გასტრონომიის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი „ბოკუზ დორი“ ლიონში, „სირას“ გამოფენის ფარგლებში, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება, სადაც ორწლიანი მზადების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 24 საუკეთესო კულინარი უზარმაზარი აუდიტორიისა და აღიარებული შეფმზარეულებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე გამორჩეული არომატების შერკინებაში მონაწილეობენ.
რევოლუციური გასტრონომიული კონკურსის სულისჩამდგმელმა, საუკუნის შეფმზარეულმა, პოლ ბოკუზმა „ბოკუზ დორი“ 1987 წელს დააარსა, რომლის შთაგონებად სპორტული შეჯიბრება ექცა. ბოკუზმა ასეთივე აზარტული და დინამიკური შოუს შექმნა კულინარიის მოყვარულებისა და გამოცდილი შეფებისთვისაც განიზრახა.
პოლ ბოკუზის კარიერული გზა ისეთივე ბრწყინვალეა, როგორიც თავად კონკურსის მასშტაბურად გავლენიანი იმიჯი; შეფმზარეულის რეპუტაციას საფუძველი სონას სანაპიროზე მდებარე რესტორან „ობერჟში“ ჩაეყარა. იქ, სადაც ფრანგი ოსტატი მშობლიური ქვეყნის სამზარეულოს სრულყოფილებამდე გემრიელ კერძებს რეგიონული პროდუქტებითა და სიმარტივით ამზადებდა, თუმცა უნიკალური შედეგი სტუმრებს ყოველ ჯერზე აღტაცებას გვრიდა.
50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საუკუნის შეფი ერთგულ გუნდს მის ფილოსოფიას უზიარებდა. დღესდღეობით კი სწორედ ეს გუნდი მუშაობს და ცდილობს, რესტორან „ობერჟში“ კვლავაც იგრძნობოდეს პოლ ბოკუზის არსებობა. ითვალისწინებენ იმას, რაც შეფმზარეულის მთავარ პრინციპებს წარმოადგენდა: შეუჩერებელი სწრაფვა სრულყოფილებისკენ, სტუმართმოყვარეობა, სულგრძელობა და ფრანგული სამზარეულოს უპირობო სიყვარული.
შეფი ბოკუზი ბუნებით ყოველთვის სიახლეების მოყვარული იყო და მომავლისკენ დაუოკებელი სწრაფვა ახასიათებდა. ამავე ჟინით გამსჭვალული მონაწილეები ახლა „ბოკუზ დორის“ შეჯიბრში ასპარეზობენ და საკუთარი თავისა თუ სამყაროსთვის მათში გამორჩეული ტალანტის არსებობის დამტკიცებას ცდილობენ.
მაყურებლების ენთუზიაზმი და მუხტი კონკურსს განსაკუთრებულ ეფექტს სძენს. ათასობით მოყვარული ღონისძიებას ესწრება და საყვარელ შეფმზარეულსა თუ ქვეყანას მხარს უჭერს. ფრიალებს სხვადასხვა დროშა, ისმის ნაციონალური ჰიმნები და გამამხნევებელი შეძახილები. ხმაური კულმინაციას აღწევს მაშინ, როდესაც დგება პლანეტის საუკეთესო შეფის დასახელების მომენტი. წოდება, რომელიც შეფმზარეულსა და ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს, მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამშვენებს!
იმისათვის, რომ საქართველოსაც ჰქონოდა შესაძლებლობა გამხდარიყო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის წევრი და სამყაროს წინაშე ქართული სამზარეულოს უნიკალურობა თავად წარედგინა, „გასტრონავტმა“ 2-წლიანი დაუღალავი შრომა გასწია. შეძლო და გააერთიანა ამ სფეროში დაკავებული ადამიანები, შექმნა ჯგუფი, რომელსაც შესაძლებლობა ექნებოდა ქართული სამზარეულო და ღვინო − ქართული კულტურა წარედგინა ისეთ მნიშვნელოვან გასტრონომიულ გამოფენაზე, როგორიც Sirha 2019-ია და რომლის ფარგლებშიც პარალელურად მსოფლიო კულინარიული ჩემპიონატი − Bocuse d’Or ტარდება.
ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა განვითარების პერსპექტივისა და დიდი პოტენციალის მქონე, ახალგაზრდა შეფმზარეულებისგან დაკომპლექტებული გუნდი და საფუძველი ჩაეყარა პროექტს, სახელწოდებით Georgia * The Art of Feast − საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნება; შეიქმნა პროექტის კონცეფცია, ლოგო, ბრენდინგი, სტენდი და რაღა თქმა უნდა, საკვების მენიუ.
„გასტრონავტის“ ძალისხმევით, „სირას“ გამოფენას წელს საქართველოც შეუერთდა, სადაც 20 000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა ქართულ კულინარიასა და კულტურას. 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოში პირველად გაიმართება Bocuse d’Or-ის პირველი ქართული ნაციონალური შესარჩევი კონკურსი − Bocuse d’Or Georgia, გამარჯვებული კი კონტინენტურ ნახევარფინალზე ტალინში გაემგზავრება.