ჯანსაღი ღიმილი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარია. ამდენად, თითოეული ადამიანი ცდილობს, მოუაროს კბილებს. თუმცა იმისათვის, რომ ამ მხრივ რაიმე სახის შეცდომა არ დავუშვათ, საჭიროა პროფესიონალთა რჩევების გათვალისწინება. OK! პირადად გაესაუბრა ექიმ-სტომატოლოგ თამარ აბაშიძეს.
გვიამბეთ თქვენ შესახებ.
დავიბადე ქ. ქუთაისში, 1993 წლის 13 მარტს. დავამთავრე ამავე ქალაქის 31-ე საჯარო სკოლა, შემდეგ გამოცდები ჩავაბარე თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. გავიარე რეზიდენტურა „უნიდენტიში“, თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით და დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა ორ კლინიკაში: „დენტალ ცენტრსა“ და „სტომუსში“.
რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
ეს პროფესია დედამ მირჩია და სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რაშიც ნამდვილად არ შევმცდარვარ. სხვა სფეროში ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი.
რას მოიცავს თერაპიული სტომატოლოგია?
თერაპიული სტომატოლოგია მოიცავს კბილების სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების მკურნალობას. ეს შეიძლება იყოს როგორც კარიესული, ისე არაკარიესული პროცესით ან ტრავმით გამოწვეული. მათი აღდგენა ხდება ბჟენის საშუალებით. თითოეული კბილის ანატომიისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ხორციელდება ფესვის ენდოდონტური (არხების) მკურნალობა, კბილების პროფესიული წმენდა − ქვებისა და ნადების მოცილება, კბილების ქიმიური გათეთრება.
რა არის თქვენი ძირითადი პრინციპი მუშაობისას?
მსურს დავიმსახურო თითოეული პაციენტის ნდობა და მისი მადლიერება, მაქსიმალურად უმტკივნეულო გავხადო ვიზიტი, დავდო საუკეთესო შედეგი და აღვადგინო როგორც კბილის ფუნქციური, ისე ესთეტიკური მხარე.
რას ურჩევდით თქვენს პაციენტებსა და ჩვენს მკითხველს?
ვურჩევდი დროულად ჩაიტარონ პირის ღრუს ჰიგიენის პროცედურები, საიდანაც ვრცელდება ინფექციები; ჩირქდება, სივდება და ასე შემდეგ. პაციენტების უმრავლესობა უკვე გართულებული მდგომარეობით მოდის ჩვენთან. ხშირად, როდესაც პრობლემა იჩენს თავს, არ აქცევენ ყურადღებას, მაქსიმალურად ითმენენ ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებას, ვიდრე მდგომარეობა არ გამწვავდება. ეს კი კბილებისთვის ძალიან ცუდია და საჭიროებს დროულ რეაგირებას.
თქვენი სამომავლო გეგმები...
მინდა სამომავლოდ კიდევ უფრო გავიღრმავო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, განვვითარდე ჩემს საქმეში და ვიყო წარმატებული სტომატოლოგი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
Facebook: Dr. Tamar Abashidze
Instagram: dr_tamarabashidze