ესპანური სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეგიონალური მრავალფეროვნებაა. გალისია, ახალი და ძველი კასტილია, კატალონია - ყველა მხარე თავისი ინდივიდუალური კულინარიული მახასიათებლებით გამოირჩევა.
ესპანეთში სამზარეულოს ძირითადად, სამხრეთ, სანაპირო, ცენტრალურ და დასავლურ ნაწილებად ყოფენ. ზოგიერთ მათგანში მეტი ზღვის პროდუქტია, ზოგიერთში ხორცი, ზოგი ხილითაა გამორჩეული, ზოგი კი ლობიოთი. ისევე როგორც ყველა ევროპელი, ესპანელებიც ტრადიციების ერთგულნი არიან. აღსანიშნავია ესპანური და ფრანგული კულინარიის წინააღმდეგობრიობაც. ეს საკითხი კერძების წარმომავლობის გაურკვევლობას მოიცავს. მაგალითად, დავის საგანია ყველასთვის ცნობილი მაიონეზი, რომელიც თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა სუფრის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა. აზრები ორად იყოფა: ერთნი გეტყვიან, რომ მისი სახელი ძველი ფრანგული სიტყვიდან მომდინარეობს, მეორეები კი გაიხსენებენ ისტორიას ესპანური ქალაქის, მაონის შესახებ, სადაც ჰერცოგმა რიშელიემ ქალაქის ალყის დროს მზარეულს დარჩენილი პროდუქტებისგან რაიმეს მომზადება სთხოვა. ასე შეიქმნა სოუსი მაონადან - salsa mahonesa - ყველასთვის ცნობილი მაიონეზი.
ამ ქალაქის სახელი ყველის ერთ-ერთი სახეობის სახელადაც იქცა. MAHÓN - ცნობილი ესპანური ყველია ნაღებისა და ზღვის სურნელით, რომელსაც თითქმის ყველა რესტორანში შემოგთავაზებენ.
იგივე სიტუაცია შეიქმნა სოუსი აიოლის გარშემოც, რომელიც რა თქმა უნდა ესპანურია, კატალონიიდან, თუმცა ფრანგებსაც აქვთ რეგიონალურ სამზარეულოში მსგავსი სოუსი.
ესპანური კერძების უმრავლესობას თავისი ისტორია და ლეგენდა აქვს. ცნობილი ესპანური ტორტილა - კარტოფილის ომლეტი - სიღარიბის ფონზე წარმოიშვა, ისევე როგორც კულინარიის ბევრი შედევრი. „ჩვენმა ქალებმა იციან, 2-3 კვერცხისგან როგორ დააპურონ 6 ადამიანი!“ - სიამაყით აცხადებენ ესპანელები ამ კერძის აღწერაში.
მოკლედ, ესპანური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია. კატალონიაში არ მიირთმევენ იმას, რასაც კასტილიაში, ბასკების სადილი კი ანდალუსიელებისგან განსხვავდება. მაგრამ, მთელ ესპანეთში ჭამენ ტაპასს, პაელიას და გასპაჩოს; უყვართ ზეითუნის ზეთი და შაშხი.
რის გარეშე ვერ წამოვიდგენთ ესპანურ ტრაპეზს?
ზეითუნის ზეთს ესპანელები პრაქტიკულად ყველა კერძს უმატებენ: სალათებს, შემწვარს და გამომცხვარს, სოუსებს და დესერტებსაც კი. ესპანეთში ჰყოფნით გამბედაობა ნაყინიც კი ზეითუნის ზეთზე დაამზადონ.
ხორცის პროდუქტები ცალკე თემაა. აქ ის ბევრნაირია: ღორის ცხარე ძეხვი ჩორიზო, შებოლილი სალჩიჩონი, morcilla... მაგრამ, ყველაზე ცნობილი შაშხია.
პომიდორი და წიწაკა ევროპაში XVI საუკუნეში გაჩნდა და მას შემდეგ ესპანეთმა ძალიან შეიყვარა. აქ მზეზე გამომშრალი პომიდორებისგან ამზადებენ სალათებს, ცხელ და ცივ კერძებს, სუპებს.
ზღვის პროდუქტები ესპანური სამზარეულოს შეუცვლელი ნაწილია. ესპანეთი იაპონიის შემდეგ, თევზის და ზღვის პროდუქტების გამოყენებით, მსოფლიოში მეორე ადგილასაა. ესპანელები გიჟდებიან იხვზე, მიდიებზე, კრევეტებზე, მათგან ამზადებენ სუპებს, პაელიას, სოუსებს და ტაპასს.
ტაპასი ცივი და ცხელი წასახემსებელი პროდუქტის სახეობაა. ესპანელებისთვის ის არამხოლოდ საკვები, არამედ ცხოვრების სტილია. ესპანურ ენაში ერთი ზმნაც კი არსებობს - Tapear, რომელიც ბარში სიარულს, მეგობრებთან საუბარს, ღვინის დალევას და ტაპასის მირთმევას გულისხმობს.
არავინ იცის ზუსტად როდის და როგორ წარმოიშვა ეს ტრადიცია. როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც რამდენიმე ისტორია არსებობს. ერთი გადმოცემის მიხედვით, კასტილიის მეფემ ლეონ ალფონსო ბრძენმა შემოიღო კანონი, რომ სასმელი მხოლოდ წასახემსებელ პროდუქტთან ერთად მოეტანათ. რადგანაც, მშიერ კუჭზე მირთმეული სასმელი არასასიამოვნოდ აისახებოდა ადამიანებზე. ამიტომაც ღვინოსთან და ლუდთან ერთად, პირდაპირ ჭიქაზე ჩამოცმული მისაყოლებელი მოჰქონდათ. აქედან წარმოიშვა სახელწოდებაც „ტაპასი“, რომელიც ესპანურად თავსახურს ნიშნავს. ადრე ის სასმელს უფასოდ მოყვებოდა, მაგრამ ახლა უკვე ყველა ცალკე უკვეთავს.
ტაპასის როლში ბევრი რამ გამოგადგებათ. კლასიკური ვარიანტია ხამონი ან ჩორიზო. ასევე: დამარილებული ან გრილზე მომზადებული ბოსტნეული - პილპილი, პომიდორი, ხახვი და აშ. შემწვარი ან დამარილებული სოკო, კარტოფილი ან ბრინჯი, შემწვარი კალმარი ან მიდიები; მინი სენდვიჩები პაშტეტით, სოუსით, თინუსით და კვერცხით, წიწაკით, ხახვით, ნივრით, ყველით და მაიონეზით. კვერცხს გვერდზე დაუწყვეთ პომიდორი, სარდინიები, ანჩოუსი ან ქათამი; ხორცი ღვინის სოუსში, სალათები, ზღვის პროდუქტები, პატარა კარტოფილი თუ არომატული მწვანილები.
ძალიან პოპულარულია ისეთი ტაპასები, როგორებიცაა ტორტილა და ბანდერილა. ბანდერილა ძალიან კარგი ვარიანტია, როცა წასახემსებელ პროდუქტს ვერ არჩევთ. თუ მოულოდნელად მოსული სტუმრების გამოკვება გიწევთ, მითუმეტეს: მას არ სჭირდება მოხარშვა ან შეწვა და საჭირო ინგრედიენტებსაც სახლში აუცილებლად იპოვნით.
სუპებს ესპანელები ბოსტნეულისგან და თევზისგან ამჯობინებენ. ბევრ მათგანს ცივად მოგართმევენ, რადგანაც ზაფხულში ამ ქვეყანაში ძალიან ცხელა.
გასპაჩო ცივი სუპების მეფეა. ის ანდალუსიაში დაიბადა, მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოში ამზადებენ. ესპანელები მას უფრო სასმელად მიიჩნევენ, ვიდრე სუპად. ამიტომაც, არა თეფშით, არამედ ჭიქით მოგართმევენ.
პაელია ყველაზე ცნობილი ესპანური კერძია ბრინჯით. მისი სამშობლო ვალენსიაა, მას მხოლოდ მამაკაცები ამზადებდნენ, პირდაპირ ქუჩებში. ბრინჯის გარდა ის ზღვის პროდუქტებს, ხორცს, ბოსტნეულს, სანელებლებს და ბევრ სხვა რამეს შეიცავს.
დესერტებიდან ესპანელებს ყველაზე მეტად ჩუროსი მოსწონთ - წვრილი, გრძელი და ტკბილი ფუნთუშები. ჩუროსს მიირთმევენ საუზმეზე, სადილზე მთავარი კერძის შემდეგ და საღამოს, როცა ბარებს მიაშურებენ. ამ ტკბილეულს ტრადიციულად, ცხელ შოკოლადთან ერთად დაგაგემოვნებინებენ.
სხვა ესპანურ დესერტებში კატალანის კრემი გამოირჩევა - ფრანგული კრემ-ბულეს ადგილობრივი ვარიანტი, რომელსაც სხვადასხვა სოუსებით აფორმებენ.
და ბოლოს, ესპანური კერძები წარმოუდგენელია ღვინის გარეშე! საფრანგეთსა და იტალიასთან ერთად, ესპანეთიც ვენახების და ღვინის წარმოების სამშობლოა. აქაურ ღვინოს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. წითელი, რომელიც ხორციანი კერძებს მოუხდება, თეთრი და ვარდისფერი ზაფხულის განწყობისთვის და აშ. განსაკუთრებით გამოიყოფა ორი სახეობა: ხერესი და მალაგა. ხერესი უნივერსალური ღვინოა: ძლიერი სასმელი, რომელიც სადილის დასრულებას ბრწყინვალედ უხდება.