ეს ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა მოყოლას ჩემი ბავშვობიდან დავიწყებ... ჩემს ოჯახში ყოველთვის იყო საუბარი გიორგი პაპაშვილის ამბავზე, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა და საქმიანობდა. კარგად მახსოვს, როგორ ყვებოდა მამა თავის დიდ ბაბუაზე, რომელიც ამერიკაში წარმატებული მოქანდაკე და მწერალი გახლდათ. გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს ისტორია ლეგენდასავით ჟღერდა და ოჯახის სხვა წევრები ამ მონათხრობს ეჭვის თვალით უყურებდნენ. ეს იყო ფანტასტიკა და ხელშეუხებელი რეალობა, რომლის ნამდვილობის დადასტურება იმ დროს შეუძლებელი გახლდათ.
2000 წლები დადგა, ინტერნეტმაც მოიკიდა ფეხი და მეც ამასობაში წამოვიზარდე. ახლაც მახსოვს, პირველად საძიებო სისტემა Google-ის შესახებ რომ გავიგე და მაშინვე, რაც მოვძებნე, იყო ჩემი ბავშვობის ორი მისტიკური სიტყვა − გიორგი პაპაშვილი. მაშინვე გაქრა ყველა ეჭვი და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანზე უამრავი ინფორმაცია, სტატია და ჩანაწერი გადაიშალა ჩემ თვალწინ. მაშინ მივხვდი, რომ ეს არათუ არ იყო ლეგენდა და მითი, არამედ ძალიან სერიოზული მემკვიდრეობა გახლდათ. დიდ ბაბუაზე მოსმენილი ლეგენდების შემდეგ, ამ აღმოჩენამ მიმახვედრა, რომ „ყველაფერი შეიძლება მოხდეს...“
სწორედ ასე ჰქვია გიორგი პაპაშვილის წიგნს Anything can happen, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, მეოცე საუკუნის ემიგრანტების ბიბლიად იქცა. ეს იყო გიორგის ავტობიოგრაფიული წიგნი სამშობლოს მონატრებაზე, ემიგრაციასა და ნოსტალგიაზე, რომელიც მელანქოლიურ, თუმცა ამავე დროს, კომედიურ ხასიათს ატარებდა. წიგნში გიორგის მთელი ცხოვრებაა აღწერილი: თუ როგორ მოხვდა ამერიკაში, როგორ დაიწყო იქ ცხოვრება, როგორ შეირთო შემდგომში საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ამერიკელი ელენა ცოლად, როგორ გამოიმუშავებდა საარსებო წყაროს და როგორ უმკლავდებოდა სამშობლოსგან სიშორეს. წიგნმა უმნიშვნელოვანესი აღიარება მოიპოვა, ითარგმნა 15 ენაზე და 1945 წლის საუკეთესო გაყიდვადი წიგნების სიაშიც მოხვდა. დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ წიგნზე საავტორო უფლებები Paramount Pictures-მა შეიძინა, სცენარის ავტორად გიორგი მიიწვიეს და 1952 წელს ჰოლივუდის დიდ ეკრანებზე გამოვიდა ფილმი იმავე სახელწოდებით − Anything can happen, „ოსკაროსანი“ მსახიობების − ჰოსე ფერერისა და კიმ ჰანტერის მონაწილეობით. ინგლისურ ენაზე შექმნილმა ჰოლივუდურმა ფილმმა, რომელშიც ისმის სიტყვები − „მე ვარ გიორგი პაპაშვილი, მე ვარ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან, საქართველოდან, კერძოდ კი ქართლის რეგიონიდან, ეს კი ხინკალია“, „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოვდა და წიგნთან ერთად ამერიკულ კინოსამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
გარდა მწერლობისა, ის ამერიკის მასშტაბით ძალიან ცნობილი მოქანდაკეც გახლდათ, რომელმაც 700-მდე უნიკალური საავტორო ქანდაკება შექმნა. გიორგი პაპაშვილს არასდროს უსწავლია ეს საქმე, ის თვითნასწავლი ხელოვანი იყო და ეს ხელობა არა ჰობი, არამედ რეალური პროფესია და ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ხაზი გახდა. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო კუთხით თვითნასწავლ ქართველ ხელოვანთა რიგებში ნიკო ფიროსმანსა და გიორგი პაპაშვილს ერთად მოიხსენიებენ.
ახლა, როცა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და მე საკუთარი თავი გასტრონომიაში ვიპოვე, ამ ისტორიაში უფრო და უფრო მეტ შთაგონებას ვპოულობ. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელმაც ჩემზე გავლენა იქონია, იყო გიორგის კავშირი ქართულ გასტრონომიასთან, რომელიც როგორც წიგნის ფურცლებზე, ასევე ფილმის თითოეულ სცენაში კარგად იგრძნობა. აღმოჩნდა, რომ ამერიკაში ჩასვლისას, ნიუ-იორკში მზარეულად დაიწყო მუშაობა ქართულ რესტორან „ყაზბეგში“. შემდეგ ქართულ დიასპორასთან ერთად შუაგულ შტატებში ხინკლის ბიზნესიც წამოიწყო. არსებობს კიდევ ბევრი მსგავსი ისტორია, თუმცა ყველაზე დიდი აღმოჩენა თურმე წინ მელოდა.
ასე მივაგენი გიორგი და ელენა პაპაშვილების კულინარიული რეცეპტების წიგნს, რომელიც საბჭოთა კავშირში შემავალი სხვადასხვა საინტერესო რეგიონის ავთენტურ სამზარეულოებსა და რეცეპტებს აერთიანებდა. სწორედ ამ მომენტიდან დავინახე ჩემთვის აქამდე ხელოვანი, მწერალი და მოქანდაკე, გიორგი პაპაშვილი ახალ ამპლუაში.
წიგნზე ერთად მუშაობდნენ გიორგი და მისი მეუღლე ელენა, რომელიც საქართველოსადმი დიდი ინტერესის გამო ქართველოლოგიც კი გახდა. ტექტების უმეტესი ნაწილი ელენას ეკუთვნის, თუმცა წიგნშიც ნახსენებია, რომ კავკასიის რეგიონისა და განსაკუთრებით კი საქართველოს ნაწილი სწორედ გიორგის მიერაა დაწერილი. წიგნში აღწერილია ქართული სუფრის უნიკალური ტრადიცია, ნახსენებია მწვადი, როგორც კერძი, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ამზადებენ; ხაჭაპური თავისი სხვადასხვა ფორმითა და ზომით, რომელსაც რეგიონულობა განაპირობებს; გოზინაყი, ჩურჩხელა, ბაჟე, ტყემალი, სხვადასხვა სუნელი და ასევე ფხალის ისეთი სახეობები და პროდუქტები, რომელთა ქართულ კულინარიაში თავიდან დაბადება სწორედ ახლა იწყება. ასეთია მაგალითად, ღანძილი, სატაცური და დანდური, რომელიც გიორგის თქმით, მან ამერიკაში სრულიად სხვა სახელითა და ფუნქციით აღმოაჩინა.
გაირკვა, რომ ამერიკელები დანდურს ღორების საჭმელად იყენებდნენ, გიორგიმ კი იმ დღის შემდეგ, თავის ოჯახში დანდურის ფხალის მომზადებას მიჰყო ხელი. გიორგი წიგნში იხსენებს, რომ ბავშვობიდანვე ასწავლიდა მამა საჭმელების მომზადებას. ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ოჯახისთვის მთავარი ტრადიციული სიმბოლო სუფრა და მასთან დაკავშირებული კულტურაა. წიგნში მოთხრობილია ცნობილი ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ გამორჩათ ღმერთის სადიდებლად სუფრას შემომსხდარ ქართველებს, დედამიწაზე მიწების წილისყრის პროცესი და ბოლოს ღმერთმა მათ თავისთვის შემონახული სამოთხე დედამიწაზე − საქართველო არგუნა. ამით ის საინტერესო გზით აღწერს ქვეყნის ფლორასა და ფაუნას.
გარდა იმისა, რომ ეს ნაშრომი არის კულინარიული რეცეპტების წიგნი, მასში ბევრად ღრმა მოტივები იკითხება. გიორგის ხელოვნებასთან კავშირი წიგნში ორგანულადაა ასახული. მასში შეხვდებით დახვეწილ და ეპოქისთვის შესაბამის Food styling-ს, რომელიც ზუსტადაა მორგებული წიგნის შინაარსს. ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეული კერძისა თუ პროდუქტის აღწერა იმდენად ზუსტია ტექნიკურ და ემოციურ დონეზე, იმდენად მხატვრულად და ამავდროულად, მეცნიერულადაა აღწერილი, რომ გიორგი პაპაშვილი ძველი დროის Food-ბლოგერად ან Food-კრიტიკოსად თამამად შეიძლება ჩაითვალოს.
დღემდეც კი არ არსებობს ქართული კერძების ასეთ დონეზე შესრულებული ინგლისური აღწერა, როგორსაც ამ წიგნში შეხვდებით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც ამ წიგნში იკითხება, არის ინფორმაცია ქართულ ღვინოზე. იმ პერიოდში არ არსებობდა „ქართული ღვინო“. იყო მხოლოდ ღვინო, რომელიც იწარმოებოდა საბჭოთა კავშირში. ეს წიგნი კი შეიძლება ჩაითვალოს პირველ რეალურ პუბლიკაციად, რომელშიც საქართველო მოხსენიებულია, როგორც ღვინის დაყენების 8000-წლიანი ტრადიციის მქონე კულტურის ქვეყანა და ე.წ. ღვინის აკვანი.
გიორგი პაპაშვილის ცხოვრება − ეს არის ამბავი კაცისა, რომელიც ქართლის პატარა სოფლიდან ჩავიდა ამერიკაში, სადაც საქართველოს მონატრებით ანთებული მუდმივად ცდილობდა ხალხისთვის გაეცნო თავისი ქვეყანა. ყველას დაუზარელად უხსნიდა, რომ ადგილი, საიდანაც ის იყო, არა ამერიკის შტატი, არამედ კავკასიონის მთების ქვეშ მოკალათებული მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანა გახლდათ. წიგნების, ქანდაკებებისა და ფილმების საშუალებით, ის ყოველთვის თავისი ქვეყნის წარმოჩენას ცდილობდა. განა ჰოლივუდის რამდენ ფილმში ისმის ქართველი კაცის სიტყვები: Hello I’m George Papashvily I’m from Kartli and this is Khinkali. რამდენადაც საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართული სამზარეულო წარმოადგენს, გიორგი პაპაშვილისთვის სწორედ ეს უკანასკნელი იყო ქვეყნის გაცნობისთვის მთავარი „იარაღი“ და ზუსტად ამიტომ მოხდა ასე ორგანულად მისი მჭიდრო გადაკვეთა გასტრონომიასთან.
რაც უფრო მეტი და მეტი გავიგე ჩემი დიდი ბაბუის შესახებ, ვხვდებოდი, რომ სიამაყესთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა, როგორც მის ერთადერთ შთამომავალს.
ასე აღმოჩნდა ჩემს ბავშვობაში ლეგენდად მიჩნეული გიორგი პაპაშვილი საქართველოსა და ქართული გასტრონომიის ერთ-ერთი პირველი ელჩი მსოფლიო მასშტაბით.
ავტორი: ლალი პაპაშვილი