იმისათვის, რომ სიცხეში საჭმელი არ გაგვიფუჭდეს, ყველაზე კარგი გზაა ვიყიდოთ იმდენი, რამდენის მომზადებასაც შევძლებთ მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში. თუმცა ამ ხერხს იშვიათად თუ მივმართავთ ხოლმე, რადგან, გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად მხოლოდ დასვენების დღეებში გვიწევს პროდუქტის საყიდლად სუპერმარკეტში გასვლა. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ შეიძლება შევინახოთ ჩვენი ნავაჭრი ისე, რომ ერთი კვირის განმავლობაში არ დაგვჭირდეს მაღაზიაში წასვლა. მივბაძოთ პროფესიონალ კულინარებს, რომელთათვისაც თითოეული პროდუქტი მნიშვნელოვანია.
ხილი და ბოსტნეული
ამ პროდუქტების შესანახად ყველაზე კარგი გზა მათი ჰერმეტულად დაცულ პლასტიკურ პაკეტში მოთავსებაა. ეს უკანასკნელი არ აძლევს მათ ტენიანობის დაკარგვის საშუალებას, ტენიანობა კი ხილისა და ბოსტნეულის პირვანდელი სახით შენახვისთვის აუცილებელი პირობაა.
ხორცი და თევზი
ხორცი და თევზი რომ არ გაგვიფუჭდეს და 4-5 დღის განმავლობაში შეინარჩუნოს პირვანდელი მდგომარეობა, საჭიროა ისინი რაც შეიძლება კარგად გავრეცხოთ და გავწმინდოთ, დავჭრათ ნაჭრებად, შემდეგ გავახვიოთ კულინარიულ ქაღალდში და კიდევ ერთხელ გადავახვიოთ თხელი ცელოფნით. ასევე ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ყოველდღე შევუცვალოთ ქაღალდი და ცელოფანი. თუ ხორცმა და თევზმა ფერი შეიცვალა და სუნი გაუჩნდა, ნუ დაიწყებთ ბედთან თამაშს – დაუყოვნებლივ გადაყარეთ.
ზღვის პროდუქტები
გაფუჭების შემთხვევაში, ზღვის პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველი
საკვები ხდება. მათი სამ დღეზე მეტი ხნით შენახვა კატეგორიულად იკრძალება. სანამ პროდუქტებს მაცივარში შეინახავთ, აუცილებელია კარგად გაწმინდოთ და პორციებად დაჭრათ.
ფერმენტირებული საკვები
აქ მხოლოდ ერთი წესი არსებობს – კარგად დავაკვირდეთ მათი გამოყენების ვადას, რომელიც შეფუთვაზე აქვს დართული. გაუვიდა ვადა? სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან! რაც უფრო მკვრივია ყველი, მით უფრო დიდხანს ინახება. ჰერმეტულად დაცული პარმეზანი შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაშიც არ გაგიფუჭდეთ. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად გემრიელი იქნება იგი ხანგრძლივი შენახვის შემდეგ.
კვერცხი
ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რჩევა არსებობს – დასუნე კვერცხი. თავდაპირველად გატეხეთ კვერცხი, მოათავსეთ მისი გული ცალკე ჯამში, დასუნეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეურიეთ დანარჩენ პროდუქტს. ამგვარად დააზღვევთ ომლეტის სხვა ინგრედიენტებს გაფუჭებისგან.