ხომ გაგიგიათ, ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო? სწორედ ასეთია OK! Health and Beauty Book-ის იანვრის ნომრის მოწვეული რედაქტორი − ლალი გუშიკაშვილი. მისი რედაქტორობით დაბეჭდილ ჟურნალში ბევრ ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას გაეცნობით სილამაზისა და ჯანმრთელობის მიმართულებით. როგორია მისი ყოველდღიური რუტინა, რამდენად აქტიურად არის დაკავებული ჯანსაღი ცხოვრების წესით, თავის მოვლით, ვარჯიშით − ყოველივე ამის შესახებ ლალი თავად უამბობს ჩვენს მკითხველს.
ლალი, რამდენად საინტერესო იყო რედაქტორის ამპლუაში ყოფნა და გქონიათ თუ არა აქამდე მსგავსი გამოცდილება?
მსგავსი გამოცდილება აქამდე არ მქონია, პირველია და ძალიან მომწონს. მიყვარს მოძრაობა, ცვლილებები და არასოდეს ვუშინდები გამოწვევებს. პირველად რომ მივიღე ეს შემოთავაზება, უფრო მეტად პასუხისმგებლობის აღების შემეშინდა, თუმცა მივხვდი − ეს იყო შესაძლებლობა, ხმა მიმეწვდინა ქალბატონებისთვის, რადგან სოლიდარობის გრძნობა ქალების მიმართ ყოველთვის გამძაფრებული მქონდა. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ ადამიანს მაინც მივცემ მოტივაციას ჩემი გამოცდილების გაზიარებით.
რას წაიკითხავს მკითხველი OK! Health and Beauty Book-ში?
OK! Health and Beauty Book-ში მკითხველი სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში არსებულ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს გაეცნობა. მათ შორის, ისეთებს, როგორიცაა: ჯანსაღი კვება, თავის მოვლა, მასაჟი, ვარჯიში და სხვა. ვფიქრობ, ეს იქნება ჟურნალი, რომელიც ყველა ქალბატონის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თავისი რჩევებითა და რეკომენდაციებით.
რა როლს ასრულებს ჯანსაღი კვება თქვენს ცხოვრებაში?
ძალიან მიყვარს კულინარია, ერთგვარი ხელოვნებაა ჩემთვის. კვებას ბოლო ერთი წელია, რაც სრულიად სხვა თვალით შევხედე. სიმართლე გითხრათ, ეს პანდემიამ განაპირობა. ბევრი წავიკითხე, ვისწავლე, გავიარე კურსები და სიღრმისეულად შევისწავლე ზოგადად ეს სფერო. დავრწმუნდი იმაში, რომ ისე გამოვიყურებით, როგორც ვიკვებებით.
ვინაიდან წონის პრობლემა არასოდეს მქონია, თავს უფლებას ვაძლევდი მიმეღო ის საკვები, რომელიც მსურდა, თუმცა გადავწყვიტე გადავსულიყავი ჯანსაღ კვებაზე. ამიტომ ავირჩიე 18-საათიანი კვება. პარალელურად, ვიღებ დიდი რაოდენობით წყალს და შევამცირე ნახშირწყლები. მთლიანობაში, თავს სტრესს არ ვაყენებ, ვიკვებები ძალიან ნოყიერად. საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩემთან ყველაზე ახლოსაა „კეტო-დიეტა“. ვარ ძალიან მსუბუქად და კომფორტულად, რაც მთავარია − დანაყრებული. სტრესის გარეშე იკლებთ არასასურველ კილოგრამებს. ძალიან მალე საზოგადოებას ჩემი კვების პროგრამასაც შევთავაზებ.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფიზიკური აქტივობა?
ყოველ დილით დავდივარ კუს ტბაზე, სუფთა ჰაერზე. თუ დრო მაქვს, ძილის წინაც დავდივარ ხოლმე ერთი საათის განმავლობაში სწრაფი ტემპით. კვირაში 3-4-ჯერ ჩემი მწვრთნელის, ნატალიას დახმარებით პილატესსაც ვვარჯიშობ. გარდა ამისა, დღის განმავლობაში 200-300-ჯერ პრესის ვარჯიშს ვაკეთებ.
არ ვარ ძალიან სპორტული, მაგრამ მაინც ვცდილობ მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო.
როგორია თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა?
მაქვს ჩემი საყვარელი კრემების ბრენდი და დილა-საღამოს აუცილებლად ვისვამ. არ მიყვარს ექსპერიმენტები, მირჩევია პროფესიონალს ვკითხო რჩევა და დარწმუნებული ვიყო შედეგში.
ინიექციებს რაც შეეხება, წელიწადში ერთხელ ბიორევიტალიზაციას ვიტარებ. სამ წელიწადში ერთხელ ვიტარებ აპტოსის ძაფებს და წელიწადში ერთხელ ბოტოქსს. ძალიან პრობლემური კანი მქონდა და რაც კვება დავაბალანსე, გადამეწმინდა სახის კანი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კანის სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ კვებაა. ამოვიღე გლუტენი, ლაქტოზა და გლუკოზა. სულ სხვანაირი გამიხდა როგორც სახის კანი, ასევე თმის სტრუქტურა.
გვესაუბრეთ ჩაცმის სტილზე.
არასოდეს მივყვები ტრენდებს და მოდას. რაც მომწონს და მიხდება, იმას ვიცვამ. არც ბრენდებზე მაქვს გართულება, მაგრამ მნიშვნელოვანია ხარისხი.
რამდენად აქტიურად ხართ ჩართული ოჯახურ საქმეებში?
გათხოვილი ვარ უკვე 17 წელია. ჩემი მეუღლე ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობარია, საამაყო ადამიანია, რომელიც არის არა მხოლოდ არაჩვეულებრივი მეუღლე, არამედ საუკეთესო მამა, შვილი, მეგობარი... ყველაფერს მას ვუზიარებ და ყოველთვის ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს. მყავს 2 გოგონა − 16 წლის და 12 წლის. უფროსი ძალიან ენერგიული და აქტიურია. პატარა ძალიან ნაზი და მშვიდია. ჩემი შვილების აღზრდის ყველა დეტალში ჩართული ვარ, ცოტა ზედმეტადაც კი.
14 წელი დიასახლისი ვიყავი, ჩემი თავი ოჯახს მივუძღვენი, თუმცა ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს არცთუ სწორი გადაწყვეტილება იყო. ბოლო ორი წელია, რაც აქტიური ცხოვრება დავიწყე ფინანსური პრობლემების გამო. ყოველთვის მქონდა შემოთავაზებები გადაღებებზე და ამ პრობლემის გამო დავიწყე დათანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყოველდღიურობა მხოლოდ დიასახლისობით შემოიფარგლებოდა, მუდამ ფორმაში ვიყავი, არ ვეშვებოდი. 38 წლის ასაკში დავუბრუნდი სამოდელო კარიერას. ამ ეტაპზე მაქვს 4 სამსახური. თავდაპირველად, გავხდი ერთ-ერთი სალონის სახე, შემდეგ კი Ameus-ის ოფიციალური სახე და პარალელურად დავინიშნე გენერალურ დირექტორად. ამის შემდეგ გავხდი რადიო NRJ-ის ერთ-ერთი წამყვანი. ნამდვილად არ ველოდებოდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამომივა. გარდა ამისა, ვმუშაობ საინვესტიციო კომპანიაში, PR-ის დეპარტამენტში.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო და ენერგია ესაჭიროება ამ ყველაფერს, მაინც კარგად ვაბალანსებ ერთმანეთთან. გარკვეული პერიოდის წინ დეპრესიის ნიშნები მქონდა და ამ აქტიურმა ყოველდღიურობამ გამომიყვანა მდგომარეობიდან.
რამდენად აქტიურად ხართ დაკავებული სოციალური ქსელებით?
ბლოგერობას აქვს თავისი წესები, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცავ. პოსტებს ვათავსებ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სურვილებიდან და ემოციებიდან გამომდინარე. ალბათ, სწორედ ეს მოსწონთ ჩემს გამომწერებს.
რას ეტყოდით ქალბატონებს?
ქალბატონებს ვეტყოდი, რომ უპირველესად შეიყვარონ საკუთარი თავი, რადგან თუ ჩვენი თავი გვიყვარს − გვიყვარს ყველა და ყველაფერი. თუ ჩვენს თავს პატივს ვცემთ − სხვაც გვცემს პატივს. სიამოვნება უნდა მივიღოთ ყველაფრისგან, რასაც ვაკეთებთ. არ მოვეშვათ და არ მივეცეთ დეპრესიას. შევიყვაროთ სამყარო ისეთი, როგორიც არის და თავად გავაუმჯობესოთ ჩვენი ყოველდღიურობა. მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის.
ფოტო: ანა კოსტამაროვა