონს და მსიამოვნებს საქმე, რომელთანაც ყოველდღიური შეხება მაქვს. თავისუფალ დროს კი, ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ. მიყვარს მოგზაურობა, მინდა მსოფლიო მოვიარო და საინტერესო მოგონებები დავაგროვო.
(თათა): ამჟამად სტუდენტი ვარ, მომავალი ფსიქოლოგი. მიყვარს მოგზაურობა და ხელოვნება.
(ციცი): მიუხედავად იმისა, რომ დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ამჟამად ხარისხის კონტროლისა და სოციალური მედიის მენეჯერი ვარ. მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტშიც გამიმართლა და სკოლაშიც. შემხვდნენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპის თანამონაწილეები არიან. მაგალითად, რომ არა ნინუცა, თათა და ელენე, ალბათ არც Cafe Community იარსებებდა ჩემს ცხოვრებაში. ისე, ბავშვობიდან ყოველთვის სხვადასხვა სფერო მომწონდა − მხატვრობაც მსურდა, ფოტოგრაფიაც მიტაცებდა და მსახიობობაც მაინტერესებდა. საკუთარი ინტერესებიდან, ზოგი ჩემს გატაცებად იქცა, ზოგი კი, უბრალოდ ბავშვობის ჰობი აღმოჩნდა.
რა გაკავშირებთ გასტრონომიასთან − უბრალო ინტერესი, თუ თავად ხართ ამ მიმართულებით დაკავებულნი?
(ელენე): მომწონს ახალი და უცხო გემოების აღმოჩენა და რა თქმა უნდა, გემრიელი საკვების დაგემოვნება. ზოგადად, ძალიან მხიბლავს კულინარია, თუმცა ამ მიმართულებით დაკავებული ნაკლებად ვარ, უფრო მოყვარულის დონეზე. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული, ხშირად ვამზადებ ხოლმე სხვადასხვა სახის დესერტს, რაც ჩემი აზრით კარგად გამომდის. ძალიან მსიამოვნებს და მომწონს, როდესაც ჩემ მიერ მომზადებულს სხვები აფასებენ და ქათინაურებს მეუბნებიან.
(ნინუცა): შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ოთხივე მოყვარულები ვართ, რომლებსაც გვიყვარს სხვადასხვა კერძის მომზადება და ექსპერიმენტები, რომლებიც ასე თუ ისე გამოგვდის.
რამდენ ადამიანს აერთიანებს თქვენი ჯგუფი და ყველას შეუძლია თუ არა გახდეს მისი წევრი?
(ციცი): 12 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული ჩვენს ჯგუფში. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს − მიუხედავად სქესისა თუ ასაკისა. აქ ყველას ხვდება მეგობრული გარემო და საინტერესო დისკუსიები − რა თქმა უნდა, მხოლოდ საკვებთან დაკავშირებული. ჯგუფში გაწევრიანებისთვის საკმარისია მხოლოდ რეალური ფეისბუქგვერდის და გემრიელი კერძების სიყვარული გქონდეთ.
მთავარი წესები...
(ნინუცა): დაუშვებელია დამამცირებელი კომენტარები ჯგუფის წევრთა მიმართ, ასევე არ შეიძლება რეკლამის დადება ჩვენთან შეთანხმების გარეშე. გარდა ამისა, იშლება არათემატური პოსტები, რომელთა შინაარსიც სცდება ჯგუფის თემატიკას.
გასტრონომია, როგორც სფერო − მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები...
(ელენე): გასტრონომია დინამიკური და განვითარებადია. ძალიან სასიხარულოა ის, რომ საქართველოშიც ვითარდება ეს სფერო. დადებითი მხარეც სწორედ ესაა, რომ ჩვენ ვისწრაფვით სიახლისკენ − ბევრი ახალი და უცხო გემოების აღმოჩენისკენ. უარყოფით მხარედ კი, შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ხშირად კაფეები და რესტორნები ამ კუთხით მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებენ.
(ციცი): გასტრონომიის მთავარი ხიბლი არის ის, რომ მუდმივად ვითარდება და სხვადასხვა კულტურას აერთიანებს. ამ სფეროში ჩემთვის უარყოფითი არ არსებობს, თუმცა თუკი იმ ადამიანების გადმოსახედიდან შევხედავთ, რომლებიც ამ მიმართულებით არიან დაკავებულნი, შესაძლოა უარყოფით მხარედ მათი სამუშაო გრაფიკი ჩაითვალოს.
თქვენთვის, ჯგუფის დამფუძნებლებისთვის, რას ნიშნავს ეს ჯგუფი?
(თათა): ჩვენთვის ეს ჯგუფი ერთგვარი გზამკვლევია საქართველოს გასტრონომიულ სივრცეში.
(ნინუცა): გარდა იმისა, რომ Cafe community-იმ ბევრი ადამიანი შეკრიბა და მის წევრებს სასურველი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება, ასევე ხელს უწყობს ბაზარზე უკვე არსებულ თუ ახალ კვების ობიექტებს განვითარებასა და დახვეწაში. ჩვენ, ჯგუფის დამფუძნებლებს კი, ძალიან დაგვეხმარა ამ კუთხით ბევრ რამეში გავრკვეულიყავით, რადგან სამომავლოდ კაფეს გახსნას ვგეგმავთ და ჯგუფის წევრების რეკომენდაციები და აზრები სხვადასხვა კერძზე ძალიან დაგვეხმარება.
საყვარელი კერძი...
(ელენე): გამორჩეული კერძი არ მაქვს. თითქმის ყველაფერი მიყვარს, ხორციანი კერძების გარდა.
(ნინუცა): პასტა და ზღვის პროდუქტები.
(თათა): კონკრეტული კერძი არ მახსენდება, მაგრამ სამზარეულო ნამდვილად ქართული.
(ციცი): ძალიან მიყვარს თურქული სამზარეულო, განსაკუთრებით „ჩი კოფტე“.
საყვარელი ადგილი განმარტოებისთვის...
(ელენე): ალბათ ის ადგილი, რომელთანაც სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს.
(ნინუცა): ასეთ ადგილებს მუდამ ვეძებ ხოლმე და არის კიდეც რამდენიმე ძალიან მყუდრო, საკუთარ თავთან დარჩენისთვის საჭირო გარემოთი, თუმცა ახლა „ამო რამე“ მახსენდება.
(თათა): კაფე „სტამბა“.
(ციცი): სახლი.
საყვარელი ადგილი მეგობრებთან ერთად შესაკრებად...
(ელენე): ძირითადად, ვცდილობთ ხოლმე აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები − გემრიელი კერძებითა და განსხვავებული ინტერიერით.
(ნინუცა): ბოლო დროს ყველაზე ხშირად „სტამბაში“ ვიკრიბებით.
სამომავლო გეგმები...
(ელენე): სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ოთხივეს დიდი სურვილი გვაქვს, გავხსნათ კაფე, რომელსაც Cafe community-ის დავარქმევთ. კიდევ უამრავი იდეა გვაქვს, თუმცა გაჟღერებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებთ.