ბლეიკ ედვარდსის ფილმის „საუზმე ტიფანისთან“ ოცნება ასრულდა: ნიუ-იორკში რესტორანი Tiffany & Co. იხსნება, ახლა უკვე შესაძლებელია საიუვილერო მაღაზიაში ლამაზ სამკაულებთან ერთად გემრიელი კერძებით ტკბობა. გასაკვირია, რომ საკულტო ფილმის გამოსვლიდან ოდრი ჰეპბერნის გმირს ოცნება მხოლოდ 56 წლის შემდეგ აუხდა, წარმოდგენაც კი რთულია, თუ რამდენის გამომუშავებას შეძლებდა კომპანია ეს იდეა ადრევე რომ განეხორციელებინა.
რესტორნის ოფიციალური გახსნა დღეს იგეგმება. Blue Box Café მაღაზიის მეოთხე სართულზე იქნება განთავსებული, მენიუ კი ყოველ სეზონზე განსხვავებული იქნება. ყოველ დილით ქალაქის ცენტრალური პარკის ხედის ფონზე მსურველებს საშუალება ექნებათ მიირთვან 29 დოლარის ღირებულების საუზმე, რომელიც შედგება ყავისგან, ავოკადოს ტოსტისგან, ტრიუფელიანი ომლეტისგან ან ნაყინისგან, შებოლილი ორაგულისგან და ხაჭოსგან. რესტორანი იმ ადამიანებზეც იზრუნებს, ვისაც სტანდარტული მენიუ არ იზიდავს და უბრალოდ ჩაის, ყავის, სალათებისა და სხვადასხვა დესერტის მირთმევა სურს.