კორონავირუსმა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა და მთელ მსოფლიოს ონლაინმეთოდებით ცხოვრებისკენ უბიძგა. არავინ იცის შინ ყოფნა რამდენ ხანს მოგვიწევს. ადვილი არ არის, მაგრამ შეგვიძლია ეს დრო ისეთი რამეებისთვის გამოვიყენოთ, რისთვისაც აქამდე ვერ ვიცლიდით და დავაწყოთ გეგმები, რომლებსაც კარანტინის რეჟიმის დასრულების შემდეგ მივყვებით.
ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან ბევრი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მათი უმრავლესობა სახლის პირობებში აგრძელებს ფიზიკურ აქტივობებს.
შეიქმნა პილატესის, იოგას, ზუმბას და ვარჯიშის სხვა სახეობების ძალიან ბევრი ჯგუფი და კვლავ აქტიურად აგრძელებენ ამ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ფასიც საკმაოდ მისაღებია და მათთვის, ვისთვისაც ვარჯიში მნიშვნელოვანია, შეუძლია ძალიან ხელმისაწვდომი პირობებით ისარგებლოს.
გარდა ამისა, არსებობს ბევრი Youtube-გაკვეთილი, სადაც მოცემულია უამრავი ვიდეო ჩვენი წონისა და ფორმების მიხედვით.
ვარჯიშზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ აპლიკაციები, რომლებიც შეგვიძლია საკუთარი ფიზიკური მონაცემების მიხედვით ვმართოთ და ვაკეთოთ ის ვარჯიშები, რომლებსაც ჩვენი სხეული საჭიროებს.
და რასაკვირველია, სუფთა ჰაერზე სიარული, რომელიც არა მხოლოდ სხეულისთვის ტონუსის მისანიჭებლად, არამედ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად იდეალური საშუალებაა. მეტიც − გაჯანსაღების ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.
დაბოლოს... მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც პანდემიას ახლავს, შეგვიძლია რესურსები, რომელსაც სამყარო გვთავაზობს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და გავაგრძელოთ საქმიანობა, რომელიც აქამდე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილს წარმოადგენდა.