წარმოიდგინეთ, რომ პარიზის ყველაზე მდიდრულ ქუჩაზე ლეგენდარულ ტკბილეულს აგემოვნებთ, რომლის სახელწოდება მაკარონია. პატარა ზომის ამ დესერტს ორიოდე ლუკმითაც ერთბაშად მიირთმევდით, რომ არა მისი არომატი, რომელიც უფლებას არ გაძლევთ არ დატკბეთ გემოთი და თავი იმ ისტორიის ნაწილად არ წარმოიდგინოთ, მის უკან რომ დგას.
საკონდიტრო LADURÉE საფრანგეთში მე-19 საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. ლუი ერნესტ ლადუღესა და მისი მეუღლის, ჟან სუშაღდის ერთობლივმა ძალისხმევამ პარიზში პირველი ჩაის სალონის გახსნის პრეცედენტი შექმნა.
1862 წელი ლადუღეს ისტორიაში ფრანგული ორმხრივი მაკარონის დამზადების თარიღად ჩაინიშნა, რამაც პარიზელებს საკონდიტროს მიგნება გააცნო და თანამედროვეობაშიც უცვლელი მნიშვნელობის დესერტად დარჩა.
მრავალი წლის შემდეგაც, კაფე პარიზში, Champs-Elysees-ზე, უამრავ სტუმარს უმასპინძლდება. თუმცა დღეს უკვე LADURÉE-ს მსოფლიო მასშტაბით 106 ობიექტი აქვს. თებერვლის თვეში კი ამ რიცხვს საქართველოც შეურთდა და დედაქალაქში რესტორნის გახსნას ლეგენდარული ბრენდის მფლობელი დევიდ ჰოლდერი ესწრებოდა.
როდის იწყება თქვენი და საუკუნოვან ბრენდ LADURÉE-ს ურთიერთობა?
1985 წლიდან თავად ვიყავი LADURÉE-ს ხშირი სტუმარი. მაშინ, როცა პარიზში განათლებას ვიღებდი, ეს იყო ადგილი, სადაც ჩემს ოჯახს ყოველ შაბათ დღეს ვხვდებოდი. ეს ტრადიციად იქცა და ამასთანავე, ჩემს გატაცებადაც. სივრცედ, სადაც ოცნებები მიპყრობდა. იმ დროს წარმოდგენა არ გვქონდა, რომ ერთ დღესაც ჩვენ მისი მფლობელები გავხდებოდით.
LADURÉE-ს მე-3 თაობის მმართველმა ოჯახმა ბრენდის მეთაურობა ჰოლდერებს გადმოგვაბარა. ჩემი ოჯახი 5 თაობის განმავლობაში ცხობის სფეროში იყო ჩართული, მამამ კი, რომელიც ასევე დიდი ისტორიის მქონე ბრენდ PAUL-ს უძღვებოდა, LADURÉE შეიძინა მაშინ, როცა მე მხოლოდ 25 წლის ვიყავი, თუმცა მქონდა უზარმაზარი ენთუზიაზმი. მინდოდა, 150 წლის განმავლობაში არსებული ერთადერთი კაფესთვის მეხელმძღვანელა და მისგან შემექმნა ბრენდი, რომელიც დღეს რეალურად არსებობს.
LADURÉE მაშინაც ყველაზე მოწინავე კაფე იყო პარიზში, თუმცა მე უფრო დიდი გეგმები მქონდა...
როგორი იყო თქვენი მიზანი მაშინ?
მიზნად დავისახე, LADURÉE დიდ ქსელად ქცეულიყო, მინდოდა გამეზარდა ასორტიმენტი, გამერისკა, მემოგზაურა და სხვადასხვა კულტურას ჩემს ბრენდთან ერთად გავცნობოდი. 2 წლის განმავლობაში, დღე და ღამე თავდაუზოგავად ვმუშაობდი, სანამ იმ თავდაჯერებას არ მივაღწიე, რომელიც LADURÉE-ს გუნდთან ერთად ჩემი მიზნების განხორციელების საშუალებას მომცემდა.
როგორც ჩანს, საქართველოც თქვენთვის სწორედ იმ კულტურის მქონე ქვეყნად იქცა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში LADURÉE-ს გახსნა გადაგაწყვეტინათ...
მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ობიექტს ვხსნით, თუმცა არცერთი მათგანი არ იმეორებს ერთმანეთს. არასოდეს მაქვს ორი ერთნაირი ბუტიკი, თუმცა თითოეულისთვის ერთი რამ უცვლელია − LADURÉE-ს დნმ.
როცა ანტონ ობოლაშვილს, ფრენჩაიზის პარტნიორს შევხვდი, ჩვენ შორის მთავარი რამ შედგა. მივხვდი, რომ ჩემს მომავალ პარტნიორს ესმოდა ბრენდის კონცეფცია.
სანამ რომელიღაც ქვეყანაში LADURÉE-ს გახსნას გადავწყვეტ, უპირველესად წინასწარ უნდა დავინახო, რამდენად ღირს ამის გაკეთება. მიხარია, რომ ანტონის გაცნობისთანავე მივხვდი – რომ სწორ ადამიანსა და გუნდს შევხვდი. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ყოველი მორიგი ობიექტის გახსნას წარმატებულ ქორწინებას შევადარებდი.
როგორია LADURÉE-ს კონცეფცია საქართველოში?
ტრადიციულ მაკარონებსა და საკონდიტრო ნაწარმთან ერთად, აქ, LADURÉE-ში წამოდგენილია ფრანგული სამზარეულოც. ქართველ კულინარებთან საერთაშორისო კულინარიული გუნდიც იმუშავებს, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ქართული სამზარეულო განსაკუთრებულია, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა, ქართულ ბაზარს გავცნობოდი და ახლაც ამ პროცესში ვიმყოფები.
ბრენდი LADURÉE მთელი ჩემი ცხოვრებაა და მინდა ქართველმა ხალხმა ის შეიყვაროს, აქაურობა კი მათთვის ავთენტური გახდეს. ამიტომაც არ მოვერიდებით კულტურათა შორის მიქსი გავაკეთოთ. ასეთია LADURÉE-ს ზოგადი პრინციპი თითოეულ ქვეყანაში.
თუმცა, პარიზული ტრადიცია უცვლელი დარჩება. მთავარია, ის ქვეყნის კულტურას ჰარმონიულად შეერწყას. ჩვენი დევიზია, რომ როცა მომხმარებელი შემოაბიჯებს, თავი სულ სხვა სამყაროში უნდა იგრძნოს.
უნიკალური ისტორიისა და გამოცდილების გარდა, რას მიიჩნევთ LADURÉE-ს მთავარ ძალად?
გვეამაყება, რომ LADURÉE მსოფლიოს ამდენ ქვეყანაშია წარმოდგენილი, თუმცა მთავარი აქ ჩვენი მიდგომაა. შესაძლოა იყო ძლიერი პარიზის რომელიღაც ფილიალში, თუმცა მსოფლიო მასშტაბით ინარჩუნებდე ერთსა და იმავე მაღალ ხარისხს − ეს ჩვენი მთავარი ძალაა.
როგორ არის ეს შესაძლებელი?
ეს ადამიანებს შეუძლიათ. მათ, ვისაც LADURÉE უყვარს და მას ემსახურება. მთელი ეს გუნდი ჩემი დიდი ოჯახია. სხვადასხვა შეფმზარეული ჩემთან ხშირად მოდის და ყოველი შეხვედრისას, უნდა უკეთესი იყოს. მეკითხება, როგორ აკეთოს ესა თუ ის სწორად. ვხედავ, მათ უყვართ ეს საქმე. სწორედ ასეთი ელჩები ჰყავს LADURÉE-ს მთელ მსოფლიოში, მათ შორის – უკვე საქართველოშიც.
პარიზში დიდი გუნდი გვყავს, წევრები სხვადასხვა მიმართულებით მიემგზავრებიან და ტრენერები ხდებიან. მათ ბრენდის „სისხლი აქვთ გადასხმული“. წლების წინ, მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ვყოფილიყავი კონდიტერი, ეს სულაც არ იყო საამაყო. LADURÉE-მ შეცვალა ეს შეხედულება და ბრენდის მზარეულები ახლა ნამდვილი სუპერვარსკვლავის სტატუსის მატარებლები არიან.
რა გეგმები გაქვთ საქართველოში?
გვინდა საზოგადოება გავიცნოთ, მოვერგოთ მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ამის შემდეგ მე და ჩემი ქართველი პარტნიორი − ანტონი, გადავწყვეტთ, როგორ წარვუდგინოთ ბრენდი მომხმარებელს ისე, რომ ეს წარდგენის სწორი გზა იყოს, რათა LADURÉE-ს საქართველოშიც ჰქონდეს გრძელი ისტორიის გაგრძელება.