ქართული OK!-ის სტუმარი სრულიად გამორჩეული ადამიანია – ჟურნალისტი, თარჯიმანი, კულინარი, მოგზაური, არაჩვეულებრივი დიასახლისი, დედა, მეუღლე და უბრალოდ, ძალიან შინაარსიანი და ქარიზმატული ქალი – ელენე ბედუელი. ის უკვე თერთმეტი წელია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული სააგენტო BLOOMBERG-ის ქართულ ბიუროს ხელმძღვანელობს და პარალელურად, უამრავ საინტერესო და სასარგებლო საქმეს ასწრებს.
გთავაზობთ ელენესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც მის ლონდონურ ცხოვრებაზე, საქმიანობაზე, ოჯახსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებზე შეიტყობთ.
ელენე, ვისაუბროთ თქვენ საზღვარგარეთულ ცხოვრებაზე – როგორია ლონდონური რიტმი, ცხოვრების თავისებურებები და როგორ მოერგეთ მას?
21 წელია, საზღვარგარეთ ვცხოვრობ. 1998 წელს დავტოვე საქართველო და მას შემდეგ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ. ჩემს ოჯახთან ერთად მოვიარე ტაივანი, ჩინეთი, იაპონია, ტაილანდი, რუსეთი, თურქეთი. ცხადია, საქართველოშიც ვცხოვრობდით ცოტა ხნით და აქაც ვმუშაობდით. ინგლისი ჩემი მეორე სამშობლოა. ამ ქვეყანაში თავიდან ჩემს ნათესავებთან ჩავდიოდი ხოლმე და ვმუშაობდი ჟურნალისტად, თარჯიმნად. ბოლო 4 წელია კვლავ ლონდონში ვცხოვრობ ჩემი შვილების გამო, რომლებიც იქ განათლებას იღებენ. ცხოვრების რიტმი ლონდონშიც და დიდი ბრიტანეთის ყველა მხარეში ძალიან სწრაფია, თუმცა არ მიჭირს მასთან შეგუება. ნებისმიერ ქვეყანაში შემიძლია ვიცხოვრო და მოვერგო იქაურობას. კუნძულ სახალინზეც კი მიცხოვრია ისე, რომ პრობლემა არ მიგრძნია.
თქვენ და კულინარია. როდის და როგორ შეგიყვარდათ სამზარეულოში ფუსფუსი?
კულინარია ბავშვობიდან ახლოსაა ჩემთან. მამაჩემი სამზარეულოში ხშირად ტრიალებდა, ასევე მამიდა, ნამდვილი ქალი-ფემინისტი მთელი ცხოვრება მუშაობდა და შინ მოსულს მაინც ჰქონდა ხოლმე იმის ენერგია, რომ ჩვენთვის რაიმე გემრიელი მოემზადებინა. მამიდას მედეა ერქვა, სწორედ მას მივუძღვენი ჩემი წიგნი. მედეა იყო ფემინისტი საბჭოთა საქართველოში, როდესაც ეს ტერმინი საერთოდ არ იყო ცნობილი, არ გახლდათ კომკავშირის წევრი, რადგან დახვრეტილის ოჯახიდან იყო. მუშაობდა ქალაქ ვანის საბავშვო ბაღში, ერთ-ერთ თანამდებობაზე, და არასოდეს დაქორწინებულა, არც შვილები ჰყოლია. პატარები საკმარისად მყვანანო, – ამბობდა ხოლმე. მედეა იყო ზუსტად იმ მხარედან, სადაც ლეგენდარული მედეა ცხოვრობდა, როდესაც იასონი მოადგა სანაპიროებს. უამრავი აღზრდილი დღემდე იხსენებს მამიდაჩემს. სწორედ მან მასწავლა ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტები, მაზიარა ქართულ სამზარეულოს, მასწავლა ლამაზად, მოდურად ჩაცმა და ჩამინერგა დროის გონივრულად განაწილების უნარი.
ყველა ქვეყანაში, სადაც ჩავდიოდი, ყოველთვის ვცდილობდი, მომემზადებინა ქართული კერძები და აღმოვაჩინე, რომ საჭირო ინგრედიენტების მოძებნა არც ისე რთულია. მთავარია სუნელები ვიქონიოთ და სწორად მოვარგოთ კერძებს. სწორედ სუნელებით დავიწყე ჩემი კულინარიული საქმიანობა ინგლისში და ასე დაიბადა Georgian Flavors from Helena („ქართული გემოები ელენესგან“). ამ სახელით ვეწეოდი იქ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას. სააგენტო „ბლუმბერგის“ წარმომადგენელი ვარ საქართველოში. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა და სამზარეულო ჩემთვის სწორედ ის ადგილია, სადაც შეიძლება დავისვენო, განვიტვირთო და აღმოვაჩინო საკუთარი თავი ახლებურად, სულ სხვა კუთხით. უფრო დავუახლოვდე ჩემს ოჯახს და შევქმნა შინ ჰარმონია.
როგორ გაგრძელდა თქვენი კულინარიული საქმიანობა?
როგორც მოგახსენეთ, სუნელებით დაიწყო ინგლისში ჩემი კულინარიული თავგადასავალი. სხვადასხვა ფესტივალში ვმონაწილეობდი, აქტიურად ვიყენებდი ტყემალს, აჯიკას, სუნელებს და ასე ვაცნობდი ბრიტანელებს ჩემი ქვეყნის სამზარეულოს. „ბლუმბერგზეც“ ხშირად დაგვიწერია ქართულ ღვინოზე, ისტორიაზე, ზეზვასა და მზიაზე, სტალინის ფენომენზე, სამზარეულოზე. თავად ვეგეტარიანელი ვარ და უფრო მეტად სწორედ ვეგეტარიანული და ვეგანური მიმართულებით ვაქტიურობდი. შემდეგ შემომთავაზეს, დამეწყო კულინარიული გაკვეთილების ჩატარება და მესწავლებინა ბრიტანელებისთვის ქართული კერძების მომზადება. მახსოვს, თავიდან 4 სტუდენტს ვასწავლე ლობიოს, ნიგვზიანი ბადრიჯნისა და აჯაფსანდალის გაკეთება, რამაც საოცარი გამოხმაურება ჰპოვა და იქაურ გურმანებში საკმაოდ პოპულარული გახდა. ბრიტანულ ჟურნალ „დანტეს“ რედაქტორმა გადამაღებინა ვიდეოები, რომლებიც „იუთუბზეც“ განთავსდა, შემდეგ კი შემომთავაზა დამეწერა ქართული სამზარეულოს რეცეპტები და წიგნად გამომეშვა. უნდა აღვნიშნო, რომ წიგნში შესულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები, მათ შორის – ოსური და აფხაზური. წიგნი გამორჩეულია იმით, რომ მორგებულია ყველანაირი გემოვნებისა და საჭიროების ადამიანზე. ვეგეტარიანელებს, სხვადასხვა კომპონენტების მიმართ ალერგიულ გურმანებს, მარტივ ალტერნატივას ვთავაზობ კერძების მოსამზადებლად. იცით, ყველგან, სადაც კი მიმუშავია, ყოველთვის ვწერდი ქართულ კულტურაზე, ღვინოზე, ისტორიაზე და ამას ახლა უკვე კულინარიაც დაემატა, რაც საკმაოდ მოდური გახდა ბოლო პერიოდში. თუ დააკვირდებით, ასეთი ტენდენცია შეინიშნება – მეგობრულმა შეხვედრებმა კაფეებიდან ოჯახებში გადაინაცვლა და სამზარეულოში ფუსფუსი, დიასახლისობა ძალიან აქტუალური გახდა. ხალხი დაბრუნდა სამზარეულოში. მეც ძალიან მიყვარს მეგობრების შინ მასპინძლობა.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის აგვისტოს ნომერში...