თავის მოვლა ყველა ქალბატონისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს მუდმივად სასურველი ფიზიკური ფორმისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ხშირად ვხედავთ ლამაზ გოგონებს, რომლებიც მუდამ განსაკუთრებულად გამოიყურებიან და გვიჩნდება შეკითხვა − რა არის მათი სილამაზის საიდუმლო? სწორედ ამიტომ OK! Health and Beauty Book გიამბობთ ულამაზესი ლალი გუშიკაშვილის თავის მოვლის რუტინას.
• ისევ და ისევ ჯანსაღი კვება! ჯანსაღი კვების გარეშე, ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს.
• ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ფიზიკური აქტივობაა. მუცლისა და გვერდების დასათხელებლად, ძალიან კარგი გამოსავალია ფეხით სიარული. ჯანმრთელობისთვისაც კარგია და წონის კორექციისთვისაც. გარდა ამისა, ფსიქიკაზეც კარგად მოქმედებს.
• თუ გვინდა კარგი შედეგი, აუცილებელია სხვადასხვა პროცედურა, მათ შორის: ხელით და აპარატურული მეთოდით მასაჟი, წელიწადში ორჯერ.
• ჩვენს კანზე მორგებული დამატენიანებელი კრემები, რომლებიც შეგვიძლია საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად შევიძინოთ თუნდაც აფთიაქებში.
• სილამაზისა და ახალგაზრდობის მთავარი მტერი სიგარეტია, რადგან ნებისმიერი პროცედურა უშედეგოა, თუ ხართ თამბაქოს მომხმარებელი.
• ინიექციები კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდია ლამაზი და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად, თუმცა რასაკვირველია, ზომიერად.
• აუცილებელია ნიღბები სახის დასამშვიდებლად და დასატენიანებლად.
• რასაკვირველია, წყალი, დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი, რათა კანი არ გამოგვიშრეს.
• ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მაკიაჟი. შესაძლოა, არ იყოს ძალიან გადატვირთული, მაგრამ მაინც მგონია, რომ მსუბუქი ყოველდღიური მაკიაჟი ყველა ქალს უხდება.
• დაბოლოს, სპა, რომელიც ყველა ქალბატონისთვის აუცილებელია განტვირთვისა და დასვენებისთვის. თუ არ გვაქვს სპა-სალონში წასვლის საშუალება, შეგვიძლია სახლის პირობებშიც მოვიწყოთ სპა-პროცედურები.