იდეალური სხეულის ფორმები ყველა ქალის ოცნებაა, თუმცა ამ ოცნების ასასრულებლად ხშირად ვერ ვახერხებთ სწორ კვებასა და ვარჯიშს, ამის მიზეზი ზოგჯერ სიზარმაზეა, ზოგჯერ კი დროის უქონლობა. ბოლო პერიოდში საქართველოში ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი ონლაინ დიეტის საიტი გაჩნდა, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ქალბატონებს ეს პრობლემა გაუმარტივონ და სასურველი წონის მიღებაში დაეხმარონ.
ონლაინ დიეტებზე საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი დამოკდებილება არსებობს, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ორგანიზმისთვის საზიანოა, ზოგიერთს კი ძალიან მოსწონს და შედეგითაც კმაყოფილია.
OK! Magazine Georgia დაუკავშირდა ერთ-ერთი ონლაინ დიეტის „მარის NL დიეტის“ მენეჯერს მარიამ გავაშელს, რომელმაც მის უსაფრთხოობაზე და შედეგიანობაზე ისაუბრა.
„პროდუქცია, რასაც ჩვენი გვერდის დიეტა ეფუძნება არის კვების დანამატი, რომელიც ორგანიზმისთვის აფსოლუტურად უსაფრთხოა. ამ დრომდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ჩვენი დიეტის ხანგრძლივობა წონაზეა დამოკიდებული, მომხმარებლები შედეგით ძირითადად კმაყოფილები არიან, მაგრამ არის შემთხვევები, რომ ავიწყდებათ დანამატების მიღება და შესაბამისად შედეგიც არ არის, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს. საბოლოო ჯამში ყველაფერი მომხმარებელზეა დამოკიდებული. ვინც ყველაფერი სწორად გააკეთა რა თქმა უნდა კმაყოფილიც არის. ჩვენი პრიორიტეტი არის მომხმარებლებთან ძალიან ახლო და გულწრფელი დამოკიდებულება. ერთადერთი მომხარებელმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ორსულობის, ბუნებრივი კვებისა და კუჭის პრობლემების დროს დიეტა არ არის რეკომენდირებული“.
სულ სხვანაირი მოსაზრება აქვს დიეტოლოგ ნატა გოგავას. როგორც მან OK! Magazine Georgia-თან საუბრისას აღნიშნა ონლაინ დეიეტები ორანიზმისთვის საფრთხის შემცველია და დანამატების მიღება არ არის რეკომენდირებული.
„არ ვურჩევ არავის ონლაინ დიეტებს, რადგან არის ზოგადი, არ ითვალისწინებს ადამიანის ძირითად პარამეტრებს წონას, ასაკსა და ცხოვრების წესს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ წონის დაკლებაზე არა ჯანმრთელობის ხარჯზე, არამედ პირიქით ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე რა თქმა უნდა ასეთი ონლაინ დიეტების გამოყენებას ნამდვილად არავის ვურჩევ, რადგან დიეტა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად უნდა იყოს შედგენილი, რომელიც გაითვალისწინებს ყველა პარამეტრს, ცხოვრების წესსა და იმ ენერგიის წვას, რომელიც ადამიანს სჭირება ყოველდიურად. როცა ადამიანი იკლებს ნებისმიერი დანამატის დახმარებით, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც კი ადამიანი მორჩება ამ დანამატების მიღებას ორგანიზმი აუცილებლად აკრეფავს დაკლებულ წონას. გამორიცხულია ნებისმიერ დანამატის მთელი ცხოვრება მიღება. პირადად მე თუ ადამიანს დიეტას ვუდგენ ვცდილობ ეს მხოლოდ სწორ კვებაზე იყოს დაფუძნებული დანამატების გარეშე და ორიენტირებული მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე“.