ხელები სხეულის ყველაზე მეტად დატვირთული ნაწილია, რადგან სწორედ მათი მეშვეობით ვაკეთებთ უამრავ საქმეს. მტვრევადი ფრჩხილები, კანის აქერცვლა და გამოშრობა ყველაზე გავრცელებული პრობლემებია. თუმცა, სხვადასხვა მეთოდის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ისინი. სწორედ ამიტომ Health and Beauty Book მოგცემთ რამდენიმე რჩევას ხელების მოვლასთან დაკავშირებით.
დავიწყოთ სილამაზით: ვინაიდან ხელებს ყველაზე მეტად ეტყობა ასაკი, ყოველკვირეული ხარისხიანი მანიკიური აუცილებელ პროცედურად მიიჩნევა. გაიქლიბეთ ფრჩხილები თქვენი რჩეული ზომამდე და წაისვით სასურველი ფერის ლაქი.
ხშირად გამოიყენეთ ხელის კრემი, განსაკუთრებით – წყალთან შეხების შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ წყალი, საპონი, საყოფაცხოვრებო საშუალებები კანს აშრობს. ნუნის არეში ყოველდღიურად შეიზილეთ სპეციალური ზეთი ან კრემი, რომელიც მას დაარბილებს და ფრჩხილების ჯანსაღ ზრდას დაეხმარება. უკეთესი ეფექტის მისაღებად, ეს ძილის წინ გააკეთეთ. ასევე სასურველია ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას გაიკეთოთ რეზინის ხელთათმანები, რადგან არ დაუშვათ ჭუჭყისა და აგრესიული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება თქვენს კანზე. ფრჩხილები ზიანდება და სუსტდება წყალთან მუდმივი შეხების დროს.
ხშირად იხმარეთ სკრაბი, რათა მკვდარი უჯრედები მოშორდეს. ამით ხელის კრემს კანის ღრმა ფენებში უკეთ შეწოვის საშუალება მიეცემა. გაიკეთეთ თითებისა და მტევნების მასაჟი სისხლის ცირკულაციის მიმართულებით. ამ მიზნით გამოიყენეთ ხელის კრემი, რამდენიმე წვეთი ქოქოსის ან ნუშის ზეთი და დაიმასაჟეთ ხელები, რათა შეინარჩუნოთ მსუბუქი და ჯანმრთელი კანი. ხელზე კრემი თანაბრად გადაინაწილეთ. კრემი ფრჩხილების ფუძეებში ყოველღამე შეიზილეთ.
შუაზე გაჭრილი ლიმონის საშუალებით გაკეთებული მასაჟი ხელებს სძენს სიმსუბუქეს, აშორებს ლაქებს და ამაგრებს ფრჩხილებს. ხელის სიმსუბუქისათვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კიტრის წვენი, შერეული რამდენიმე წვეთ გლიცერინთან.
კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც უნდა ანდოთ პროფესიონალებს, არის ხელების კანის ინიექციური პროცედურები, რომელთა დახმარებით უკვე დაზიანებული, გამომშრალი კანის რეაბილიტაცია და ასაკობრივი ცვლილებების კორექციაა შესაძლებელი. არ მისცეთ უფლება ხელების კანს, მოვლილ სახესა და სხეულს ხაზი გადაუსვან.