რესტორნის კონცეფცია ობიექტის შესახებ იდეასა თუ თემატიკას მოიცავს, რაც მთლიანობაში მის ხასიათს განსაზღვრავს. კონცეფციის შემუშავება გულისხმობს თითოეულ დეტალზე დაფიქრებასა და მენიუს დიზაინში, მომსახურების სტილში, სასადილო დარბაზის დეკორსა თუ კერძების ჩამონათვალში მათ გათვალისწინებას.
ირგვლივ ხომ უამრავი პიცერია, ბრასერია, პატისერია, პაბი და სხვადასხვაგვარი კვების ობიექტია, რომელთაც ერთმანეთთან კონკურენციაში ყოფნისას სწორედ კონცეფცია უნდა განასხვავებდეს. ეს ის მთავარი ნიშანია, რომლითაც რესტორნის იდენტობა იკვეთება და სტუმრებს მკაფიო მიზეზს აძლევს ხშირი ვიზიტისთვის. მაგალითი არაერთია, „გასტრონავტი“ კი მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე რესტორანს გაგაცნობთ, რომელთა სავიზიტო ბარათად სრულიად განსხვავებული ნიშნები ქცეულა. გაგიზიარებთ იმ კონცეფციებს, რომლებიც ქმნიან არა მხოლოდ ღირებულ ობიექტს, არამედ საკუთარი ჩანაფიქრით ხდებიან სხვათა ინსპირაციის წყარო.
TICKETS BAR BARCELONA
ალბერტ და ფერან ადრიებმა საქმიანობა ჯერ კიდევ 1991 წელს დაიწყეს. მაშინ, როცა ქალაქ როზესში „მიშლენის“ სამვარსკვლავიან, ლეგენდარულ რესტორან elBulli-ს ხელმძღვანელობდნენ − ერთგვარ მსოფლიო კულინარიულ ლაბორატორიასა და ჰაბს. 2011 წელს, როცა მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს, დასაბამი მიეცა რესტორან TICKETS-ის, ალბერტ ადრიას დამოუკიდებელი საავტორო პროექტის არსებობას.
ორიგინალური კონცეფციის მქონე რესტორნის დაარსების იდეა ალბერტს ეკუთვნის, რომელიც ძმასთან ერთად კოლაბორაციისას 20 წლის განმავლობაში კონდიტერის ამპლუაში მუშაობდა, ახლა კი ალბერტი, როგორც წამყვანი შეფი, Tickets-ს უძღვება, რომელიც მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანს შორის მე-20 ადგილს იკავებს.
ინოვაციური რესტორანი კრეატიული კულინარიული ხერხებით მომზადებულ ტაპასებს ქმნის, ცივსა და ცხელ წასახემსებელ პროდუქტთა სახეობას, რომელიც ესპანელებისთვის არა მხოლოდ საკვები, არამედ ცხოვრების სტილია.
მთავარი სავიზიტო ბარათი კი მაინც რესტორნის უჩვეულო ინტერიერია, რომელიც ცირკის კონცეფციას იმეორებს. თეატრალური გარემოს შექმნით, ალბერტი რესტორნის წარსულს გამოეხმაურა, 1930-იან წლებში, ლოკაციის ირგვლივ სამეზობლო თეატრალური წარმოდგენებითა და კაბარეთი იყო ცნობილი, თუმცა მთავარი ნიუანსი ალბერტის ბავშვობაში იმალება. ყოველთვის, როცა ქალაქში ცირკი ჩამოდიოდა, მას დედასთან ერთად სტუმრობდა. შეფს ბავშვობიდან უყვარდა ცირკი და მასთან დაკავშირებული ჯადოსნური სამყარო. სწორედ ილუზიაში ხედავდა ყოველთვის ხიბლს, რომლის შთაგონებითაც შექმნა Tickets Bar. ინტერიერი, მომსახურე პერსონალი და თითოეული კერძი მაგიისა და ჯადოსნობის ელემენტებს შეიცავს და ადამიანებში აღფრთოვანებას იწვევს − ზუსტად ისე, როგორც ცირკში.
Tickets ადგილია, სადაც თავს ზღაპრული სამყაროს ნაწილად იგრძნობთ, შესვლისთანავე მოკრავთ თვალს ცირკის ბილეთების გასაყიდ ჯიხურს ექსცენტრული რესტორნის სახელწოდებით, დესერტების არეალში გადანაცვლებისას კი დაინახავთ ნამდვილი ტკბილეულის სამყაროს გიგანტური კენკრით, რომელიც ჭერიდან ეშვება, ხოლო დახლებთან მიახლოებისას გაგაოცებთ კონდიტერთა წარმოუდგენელი ქმნილებები.
ნებისმიერი კერძის თანმხლები თემატიკა მისი თეატრალურად გაფორმებაა, რაც საერთო ატმოსფეროს კამუფლაჟში იძირება.
გაითვალისწინეთ, რომ სულ მცირე ერთი ან ორი თვით ადრე მაგიდა დაჯავშნოთ, რადგან საუცხოო წარმოდგენაში მონაწილეობის სურვილი უამრავ ადამიანს აქვს.
SKETCH LONDON
რესტორანში შებიჯებისთანავე გრძნობ, რომ არაორდინარულ სამყაროში შეხვედი, ჰოლში ე.წ. „კლასობანას“ კონფიგურაციის ცხრილზე დადგამთ ფეხს. სხვა მხარეს კი შენიშნავთ კიბეზე „დაღვრილ“ საღებავს და სანამ გაიაზრებთ, რომ ეს მხოლოდ დეკორის ნაწილია, შეშფოთდებით, რომ იქ გავლას თავი აარიდოთ...
Sketch London ხელოვნებით ნაკარნახევი სიტყვაა, რომელიც სათქმელს კედლებში, იატაკზე, საპირფარეშოს დიზაინშიც კი ამბობს. ინტერიერს 5 სრულიად სხვადასხვა დარბაზი ამრავალფეროვნებს. მათ შორისაა დარბაზები, სახელწოდებით „გალერეა“ (სრულიად ვარდისფერში გადაწყვეტილი სივრცე, უამრავი სურათით კედლებზე და მოხერხებული სავარძლებით, რომლებსაც, მასიურობის მიუხედავად, ჰაეროვანი ვიზუალი აქვს; „მიშლენის“ სამი ვარსკვლავის მქონე შეფმა, პიერ გაგნერმა „გალერეას“ მენიუ გულუხვი პორციებით გამოარჩია და სტუმრებს სტარტერები შესთავაზა, ინტერიერის დიზაინზე კი ინდია მადავიმ და დეივიდ შრიგლიმ იზრუნეს), „ლექციებისა და ბიბლიოთეკის ოთახი“ ტრადიციული „ფაინ დაინინგია“, რომელიც ვარდისფერსა და წითელ ტონებში ბაროკოს სტილში გაერთიანდა და რესტორნის მენიუში კერძების თამამი ვარიაცებით გამოირჩევა. „მისაღები“− ასე ჰქვია დარბაზს, რომელიც დღისით მცირე ზომის პატისერიას ქმნის, საღამოობით კი ბარს, რომელშიც კრაფტ-ლუდის მირთმევას უცნაური დიზაინის − „ბალერინას ფეხებიან“ სკამზე ჯდომისას შეძლებთ.
Glade-ში მოხვედრა კი საოცრებათა ქვეყანაში ალისასთან ერთად გამოგზაურებთ. ნაწარმოების მოტივებზე შექმნილი დარბაზი სტუმრებს აღტაცებას ჰგვრის, ხელით მოხატული ხავერდით გაფორმებული ძვირფასი ავეჯი, მუხის ხისგან გამოთლილი თაროები და ნამდვილი „ბალახის“ ხალიჩა ფეხქვეშ... აქ ძირითადად საუზმესა და სადილზე იკრიბებიან და მუსიკის ფონზე მიირთმევენ, რომელსაც იქვე მდგარი პიანინო თავად უკრავს.
დაბოლოს: „ბარი აღმოსავლეთით“, რომელიც უზარმაზარ, თეთრი ფერის უცხოპლანეტელთა თეფშის მსგავს კაფსულაში მოთავსდა, საუცხოო კოქტეილებს შემოგთავაზებთ.
საპირფარეშო კი ხელოვნების დამოუკიდებელი ნიმუშია, რადგან ეს არის სივრცე, რომელშიც თითოეული კაბინა კვერცხისებრ ოვალში განთავსდა. ჭერი, არც მეტი არც ნაკლები, მუდმივად ცვალებადი ექსპოზიციაა. აქ ყოფნისას, გესმით მუსიკა და ხშირად გაგაოცებთ პერსონალის ექსტრავაგანტური უნიფორმა, რომლებიც ტერიტორიის წესრიგზე ზრუნავენ.
რესტორნის მთავარი ხიბლი მუდმივი დინამიკაა, რომლის ფარგლებშიც მუდმივად ახლდება ოთახები, ინსტალაციები, მენიუ და სხვა მრავალი დეტალი, რომელსაც სკრუპულოზურად თავად აკვირდებიან.
CARLO E CAMILLA in Segheria, MILAN
ხის გადამამუშავებელი ძველი ქარხანა, რომელიც მილანის ცენტრიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს, დღეს უკვე იტალიაში სტუმრობისას აუცილებლად მოსანახულებელ რესტორანთა სიაშია, რადგან აქ CARLO E CAMILLA გაიხსნა.
უზარმაზარი ჭაღები და მოციმციმე განათება დაუვიწყარ თეატრალურ გარემოს ქმნის რესტორანში, რომელშიც „მიშლენის“ ვარსკვლავის მქონე მზარეული, კარლ კრაკო იტალიური სამზარეულოთი მასპინძლობს სტუმრებს. კერძების გემოზე რომ აღარაფერი ითქვას, მათი ვიზუალი ასეთივე შთამბეჭდავია. აღსანიშნავია, რომ მენიუ ყოველ 45 დღეში ახლდება.
მინიმალისტურ დიზაინს განსაზღვრავს ფართის მთელ სიგრძეს გაყოლებული მაგიდა და გრძელი სკამი, რომელსაც ყველა სტუმარი ერთად უსხდება, მიუხედავად იმისა, იცნობენ ერთმანეთს თუ არა; ეს ამ რესტორნის მორიგი ხიბლია, ისეთივე გამორჩეული სავიზიტო ბარათი, როგორიც მისი ცნობილი კოქტეილები; მათი დაგემოვნება როგორც შენობაში, ასევე რესტორნის მაგიურ ბაღში შეგიძლიათ.