პროფესიით თეატრისა და კინოს მხატვარი ნინო სურგულაძე მრავალი წელია საყვარელ სფეროს ემსახურება. პარალელურად, ბიზნესადმინისტრირების მომსახურებას სხვადასხვა კომპანიას უწევს, ასევე ხელმძღვანელობს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ადმინისტრაციას, საქმიანობის ორმხრივ მიმართულებას კი პატარა საცხობის − „იო ე ტეს“ გახსნით ახალი გამოწვევა შემატა. ნინოს ოჯახის თაობებისა და კულინარიის მჭიდრო ურთიერთობა თბილისში ახალი კაფე-საცხობის, „იო ე ტეს“ დაარსებას უძღოდა. სხვადასხვა საინტერესო, დროში გამოცდილი რეცეპტით შექმნილი პროდუქტი ბრენდის სავიზიტო ბარათია.
„იო ე ტე“ სულ ახალი, ჯერ მხოლოდ 3 თვის გახსნილი კაფე-საცხობია. როგორია წინარე ისტორია, რომელმაც მისი შექმნა განაპირობა?
ჩვენი ოჯახის წარმომადგენლებიდან არაერთი შესანიშნავი კულინარია. მახსოვს ბებია, რომელიც მრავალკაციან სუფრას სახელდახელოდ უმკლავდებოდა. გემრიელი კერძების რეცეპტები მისგან ჩემმა მამიდამ, ქეთი სურგულაძემ შემოინახა და დღეს „იო ე ტეს“ განსაკუთრებული ხაჭაპურის მომზადებას სწორედ ამ ფაქტს უნდა ვუმადლოდეთ. მეც ყოველთვის ვიჩენდი ინტერესს ქართული სამზარეულოს მიმართ, თუმცა მასთან არატრადიციული სინთეზი მხიბლავს, ამიტომაც ჩემი და მამიდას მიერ გაშლილი სუფრა საინტერესო გემოს ნაზავი იყო.
ჩვენს პროდუქტს − დესერტებსა და ცომეულს, მომხმარებელი დიდი ხანია იცნობს. სხვადასხვა კერძს ოჯახში ვამზადებდით და ადგილიდან გავცემდით. გარკვეულ ხანს ასე გაგრძელდა...
მაშინ, როცა აღდგომის მორიგი დღესასწაული მოახლოვდა და ჩვეული სამზადისი დაიწყო, ჩვენი ტრადიციული პასკის მომზადებას შევუდექით, რომლის რეცეპტიც იმ დროიდან მოდის, როცა კომუნისტური რეჟიმის ჟამს, წინასააღდგომო მზადება მაინც გულისხმობდა კვერცხის შეღებვასა და გემრიელი პასკის გამოცხობას. მოცემულობის მიუხედავად, ყოველთვის დგებოდა გამოუცხადებელი შეჯიბრის დრო − ვისი პასკა იქნებოდა მეტად არომატული.
ოჯახში ასეთი ძველი რეცეპტები გავაცოცხლეთ და პასკის ორ ვარიანტზე შევჯერდით. მათი საერთო მახასიათებელი სანელებლების საჭირო დოზირებაა. დოზების სწორი გადანაწილება ჩვენს კლასიკურ გემოს ქმნიდა, რომელიც მუდმივად იმსახურებდა სტუმრების აღფრთოვანებას. პასკის ცხობისას მთავარი პრინციპი მისი სიყვარულით მომზადებაა. ქათინაურებით კვლავაც სასიამოვნოდ გაოცებულები, კიდევ ერთხელ დავფიქრდით, გაგვეხსნა ობიექტი, სადაც აღნიშნულ პრინციპს ჩვენს უამრავ რეცეპტს მოვარგებდით და პროდუქტების დაგემოვნებას ბევრად მეტი სტუმარი შეძლებდა. ამ იდეით შეიქმნა „იო ე ტე“.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი ღერძი, რომლის გარშემო „იო ე ტე“ ბრუნავს?
მარჯანიშვილის თეატრის მხატვარი ვარ და მაშინ, როცა ლევან წულაძესთან ერთად ბოლონიაში სპექტაკლის გასაფორმებლად წასვლა მომიწია, იქ მცირე ხანი დავყავი, ვაკვირდებოდი ამ არაჩვეულებრივ ქალაქს, რომელიც იტალიაში ერთ-ერთი გამორჩეული კულინარიული ცენტრია. ვხედავდი, რომ იმ სამახსოვრო გემოების მიღმა, რომელიც ჩემს საყვარელ რესტორნებს ახასიათებდა, ოჯახები იდგნენ – საკმაოდ ასაკოვანი ქალბატონები თუ მამაკაცები სამზარეულოში საკუთარი ხელით ამზადებდნენ პასტას. სწორედ ამიტომ, მარტივად მოსამზადებელი ბოლონეზეც კი ყველა ობიექტზე სხვადასხვა გემოსი იყო, მთავარი კი მათი ინდივიდუალური ხელწერა გახლდათ.
ჩვენი ხალხის განთქმული ხაჭაპურის გემო კი, რომელსაც ტურისტი საქართველოში გასინჯავს, არ არის ის, რასაც ოჯახებში ვამზადებთ. ამიტომ გადავწყვიტე, პირადად ჩვენი ოჯახისთვის დამახასიათებელი გემოს ხაჭაპურის შეთავაზებით, საკუთარი ზოგადი იდეაც წარმოგვეჩინა, გვეჩვენებინა ნამდვილი, „ოჯახური“ გემო. მენიუ თანდათან გაიზარდა, ჩამოყალიბდა და ასახავს ერთი ქართული ოჯახის სამზარეულოს.
კონკრეტულად რას სთავაზობს „იო ე ტე“ მომხმარებელს?
კაფე-საცხობში წარმოდგენილია ცომეული და ნამცხვრები, მათ შორის ვეგეტარიანული საკვებიც. შეკვეთით ვამზადებთ ტორტებსაც. თითოეული პროდუქტის მთავარი ეფექტი გემოა, რომელიც ოჯახში მზადდება და თუ მათ სტუმარს მიართმევთ, ვერავინ გაარჩევს, რომ შესაძლოა, ის თქვენი მომზადებული არ იყოს. ასეთი სასიამოვნო გემოს ნიშანთვისება ჩვენი სავიზიტო ბარათია.
არომატი ნებისმიერ ხასიათს ერგება, ასორტიმენტი ფართოა. ტკბილეულის შეთავაზებისას აქ შეხვდებით როგორც მსუყე, ასევე მსუბუქ დესერტებს, მათ შორის უამრავ ევროპულ რეცეპტს, რომელიც ქართულ რეალობასაა მორგებული და საინტერესო ვარიაციის საშუალებას იძლევა. მაგალითისთვის, ასეთია მაწონზე დამზადებული პანაკოტა ან ტარტი ე.წ. ფენოვანის ძირით, არაჟნის კრემითა და შოკოლადის სქელი ტოპინგით.
როგორია გუნდის ყოველდღიური მონაწილეობა „იო ე ტეს“ საქმიანობაში?
დილით ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, გეგმებს ვსახავთ. რაც მთავარია, „იო ე ტეს“ ფაქტობრივად ოჯახი მართავს და ეს გუნდზეც აისახება − ყველა ერთმანეთის მეგობრად ვიქეცით. მაშინაც, როცა მენეჯერს თავად ვარჩევდი, მთავარი კრიტერიუმი იყო, მას თავი ახლობელ გარემოში ეგრძნო და მისთვის ამპლუაში ყოფნა არა მხოლოდ სამსახურში მსახურება ყოფილიყო, არამედ გარემოში თანაარსებობა, სადაც მისვლა გაუხარდებოდა. ვფიქრობ, სტუმრებსაც „იო ე ტეში“ ვიზიტი სწორედ განწყობების გამო მოსწონთ − აქ ატმოსფერო თბილი და ლაღია.
მე უფრო მეტად საქმის საორგანიზაციო ნაწილში ვარ ჩართული, უზრუნველვყოფ მარკეტინგული და დიზაინერული ასპექტების ხელმძღვანელობას, რაც მთავარია − დეგუსტაციასაც, რადგან მაშინ, როცა გემო თავად ძალიან მომწონს, მეტი გულახდილობითა და სილაღით შემიძლია მოვიწვიო სტუმრები „იო ე ტეში“.
რასთან გსურთ ასოცირდებოდეს მომხმარებლისთვის „იო ე ტე“?
უპირველესად, მინდა ეს სახელი სანდოობასთან იგივდებოდეს. დიდი სურვილი მაქვს, აქ ეგულებოდეთ ის, რაშიც დარწმუნებული იქნებიან, რომ არის ხარისხიანი და გულით მომზადებული.
აღნიშნავენ, რომ „იო ე ტე“ მათი ბავშვობის გემოსთან ბმაშია. ალბათ, ამის მიზეზი კვლავაც „ოჯახურად“ მომზადებული პროდუქტია. პატარა საცხობი გვაქვს, მაქსიმალურად ვართ ხარისხზე ორიენტირებული და ხარისხის მოკლების უფლებას თავს ვერასოდეს მივცემთ. ეს მთავარი პრინციპია და ვისურვებდი განსაკუთრებული აქცენტი მომხმარებლის ცნობიერებაში ამაზე იყოს გამახვილებული.
„იო ე ტე“ იტალიურიდან ითარგმნება, როგორც „მე და შენ“. რატომ შეარჩიეთ ეს დასახელება?
სახელწოდებაზე ბევრი ვიფიქრეთ, არაერთი ვარიანტი განვიხილეთ, თუმცა თითქოს არაფერი გულთან ახლოს არ მოდიოდა, ვიდრე სწორედ ამ დასახელებამდე არ მივედი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თეატრისა და კინოს ორბიტაზე ვტრიალებ − კვლავაც „იო ე ტეს“ გემოს გათვალისწინებით (რომელიც ქათინაურად მიიღება, რომ ბავშვობის ტკბილ გემოსთან ასოცირდება), მომაგონდა ბერტოლუჩის ფილმი, სახელწოდებით „იო ე ტე“, პატარა და-ძმის ამბავი, მათი მოგონებებითა და განცდებით. ყველაზე ახლოს სასურველ სახელწოდებასთან ასე მივედი.
როგორ გეხმარებათ თქვენი პროფესია ახალ საქმიანობაში?
უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ნებისმიერ შთაგონების წყაროს ჩემს პროფესიაში ვპოულობ. „იო ე ტეში“ გვაქვს ნამცხვარი „პავლოვა“, რომელიც ბებია ნასტიას რეცეპტით მზადდება და მისი ვიზუალი ძალიან მივამსგავსეთ ბალერინა ანა პავლოვას საბალეტო კაბას. კოსტიუმების მხატვრისთვის კულინარია მრავალმხრივ საინტერესო სფეროა.
რითი აღმოჩნდა „იო ე ტეს“ ხელმძღვანელობა თქვენთვის საინტერესო გამოწვევა?
ბიზნესგამოცდილებასა თუ თეატრისა და კინოს სამხატვრო საქმიანობაში მე დაქირავებული თანამშრომელი ვიყავი, „იო ე ტეს“ შემთხვევაში კი ბიზნესისა და თავისუფალი აზროვნების კომბინაციით საკუთარი საქმე გამიჩნდა. ეს დიდი ბედნიერებაა.
რაც მთავარია, ამ საქმემ მთელი ოჯახი კიდევ უფრო გაგვაერთიანა და გაცილებით მეტ დროს ვატარებთ ერთად. ჩემი შვილებიც კი ირიბად არიან ჩართულნი ჩემს ახალ ბიზნესში, მთავაზობენ იდეებს და ყველა ცდილობს, რამენაირად დამიდგეს გვერდით.
საცხობის გარდა, „იო ე ტე“ კაფეს კონცეფციასაც გვთავაზობს. რაზეა გამახვილებული მთავარი აქცენტები ამ მხრივ?
ძირითადი ორიენტირი კაფეში საუზმე და სადილია. ასევე კაფეს მთავარი ხიბლი განსაკუთრებული ყავის არომატიცაა, რომელიც ინგლისში იხალება და ე.წ „სფეშელთი“ ყავა „კატალისტა“ გვაქვს წარმოდგენილი. სპეციალური მოლდითა და ქართულ გემოზე სწორებით, მარჯანიშვილის 8 ნომრიდან ვმარაგდებით. აღსანიშნავია ქართული ღვინო ჩემი მეგობრის მარანიდან „დენიელი ვაინერი“, რომელიც ეტიკეტირებულიცაა „იო ე ტესთვის“.
კაფეში მყუდრო ინტერიერია, ძველებური დიზაინითა და კლასიკური ჯაზით გაფორმებული. ვფიქრობ, აქ სტუმარი სიმშვიდეს იპოვის.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მართალია სულ ახალი წამოწყება გვაქვს, თუმცა გეგმები მაინც დასახულია. გვინდა შემოდგომისას ახალი ფილიალი შემოგვემატოს, ასევე გაიზარდოს ივენთკომპანიებთან თანამშრომლობა და ქეითერინგის სერვისის მასშტაბებიც. ამჟამად 100-200 კაცზე გათვლილი სუფრის დესერტით მომარაგება შეგვიძლია. გვინდა, ეს ციფრები გავზარდოთ.
გაიზრდება და ყოველ ეტაპზე განახლდება „იო ე ტეს“ მენიუც. ამაზე მუშაობა გამუდმებით მიმდინარეობს. ჩვენი არსებობის სულ მცირე დროის განმავლობაში, მომხმარებლის სურვილები მაშინვე გამოიკვეთა. მიხარია, რომ საკუთარი საქმიანობით ვცდილობთ, მათ მოთხოვნებზე მაქსიმალურად ვკონცენტრირდეთ.