ღია, მუქი, გაფილტრული თუ უფილტრო - ლუდის მოყვარულებს რთულად თუ გააოცებ. მაგრამ, ხილითა და კენკრით მოხარშული ლუდი მაინც სხვა საქმეა. უკანასკნელ პერიოდში გასტრონომიაში ეს ტრენდი აქტიურად იკიდებს ფეხს და ბარებიც სტუმრებს ეგზოტიკური გემოს მქონე ლუდით უმასპინძლებიან: ალუბლიდან ბანანამდე.
არსებობს მოსაზრება, რომ ხილის ლუდი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში გაჩნდა. არქეოლოგები გვაჩვენებენ მასალას, რის მიხედვითაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეგვიპტელები ლუდში ფინიკსა და ბროწეულს ამატებდნენ. ხილის ლუდის მოხარშვის ტრადიცია კი ბელგიიდან იდგამს ფეხს. ხილისგან მომზადებული მათრობელა სასმლის სამშობლო სწორედ ამ ქვეყანას შეიძლება ვუწოდოთ. იდეა კი გამოუვალმა მდგომარეობამ დაბადა: ფერმერებმა არ იცოდნენ მორჩენილი ხილისთვის რა ექნათ. მათი წყალობით ახლა ლუდს სხვადასხვა კენკრის სურნელით მივირთმევთ.
ტრადიციულად, ხილის ლუდს ალუბლისგან, ბლისგან, მაყვლისგან, ჟოლოსგან და ციტრუსებისგან აკეთებენ. მათ აუცილებლად ან ბოლოს, ან დუღილის პროცესში ამატებენ, რათა სასურველი არომატი მიიღონ. მაგრამ თავად ხილს ლუდის ჭიქაში ვერ მიაგნებთ, მოხარშვის დასრულებისას მათ იღებენ. ხილის გემოს გაგებას გარკვეული დრო სჭირდება, რადგანაც მოხარშვის დასრულებისთანავე მისი შეგრძნება გაგიჭირდებათ.
თუ ხილის ლუდის გაცნობა გსურთ, ალუბლის Kriek ან ჟოლოს Framboise გასინჯეთ. გურმანებს ისინი განუმეორებელი კენკრის არომატის გამო ხიბლავთ. ბელგიაში ალუბლით განსაკუთრებით ამაყობენ, ბლის ლუდს კი ჩეხეთში ფართოდ შეხვდებით.
ამგვარი ლუდი 35 წლამდე ადამიანებისთვისაა ორიენტირებული. მათ უყვართ მოგზაურობა, ორიგინალური კერძების დაგემოვნება და უცნობი ტერიტორიების ახლოს გაცნობა.
თუ კლასიკურ ლუდს მარილიან დესერტს აყოლებენ, ხილის ლუდი მეტად მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა. მისი მშვიდად დალევა შეიძლება დესერტებთან, მაგალითად ნაყინთან, ტკბილ ყველთან და ტორტთანაც კი. ალუბლის სასმლის გემოს განსაკუთრებით მწარე შოკოლადი გამოყოფს. ერთადერთი გამონაკლისი, რასაც თავი უნდა აარიდოთ სანელებლები და მძიმე კერძებია. ისინი სასმლის დაგემოვნების მნიშვნელობას აზრს ადვილად დაუკარგავენ.