სულ ახლახან საქართველოს ცნობილი ინდონეზიელი შეფმზარეული, რესტორატორი, მოდელი და ტელეწამყვანი ფარაჰ ქუინი ესტუმრა. გავლენიანმა აზიელმა რესტორატორმა, რომელიც ყველაფერთან ერთად საოცრად ლამაზია, კულინარია ჰობად და ცხოვრების სტილად აქცია და ეს მიდგომა საკუთარი ტელეშოუს საშუალებით მთელ რეგიონში ძალიან პოპულარული გახადა. მოგზაურობა, ახალი ქვეყნებისა და სამზარეულოების აღმოჩენა და მათი სოცქსელებში პოპულარიზაცია ფარაჰის გატაცებაა, რასაც საქართველოს შემთხვევაში კიდევ უფრო აქტიური ხასიათი აქვს. რატომ? იმიტომ, რომ უმშვენიერესი ინდონეზიელი შეფმზარეული უბრალოდ შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე და სამზარეულოზე. ულამაზეს ფარაჰს ქართული OK! რესტორან MARANI-ს ტერასაზე გაესაუბრა.
ფარაჰ, მოგვიყევით თუ შეიძლება, როდის გაგიჩნდათ თქვენი პროფესიის მიმართ ინტერესი?
კერძების მომზადება ყოველთვის მომწონდა. დედა არაჩვეულებრივი მცხობელი იყო და მთელი ბავშვობა ვაკვირდებოდი, როგორ ფანტასტიკურ ნამცხვრებს აცხობდა ხოლმე. დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როცა იმდენად დავინტერესდი, რომ კითხვებიც კი დავუსვი. შემდეგ უკვე თავად დავიწყე კერძებისა და დესერტის მზადება. თავიდან მხოლოდ სამოყვარულო დონეზე. როდესაც სასწავლებლად აშშ-ში წავედი და საფინანსო ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, მაშინაც მზარეულობა კვლავ ჩემს დიდ გატაცებად რჩებოდა. ამის შემდეგ პროფესიულად დავეუფლე საკონდიტრო ხელოვნებას და ამერიკაში, სასტუმრო-რესტორანში ვმუშაობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შემდეგ დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში − ინდონეზიაში, შევხვდი ერთ-ერთ სატელევიზიო პროდიუსერს და ასე მოვხვდი ტელევიზიაში საკუთარი შოუთი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია და მთელი ჩვენი რეგიონი უყურებს − სინგაპური, მალაიზია, ფილიპინები...
გვითხარით, ყველაზე მეტად რა გხიბლავთ თქვენს პროფესიაში?
მე ვფიქრობ, ჩემი სამუშაოს საუკეთესო მხარე ისაა, რომ ის სამსახური არ არის, სიამოვნებაა, და ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს. მე, არა მხოლოდ ვამზადებ კერძებს, არამედ კულინარია გადაქცეული მაქვს ცხოვრების სტილად, ცხოვრებისეული რეჟიმის ერთ-ერთ საინტერესო და სასიამოვნო შემადგენელ ნაწილად. შესაბამისად, ბევრნაირ აქტივობასა და კოლაბორაციაში ვარ ჩართული ამ მიმართულებით. ზოგადად, ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნებს და შემდეგ მათ პოპულარიზაციას ვახდენ სოციალური მედიის საშუალებით, სადაც საკმაოდ ბევრი, აქტიური მიმდევარი მყავს. არასოდეს შევწყვეტ საქართველოს პოპულარიზაციას, რადგან აქ პირველი ჩამოსვლის დღიდან შეყვარებული ვარ მასზე. ვფიქრობ, ქართველები საოცარი ხალხი ხართ. რამდენიმე ქართველი ადამიანი ჩემს უახლოეს მეგობრად და ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრად იქცა, ამიტომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში.
ძალიან სასიამოვნოა თქვენგან ამ სიტყვების მოსმენა. ქართულ სამზარეულოზეც გვითხარით თქვენი შთაბეჭდილება, მოგწონთ?
მგონია, რომ ყველა ქვეყანას უნიკალური სამზარეულო აქვს და გამიჭირდება გამოვყო განსაკუთრებული ადგილები, სადაც გამორჩეული კერძები აქვთ, თუმცა საქართველო უდავოდ ერთ-ერთი მათგანია. თქვენს ქვეყანაზე დიდხანს არაფერი ვიცოდი, მაგრამ შემდეგ საქართველოს ელჩმა ინდონეზიაში გამაცნო თქვენი ქვეყანა და ძალიან შემიყვარდა. პირველად საქართველოში კომპანია TIKA TOURS-ის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით ჩამოვედი. აქ ჩამოსვლის შემდეგ გავიცანი ადამიანები, რომლებიც ძალიან იყვნენ ჩართული ქართული ტურიზმის განვითარებასა და მხარდაჭერაში, საქართველოს პოპულარიზაციაში. თქვენი ქვეყნის სამზარეულო უბრალოდ საოცრებაა, უგემრიელესია!
განსაკუთრებით რომელ კერძებს გამოარჩევთ?
არის რამდენიმე სიტყვა, აქ გაგონილი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება: მედოკი, ხაჭაპური და ხინკალი. თქვენი სამზარეულო ძალიან გემრიელია, ხილს და ბოსტნეულს საოცრად არომატული გემო აქვს, თაფლიც კი გამორჩეულად გემრიელია. და საუკეთესო კვერცხი და ომლეტი, რომელიც ცხოვრებაში გამისინჯავს, მივირთვი სვანეთში, უშგულში. ახლაც ვერ ამომიხსნია, რანაირად ჰქონდა იმ კვერცხს ასეთი ნარინჯისფერი გული. არ ვიცი, იქ რითი კვებავენ ქათმებს, ის გემო ახლაც კი მახსოვს...
მიხარია, რომ ასეთი სასიამოვნო მოგონებები გაქვთ. გაგვიმხილეთ, რისი მომზადება გსიამოვნებთ ყველაზე მეტად?
დესერტების. როგორც გითხარით, საკონდიტრო ხელოვნება მაქვს შესწავლილი და მიყვარს დესერტების მომზადებაც და მირთმევაც. მაგრამ ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, სპორტითაც დაკავებული ვარ.
ეს თქვენს სხეულზეც აისახება. ძალიან ლამაზი ხართ. ფარაჰ, თქვენ ერთხელ ლორა ბუშს მოემსახურეთ. გაიხსენებთ ამ შემთხვევას?
დიახ, სიამოვნებით. წლების წინ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო „დიდი რვიანის“ სამიტის სტუმრებისთვის გამართული საღამოს მომზადებაში. ჩემმა მეგობარმა, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ჩართული ამ საპასუხისმგებლო ღონისძიებაში, დამპატიჟა პროექტის ერთ-ერთ შეფმზარეულად. ლორა ბუში მაშინ ამერიკის პირველი ლედი გახლდათ და ლანჩის დროს მე მას დესერტი მოვუმზადე და მივართვი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. რამდენიმე კვირის შემდეგ თეთრი სახლიდან ამ დღის აღსანიშნავი ფოტო გამომიგზავნეს, უკან წარწერით. ეს ფოტო სამუდამოდ დამრჩება საკუთარ რეზიუმეში. ეს ნამდვილად ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული გამოცდილება იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.