მშვიდი საღამო, სასიამოვნო ატმოსფერო, საყვარელი მუსიკა და მკრთალად განათებული გარემო – ერთი შეხედვით, ეს იდეალური დასვენების აღწერაა, თუმცა ამ ყველაფერს აუცილებელი დეტალი – კარგი ღვინო აკლია. ეს უკანასკნელი ხომ დამატებითი კომფორტის გარანტიაა, ცუდმა სასმელმა კი შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. იდეალურ დასვენებას იდეალური მომზადებაც სჭირდება, ამიტომ სანამ ამაზე ზრუნვას დაიწყებთ, გადახედეთ თქვენს ღვინის მარაგს – თუ იგი ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, აარჩიეთ მათ შორის საუკეთესო, ჩართეთ მუსიკა და დატკბით გემოთი გამოწვეული ნანატრი სიმსუბუქით.
1
ფასი არ განსაზღვრავს ხარისხს
ბევრი ფიქრობს, რომ მაღალი ფასი მაღალი ხარისხის გარანტიაა, ღვინის შემთხვევაში კი ეს არც თუ ისე მართალია. რა თქმა უნდა, ხარისხიან ღვინოს შეუძლებელია ჰქონდეს ძალიან დაბალი ფასი, მაგრამ კარგ და საუკეთესო ღვინოს შორის განსხვავების პოვნა მხოლოდ დიდი გამოცდილების შედეგადაა შესაძლებელი, ამიტომ ღვინის დამწყებ მოყვარულთათვის ამ სასმელში ბევრი ფულის გადახდას აზრი არ აქვს.
2
ღვინის დაძველება ყოველთვის აუცილებელი არაა
არსებობს ღვინის სახეობები, რომლებიც იქმნება იმისთვის, რომ ჩამოსხმიდან რაც შეიძლება მალე დაილიოს და საერთოდ არ არის მზად დიდი ხნით შენახვისთვის. თუ გსურთ შეაგროვოთ ღვინის კოლექცია და შეინახოთ მრავალი წლის განმავლობაში, მაშინ მის ყიდვამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ პროფესიონალთან, რომელიც მაშინვე გეტყვით, რომელი ღვინოა განკუთვნილი დიდი ხნით შესანახად და რომელი უნდა დაილიოს მაშინვე.
3
კლასიკური საცობი ხრახნიანს არ სჯობს
კლასიკური საცობის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, დაკავშირებულია ტრადიციასთან. თანამედროვე ხრახნიანი ღვინის საცობები არ ჩამორჩება კლასიკურს და ღვინის კომპანიებიც ნელ-ნელა გადადიან შეფუთვის ამ ახალ მასალაზე. ხრახნიანი საცობი ამცირებს „საცობის დაავადების“ რისკს, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს კლასიკურ საცობს და ღვინო გააფუჭოს.
4
წითელი თუ თეთრი?
წითელ ღვინოში არის ბევრი ისეთი ვიტამინი, რომელიც ყურძნის კანისგან მომდინარეობს. თეთრი ღვინის დამზადებისას კონტაქტი ყურძნის კანთან უფრო შემცირებულია, ამიტომ სასარგებლო ნივთიერებები თეთრ ღვინოში შედარებით ნაკლებია. თუმცა სხვა კუთხით, თეთრი ღვინო წითელთან შედარებით ნაკლებად ალერგიულია.
5
მშრალი და ტკბილი ღვინო ერთნაირი ხარისხით გამოირჩევა
მიიჩნევა, რომ პროფესიონალები მხოლოდ მშრალ ღვინოს სვამენ, ტკბილი ღვინო კი მათთვისაა, ვინც ღვინის სახეობებში ნაკლებად ერკვევა. თუმცა ეს მართალი არ არის. მაგალითად, ტკბილი გერმანული რისლინგი და ფრანგული სოტერნი ძალიან ძვირად ფასობს.
6
იაფი ღვინო ფხვნილით არ მზადდება
ღვინის გაკეთება ფხვნილისგან შეუძლებელია. ყველაზე უბრალო, ნატურალური ღვინის დამზადება ძალიან იაფი ჯდება, ამიტომ ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო სულაც არ არის.