სახის კანისა და სხეულის მდგომარეობა უმთავრესი ფაქტორია ნებისმიერი ადამიანისთვის. როგორც უნდა კარგად გამოვიყურებოდეთ და ლამაზად გვეცვას, თუ სახის კანი და სხეული მოუვლელი გვაქვს, ყოველგვარი ჩაცმულობა თუ ვარცხნილობა ეფექტს დაკარგავს, ამიტომ მის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. როგორ მოვიქცეთ, რომ ასაკი რაც შეიძლება მეტხანს დავმალოთ და მუდამ მიმზიდველად გამოვიყურებოდეთ? ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით, „მედეა მირიანაშვილის ესთეტიკის კაბინეტის“ დამფუძნებელი − მედეა მირიანაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი − თათა ჩაჩუა გვიამბობენ.
მედეა მირიანაშვილი − „მედეა მირიანაშვილის ესთეტიკის კაბინეტის“ დამფუძნებელი
რამდენი ხანია, რაც „მედეა მირიანაშვილის ესთეტიკის კაბინეტი“ ოპერირებს ბაზარზე?
იმ პერიოდში დავბრუნდი საქართველოში, როდესაც ჯერ კიდევ ფეხს იკიდებდა ინიექციები ქართულ ბაზარზე. შესაბამისად, ძალიან რთული იყო სანდო და გამოცდილი კადრის პოვნა. უამრავი ცუდი შედეგით დასრულებული პროცედურა იყო წინაპირობა იმისა, რომ ჩემი მიღებული ცოდნა აქ უფრო გამეღრმავებინა და საფუძვლიანად შემესწავლა ეს პროფესია. მოგეხსენებათ, დიდი პასუხისმგებლობაა პაციენტის მოლოდინის გამართლება. ძირეული განათლების მიღების შემდეგ, უკვე 6 წელია, რაც ბაზარზე გამოვჩნდით.
რამ გიბიძგათ საკუთარი ესთეტიკური კაბინეტის დაარსებისკენ? რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?
როგორც აღვნიშნე, ჩემი ესთეტიკის კაბინეტი დაახლოებით 6 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ძალიან სწრაფად იზრდებოდა კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა, რაც ჩვენი ცენტრის წარმატების ზრდის მთავარი გარანტი აღმოჩნდა. ჯაჭვური რეაქციაა, როდესაც ერთ კმაყოფილ მომხმარებელს ავტომატურად მოჰყვება შემდეგი, ამიტომ მათი მოთხოვნიდან და სიმრავლიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა მაძლევდა იმის საშუალებას, თამამად შევსულიყავი ქართულ კონკურენტუნარიან ბაზარზე საკუთარ ჯგუფთან ერთად. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
რამდენად ხშირია მეორადი პროცედურა? დაზიანებული ქსოვილის გამოსწორება?
ძალიან ხშირია. არავინ ვართ შეცდომისგან დაზღვეული. უბრალოდ, აუცილებელია ძირეული განათლების მიღება და კანის ქსოვილის კარგად შესწავლა. არ შეიძლება 2 კვირაში მოხდეს ეს პროცესი. დაზიანებული ქსოვილისა და გაურკვეველი პრეპარატების სავალალო შედეგების უამრავი შემთხვევა არსებობს, ორგანიზმზეც არის დამოკიდებული, როგორ მიიღებს. პირადად მე, მაქსიმალურად ვცდილობ დავეხმარო და გამოვასწორო ეს შედეგები, თუმცა ძალიან რთულია. არის შემთხვევები, როდესაც არ იცის პაციენტმა რომელი პრეპარატით იყო წინა პროცედურა ჩატარებული და ორმაგი დატვირთვით გვიწევს პრობლემის აღმოფხვრა.
გაგვაცანითესთეტიკურ ცენტრში წარმოდგენილი აპარატურა.
ვაკუუმ-თერაპია − ეს არის მკურნალობა, რომელიც ხორციელდება სპეციალური აპარატით. ეს აპარატი შექმნილია სხეულის ბუნებრივი ფორმებისთვის. აპარატს აქვს სხვადასხვა ფორმისა და ზომის ვაკუუმ-თავაკები, რითაც ხდება ქსოვილის შეწოვა. თავაკი ერგება სხეულს ზონების მიხედვით. ყველა ზონას აქვს საკუთარი თავაკი: მკერდი, მუცელი, გალიფე, ფეხი, სახე, კიფოზი (კისრის მიდამოში დაგროვილი მარილები და ცხიმი). პროცედურა არის უმტკივნეულო და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო.
აპარატი ასტიმულირებს ჰიპოფიზს ჰორმონების გამოსაყოფად, აუმჯობესებს კუნთის ქსოვილებს, ანიჭებს ელასტიკურობას და სიმკვრივეს. ვაკუუმ-ტუმბოს შეუძლია, ცხიმის ნაწილაკი და სითხე აღიქვას და შეიყვანოს ქსოვილებსა და უჯრედებში, აგრეთვე აჩქარებს ცხიმოვანი მჟავების ტრანსფორმაციას, რის შემდეგაც სხეულიდან გამოიდევნება ტოქსინები და სუფთავდება ლიმფური სისტემა, კანის ფორები; უმჯობესდება მიკროცირკულაცია.
თათა ჩაჩუა − საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი
რა სახის პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ესთეტიკის ცენტრი უზრუნველყოფს ინიექციის პროცედურებს, მათ შორის: ტუჩის აუგმენტაცია, ცხვირის ფორმის შეცვლა, ნაოჭის გასწორება, სახის კანის დატენიანება, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, აკნეს მკურნალობა, პლაზმო-ფიბრობლასტი (აკნეს ნაწიბური, პიგმენტური ლაქები, ქუთუთოების აწევა, სახის ოვალის ლიფტინგი) ვაკუუმ-გასახდომი თერაპია, დიოდური ეპილაცია, „ერგოლაინის“ სოლარიუმი, მანიკიურისა და პედიკიურის პროცედურა და სარელაქსაციო მასაჟი.
გვესაუბრეთ შედეგებზე.
ვინაიდან ამ ეტაპზე ეს აპარატი ბაზარზე მხოლოდ ჩვენთან არის წარმოდგენილი, ზუსტად ვიცოდით როგორ შედეგს მოიტანდა. მოსულ პაციენტს სრულიად უფასოდ უტარდება ექიმის კონსულტაცია, რათა ზედმიწევნით კარგად ვიცოდეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვაკუუმ-თერაპიის პროცედურისთვის.
ამ აპარატის დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ შედეგს იღებთ უმტკივნეულოდ და პირველსავე პროცედურაზე შესამჩნევია საჯდომის მოცულობის ზრდა და კუნთის ტონიზირება. ძალიან ხშირად ხდება, რომ პაციენტს ტრავმის შედეგად ეკრძალება ვარჯიში, ან დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებს ინტენსიურად დარბაზში სიარულს, ამიტომ ეს აპარატი უადვილებს მომხმარებელს მიღებულ შედეგს. პროცედურა გრძელდება 30 წუთის განმავლობაში, რომლის დროსაც პაციენტი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია მოთავსებული.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები და როგორია პაციენტებთან მიდგომა?
მიდგომა არის აუცილებლად ინდივიდუალური. ჩვენთან წარმოდგენილი კითხვარის შევსების შემდეგ, ვუნიშნავთ კონკრეტული ადამიანისთვის განსაზღვრული რაოდენობის პროცედურებს, ინტერვალიც შესაბამისად ინიშნება. გამოკითხვის შედეგად, ჩვენი პაციენტების ასაკობრივი ჯგუფი არის დინამიკური. ძალიან სტრესულია, როდესაც მშობიარობის შემდეგ ვერ გრძნობ თავს კომფორტულად, ან უბრალოდ გსურთ სხეულის კორექცია. შესაძლოა ტრავმაა ხერხემალზე, ან უბრალოდ რთულია ვარჯიში თქვენთვის, ამ ყველაფრის მოგვარება კი შესაძლებელია ამ აპარატის მეშვეობით. როდესაც სისხლის მიმოქცევა აღდგენილია და მეტაბოლიზმი მოწესრიგებულია, ავტომატურად მოდის ენერგიაც. ნებისმიერ ქალბატონს, რომელსაც სურს შეცვალოს თავისი სხეულის ფორმები, ჩვენ ვეხმარებით.
სამომავლო გეგმები.
პირველი, რაც ზუსტად ვიცით, ეს არის მეორე აპარატის შეძენა და მეორე კაბინეტის შექმნა. ასევე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, შევქმნა სპეციალური პაკეტი პოსტსამშობიარო პაციენტებისთვის. მგონია, რომ სათანადო ყურადღება არ ექცევა ამ დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს.
ძალიან გავრცელებულია დეპრესია. ამიტომ მინდა სამშობიარო სახლებთან ერთად, შეიქმნას პროექტი, ანუ მათთვის მორგებული სპეციალური პაკეტები. ეს იქნება გასახდომი პროცედურები, სარელაქსაციო მასაჟი თუ სხვა. პაკეტი იქნება ხელმისაწვდომი და ასევე ნებისმიერი ქალბატონისთვის ძალიან სასურველი. ყველა ქალი იმსახურებს მიზანს, რომელიც სტიმულს აძლევს და ეს მიზანი საკუთარი თავისა და „მე“-ს დაბრუნებაა, რაშიც ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით.