ესთეტიკის ცენტრი B.B. Queen 2 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ ერთგულად ემსახურება თავის მომხმარებლებს. აქ მოსულ სტუმრებს დახვდებათ მშვიდი, თანამედროვე გარემო და პროფესიონალთა გუნდი. აღნიშნულ ესთეტიკის ცენტრში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ფრჩხილის მოვლისა და კოსმეტოლოგიური პროცედურებით. OK! პირადად გაესაუბრა Beauty Bar Queen-ის დამფუძნებელ მარტა აიგროს.
გვიამბეთ B.B. Queen-ის დაარსების ისტორია.
უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრებ სახელწოდების შესახებ. ინსპირაციის წყარო იყო ბრიტანული როკჯგუფი Queen, რომელიც დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო და დაუვიწყარია საკუთარი მუსიკით და პროფესიონალიზმით. შესაბამისად, ჩემი და არა მარტო ჩემი, არამედ მთელი მსოფლიოს სიყვარულიდან და პატივისცემიდან გამომდინარე, დღემდე არავის უთმობს პირველობას და მკაცრად იპყრობს მსმენელის გულს. ამ ჯგუფმა და კონკრეტულად მისმა სოლისტმა − ფრედი მერკურიმ დაამსხვრია ყველა სტერეოტიპი, ბარიერი, წინაღობა, და დღეს ის ლეგენდების სიაში წერია. შესაბამისად, ვფიქრობ, მარტივი აღსაქმელია, თუ რატომ Queen. რაც შეეხება უშუალოდ მისი შექმნის ისტორიას, იგი მას შემდეგ დაარსდა, რაც სამედიცინო განათლება მივიღე რუსეთში და კოლეჯი დავამთავრე კოსმეტოლოგიის მიმართულებით. თავდაპირველად, ჩემსავე პროფესიით ვმუშაობდი სოჭში 5 წელი, ხოლო შემდეგ კიევში 2 წელი. პირადი მიზეზებიდან გამომდინარე, ორ ქალაქს შორის უნდა ამერჩია − მოსკოვი ან თბილისი. ჩემმა განსაკუთრებულმა სიყვარულმა განაპირობა თბილისის არჩევა. დავბრუნდი საქართველოში და დავიწყე აქ საქმიანობა, დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Beauty Bar Queen 2 წელია ერთგულად ასრულებს მომხმარებლის ყველა სურვილს და პირველობასაც ინარჩუნებს.
რა სახის პროცედურებს სთავაზობს B.B. Queen მომხმარებლებს?
უპირველესად, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ B.B. Queen-ში სტერილიზაციის ნორმები დაცულია 100%-ით. სტერილიზაცია ხდება ავტოკლავით, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გამოიყენება ქირურგიული ხელსაწყოების და სამედიცინო ნივთების სტერილიზაციისათვის. ამ საკითხზე პირადად მე ვარ პასუხისმგებელი. რაც შეეხება უშუალოდ პროცედურებს, ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ფრჩხილის მოვლისა და კოსმეტოლოგიურ მომსახურებას, კერძოდ − ბიორევიტალიზაციას, ფილერს და სახის ულტრაბგერით წმენდას, პერმანენტსა და სხვა მრავალ კოსმეტოლოგიურ პროცედურას.
გვესაუბრეთ ჯავშნის გაფორმების ვადებთან დაკავშირებით.
ჯავშნის გაფორმება შესაძლებელია 2-3 დღით ადრე, რადგან ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეული მომხმარებლის დროს და ვქმნით მაქსიმალურ კომფორტს ყველა საკითხში, რათა სტუმარი კმაყოფილი დარჩეს. გამონაკლისია მხოლოდ სადღესასწაულო პერიოდები, როდესაც უფრო ადრე ჯავშნიან B.B. Queen-ში ადგილს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯავშნის გარეშეც შესაძლებელია მომხმარებლის მიღება ჩვენს ესთეტიკის ცენტრში.
გვესაუბრეთ იმ პროდუქციის შესახებ, რომელსაც პროცედურებისას გამოიყენებთ.
ვინაიდან ჩვენ ვკონცენტრირდებით მხოლოდ ხარისხზე და არა რაოდენობაზე, პირადად ვზრუნავ ამ საკითზე და საქართველოში სამი ბრენდი შემომაქვს. ბრენდი „ლუქსიო“ მოსკოვიდან ჩამომაქვს, ხოლო კიევიდან − „გლოსი“. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი პირველმა სწორედ ჩვენმა ესთეტიკის ცენტრმა შემოიტანა საქართველოში. თუმცა, რა თქმა უნდა, მანამდე გარკვეულ სემინარებს დავესწარი, რათა დავრწმუნებულიყავი „გლოსის“ ხარისხსა და ეფექტურობაში. მხოლოდ მას შემდეგ შევთავაზე აღნიშნული პროდუქტი ჩვენს კლიენტებს. ამის შემდეგ, „გლოსმა“ შემომთავაზა, ვყოფილიყავი მისი წარმომადგენელი საქართველოში, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, დროებით გადაიდო მოლაპარაკება. შემდეგი პროდუქტი, რომელსაც ჩვენთან შეხვდებით, არის „დაკორდა“, რომელიც ასევე მოსკოვიდანაა. მისი პროდუქცია შედარებით დაბალფასიანია, ვიდრე „ლუქსიო“ და „გლოსი“, თუმცა არანაკლებ ეფექტიანი და მოთხოვნადი.
მთავარი ნიშა, რომელიც B.B. Queen-ს გამოარჩევს ესთეტიკის სხვა ცენტრებისგან...
ჩვენ მომხმარებელს ვუქმნით კომფორტულ, თანამედროვე, მყუდრო და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გარემოს. თმის პროცედურები არ გვაქვს, რადგან არ დაირღვას სასიამოვნო გარემო. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენთან დაცულია სტერილიზაციის ყველა ნორმა. თითოეულ მომხმარებელს ვუთმობთ მაქსიმალურ დროსა და ენერგიას, ვზრუნავთ მათ განწყობაზე გემოვნებიანი მუსიკით, ვუმასპინძლდებით უგემრიელესი ყავით და ვთავაზობთ უამრავ, მათ გემოვნებაზე მორგებულ პროცედურას. სწორედ ესაა ჩვენი სამუდამო პირველობის გარანტი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მომხმარებელს.
გვესაუბრეთ პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.
რა თქმა უნდა, ეს პერიოდი თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან რთული და მძიმეა, თუმცა ვცდილობთ მაინც გავიმხნევოთ თავი და დაველოდოთ უკეთეს მომავალს. იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლების ნაწილი თავს იკავებდა პანდემიის დროს სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებში ვიზიტისაგან, თუმცა ამ ფაქტორმა მაინც ვერ იმოქმედა მათ რაოდენობაზე, რადგან დავაწესეთ უმკაცრესი ნორმები, გამყოფი ბარიერები, დეზობარიერი, ბახილები და ყველა ის რეგულაცია, რომელიც მომხმარებელს დაცულად აგრძნობინებდა თავს. ჩვენ ასევე ვაკონტროლებთ მათ რაოდენობას, რის გამოც ვმუშაობთ დღეში მხოლოდ რამდენიმე სპეციალისტით. ვფიქრობ, ჩვენი პირველობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ B.B. Queen-ის სტრატეგიული მდებარეობაა. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ვაკეში, თაქთაქიშვილის 9-ში (ყოფილი რიგის ქუჩა).
B.B. Queen-ის სამომავლო გეგმები.
პირველად სწორედ ახლა, OK!-ისთან ინტერვიუში ვაცხადებ, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება არაერთი ისეთი სიახლე, როგორიცაა კოსმეტოლოგიის გაფართოება, ლაზერული პროცედურებისა და მასაჟის დამატება და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, გეგმა უკვე გაწერილია, რომელსაც ძალიან მალე მთლიანად განვახორციელებთ, ამიტომ თვალი გვადევნეთ.