ფრანგული გასტრონომიის კვირეული საქართველოში კვლავ გრძელდება. ღონისძიება „Goût de France / Good France“ 18 მარტს დაიწყო და ხვალ 22 მარტს დასრულდება.
ღონისძიების ფარგლებში მთელი რეგიონის მასშტაბით დაგეგმილი იყო აქტივობები და მასტერკლასები.
პრეს კონფერენცია საფრანგეთის ელჩმა საქართველოში – პასკალ მენიემ გამართა. პრეს კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ღონისძიებაში მონაწილე რესტორნების წარმომადგენლები და მოწვეული ფრანგი შეფ-მზარეულები.
ფრანგული გასტრონომიის მსოფლიო მასშტაბის დღესასწაული „Goût de France / Good France“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შეფ-მზარეულ ალენ დუკასის ინიციატივით შეიქმნა.
წელს უკვე მეხუთედ, მთელი მსოფლიოს შეფ-მზარეულები ფრანგული კულურის კულინარიულ მემკვიდრეობასა და მისთვის დამახასიათებელ გემრიელად მირთმევის ხელოვნებას ზეიმობენ.
დღეს საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში შერჩეული შეფ-მზარეულები 5 კონტინენტზე და 150-ზე მეტ ქვეყანაში „ფრანგულ ვახშამს“ შემოგთავაზებენ.
წლევანდელი ღონისძიებები ეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა მდგრადი გასტრონომია და ადგილობრივი ნიადაგი.
შეფ-მზარეული ჟან-პიერ ქსირადაკისი ცნობილია იმით, რომ მან საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის სამზარეულო.
1968 წლიდან ის იცავს გასტრონომიას, პატივს სცემს ბუნებას, სეზონებსა და ტრადიციებს. რესტორნის “La Tupina”-ს შეფს საერთაშორისო ჯილდოები აქვს მინიჭებული New York Times-სა და Washington Post-გან.
დღეს შეფებმა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიულ აკადემიაში, ახალბედა ქართველი შეფებისთვის მასტერკლასი „ქართული ნიადაგი“ ჩაატარეს.
დღეს ასევე გაიმართება საზეიმო ვახშამი. საფრანგეთის საელჩოს პარტნიორი ქართული რესტორნები „ფრანგულ ვახშამს“ შემოგთავაზებენ. მენიუ წინა პლანზე გამოიტანს ფრანგული კულინარიის ტრადიციას: კერძების თანამიმდევრობასა და კერძებისა და ღვინის დაბალანსებულ შეხამებას.
დღეს საღამოს ქართული რესტორნები თბილისში „ბარბარესთან“, „ჩვენი“, „ტარტინი“ და The Kitchen მენიუს „ფრანგულ სტილში“ შემოგთავაზებენ და ასევე შერატონის რესტორანი „360°„ ბათუმში.
23 მარტს ფრანგი შეფ-მზარეულები ალავერდის მონატრის ბერებთან ერთად მოამზადებენ ფრანგულ სადილს, „ბადაგონის“ მხარდაჭერით. სადილი მომზადდება ქართული ადგილობრივი და სეზონური პროდუქტებისგან, სააღდგომო მარხვასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალსიწინებით.