50 Best Restaurant – ბრენდი, რომელიც ყოველწიულად აქვეყნებს 50 საუკეთესო რესტორნის სიას მსოფლიო მასშტაბით და რომელიც ამავდროულად, უდავოდ წარმოადგენს მსოფლიო გასტრონომიული ტენდენციების ბარომეტრს. თანამედროვე გასტრონომიულ სამყაროში 50 Best Restaurant ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული რეიტინგია, რომლის სიაში მოხვედრა მთელი გასტრონომიული სამყაროს ყურადღების ცენტში აღმოჩენის ტოლფასია. ყოველწლიური ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოს წამყვან შეფებს, ექსპერტებს, კრიტიკოსებსა და სფეროს სხვა პროფესიონალებს ერთ სივრცეში უყრის თავს, გასტრონომიული სამყაროს მთავარ მოვლენად მიიჩნევა, რადგან სწორედ აქ წყდება უამრავი რესტორნისა თუ შეფის ბედი, იწყება მათი წარმატების გზა და იხსნება კარი ახალი შესაძლებლობებისთვის.
2019 წელს, სინგაპურმა უმასპინძლა 50 Best restaurant-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალს, სადაც „გასტრონავტის“ გუნდის წევრები იყვნენ მიწვეულნი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ გასტრონომიული სამყაროს „ოსკარების ცერემონიად“ წოდებულ ღონისძიებას, სადაც საშუალება მოგვეცა გაგვეცნო სფეროს წამყვანი პროფესიონალები და მათთვის მოგვეყოლა საქართველოს შესახებ.
სულ ცოტა ხნის წინ კი, საქართველოს სწორედ 50 Best Restaurant-ის კონტენტდირექტორი, უილიამ დრიუ ესტუმრა, სადაც „გასტრონავტის“ გუნდმა მას ოჯახით უმასპინძლდა. უილიამთან ჩაწერილმა ინტერვიუმ კი საშუალება მოგვცა გასტრონომიული გიგანტის კულისებს მიღმა შეგვეხედა.
როგორია 50 Best Restaurant-ის ისტორია?
ყველაფერი დაიწყო 2002 წელს, ლონდონში, ბრიტანული ჟურნალის ფურცლებზე, სადაც ქვეყნდებოდა მსოფლიოს რესტორნების რეიტინგი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით, შეფების, რესტორატორების, გურმანებისა და რესტორნის კრიტიკოსების აზრებზე დაყრდნობით დგინდებოდა. წლიდან წლამდე სია უფრო და უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდებოდა. ის გახდა გასტრონომიული აღმოჩენების წყარო და როცა გასტროტურიზმიც მსოფლიო მასშტაბით წარმოუდგენლად პოპულარული გახდა, ამასობაში 50 Best Restaurant-იც უფრო პატივსაცემი და გავლენიანი ხდებოდა. სწორედ ასე იქცა ეს ბრენდი გურმანებისა და მომავალი შეფების კომპასად და შთაგონების წყაროდ, აჩვენა რა, მსოფლიოს გასტრონომიული მრავალფეროვნება და კოპლექსურობა. დღეს, 50 Best Restaurant აღარ არის მხოლოდ საუკეთესო რესტორნების სია. ჩვენ განვვითარდით სხვადასხვა მიმართულებით და გვაქვს პროექტები, როგორებიცაა: 50 best talks, 50 best expores, 50 best bars და ა.შ.
რა არის 50 Best Restaurant-ის მისია? რა იდეა გამოძრავებთ?
ჩვენი უპირველესი მისია ადამიანებისა და სხვადასხვა კულტურის დაკავშირებაა, სამზარეულოს იმ უნივერსალური ენით, რომელიც განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ წარმომავლობისა, ყველასთვის გასაგები და მისაღებია. გასტრონომიული კულტურით, ხშირად მთლიანი ქვეყნის კულტურის შეცნობა შეიძლება და ასეა ქართული სუფრის ტრადიციის შემთხვევაშიც. ის მთელი ქვეყნის განვითარების ისტორიასა და კულტურას ასახავს. ჩვენ ვიყენებთ საკუთარ გავლენას გასტრონომიულ სამყაროზე, პოზიტიურად, და ვახდენთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას. გასტრონომიის სამყაროს კლასიკადქცეული ქვეყნების გარდა, მსოფლიოს გარშემო ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია, რომელთა შესახებაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ. ჩვენც სწორედ ამით ვართ დაკავებულნი და გასტროტურისტებს და ახალი სამზარეულოს აღმოჩენის მსურველებს მუდმივად ვთავაზობთ ახალ და აქამდე უცნობ ადგილებს.
როგორ დგება 50 Best Restaurant-ის სია, რომელიც მთელ გასტრონომიულ სამყაროს განსაზღვრავს?
სიაში მოსახვედრად არ არსებობს არავითარი კრიტერიუმი. არ ხდება რაიმე სახის განცხადების შეტანა ან რეგისტრაცია. ნებისმიერი რესტორნის ბედი მსოფლიოს ირგვლივ არსებული ანონიმური ხმის მიმცემების ხელშია. თავდაპირველად, ყველაფერი პირადი ძალებით, საერთაშორისო პერსონალური ზარებით და ე.წ. world of mouth ით დაიწყო, შემდეგ კი, რაც უფრო გავიზარდეთ და მეტი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა, ჩვენც ცვლილებები განვახორციელეთ მთელ პროცესში. სიის შესადგენად, მსოფლიო დავყავით 26 რეგიონად, რომელთაც ჰყავთ თავიანთი თავმჯდომარეები, ისინი კი თავის მხრივ 40 დამოუკიდებელ ანონიმურ ხმის მიმცემებს არჩევენ, რომელთა რიგებში შეფები, სომელიეები, რესტორატორები, კრიტიკოსები და სხვა სფეროს მცოდნე ადამიანები არიან. ისინი თავიანთი სუბიექტური აზრით ანონიმურ პლატფორმაზე ასახელებენ 10 საკუთარ რჩეულ ადგილს, რომელთაგან მინიმუმ ოთხი უნდა იყოს მათი მშობლიური რეგიონის ფარგლებს გარეთ. 26-ივე რეგიონიდან შეკრებილი 1000-მდე ხმის მიმცემის შედეგების მიხედვით კი, საბოლოო სია დგება. ყოველ წელს აღნიშნულ ხმის მიმცემთა მინიმუმ 25% იცვლება, ხოლო გენდერული ბალანსი მკაცრადაა დაცული და 50/50-ზე გადანაწილებით განისაზღვრება.
როგორ არჩევთ მასპინძელ ქვეყანას დაჯილდოების მთავარი ღონისძიებისთვის?
2002 წლიდან 2016 წლამდე, ყოველწლიურად ლონდონი მასპინძლობდა აღნიშნულ ღონისძიებას, თუმცა რაც უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს ვაღწევდით, მიხვდით, რომ საჭირო იყო საზღვრები სრულიად გაგვექრო და მას შემდეგ სხვადასხვა კონტიტენტზე ვმოგზაურობთ. თავიდან იყო ამერიკა, შემდეგ ავსტრალია, ევროპა, წელს აზია და ახლა ისევ ევროპაში ვბრუნდებით, კერძოდ კი ბელგიაში. ვცდილობთ ნაკლებად ცნობილი ქვეყნები ავარჩიოთ, რომელთაც კიდევ ბევრი აქვთ სათქმელი, ეს მათი გასტროტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს.
როგორია „ახალ ქვეყანასთან“ თანამშრომლობის ეტაპები?
ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ აღმოჩენებს, მეორე მხრივ კი თვითონაც იჩენენ დაინტერებული ქვეყნები ან კონკრეტული ადამიანები ინიციატივებს. ასე მოხდა საქართველოს შემთხვევაშიც და თქვენს ქვეყანაში „გასტრონავტის“ ინიციატივით მოხდა ჩვენი პირველი დაკავშირება. შემგომი ნაბიჯებია ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და თუ პოტენციალს დავინახავთ, უკვე კონკრეტული პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. სწორედ ამ მიზნით ჩამოდის 50 Best Explores 2020 წელს საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს წამყვანი შეფები და სომელიეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, შემდეგ კი ისინი თქვენს ქვეყანას მსოფლიოს გააცნობენ. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ვიზიტისადმი დაინტერესება მაშინვე წამოვიდა ჩვენი პარტნიორი შეფებისა და განსაკუთრებით სომელიეების მხრიდან. დარწმუნებულები ვართ, რომ საინტერესო ისტორიას გავუზიარებთ მსოფლიოს საქართველოს გასტრონომიული კულტურის სახით.
როგორია თქვენი წარმოდგენა საქართველოზე და რა სახის რეკომენდაციებს გაგვიწევდით? როგორ უნდა გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის გასტრონომიული კულტურა?
საქართველოში სტუმრობამდე ცოტა რამ გაგონილი მქონდა თქვენს ქვეყანაზე და ხაჭაპურზეც, თუმცა აჭარული ხაჭაპურის გემომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. თქვენი გასტრონომიული კულტურა ძალიან მრავალფეროვანია, მასში იდეალურადაა ასახული დასავლური და აღმოსავლური კულტურის უნიკალური სინთეზი, თუმცა ეს ყველაფერი ძლიერი ავთენტური ხასიათითაა გაჯერებული. ქვევრის ღვინო და სუფრის ტრადიცია კი საქართველოს კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძურია. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მსოფლიოს გააცნოთ და შეაყვაროთ, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება აუცილებელია. თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოთ ტრადიციები, რომლებიც გხდით უნიკალურს, თუმცა მეორე მხრივ უნდა შეძლოთ მათი სხვა კუთხით წარმოჩენა და საინტერესოდ შეფუთვა, რათა მიმზიდველი გახადოთ თქვენი გასტრონომიული კულტურის თითოეული ელემენტი საერთაშორისო სტუმრისთვის.
ავტორი: მარიამ ფირცხალაიშვილი