კოსმეტოლოგიაში ბოტოქსი და მისი ანალოგი − დისპორტი გამოიყენება მიმიკური ნაოჭების მოსაშორებლად. მიმიკურ ნაოჭებს მიმიკური კუნთების აქტივობა განაპირობებს. მათი დაძაბვისას კანზე წარმოიქმნება ნაკეცები, რომლებიც დროთა განმავლობაში ბოლომდე აღარ სწორდება და ყალიბდება მიმიკური ნაოჭები. პრეპარატის ინიექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს. სწორედ ამიტომ, ჟურნალი OK! გაგაცნობთ ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმს, დერმატო-კოსმეტოლოგ ნინო კურკუმულს, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობს ამ პროცედურის შესახებ.
ქალბატონო ნინო, რა არის და რაში გამოიყენება ბოტულინო-ტოქსინის პრეპარატი?
დისპორტი − ეს არის ბოტოქსებს შორის საუკეთესო ფრანგული პრეპარატი, რომელიც აქტიურად გამოიყენება როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში. დისპორტის, ანუ ბოტულინო-ტოქსინის გაკეთების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იყოს 25-27 წლიდან ზემოთ, რომ აღენიშნებოდეს მიმიკური ნაოჭები − შუბლის არეში, წარბებს შორის, თვალების ირგვლივ და ცხვირის მიდამოებში.
როგორია პროცედურის ჩატარების პროცესი?
შევდივართ უშუალოდ კუნთებში. ბოტულოტოქსინი პირდაპირი ზეგავლენით არ მოქმედებს კუნთოვან ქსოვილზე და მის სტრუქტურაზე. ის მხოლოდ დროებით, ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გატარებას არღვევს, რითაც, ფაქტობრივად, აჩერებს კუნთის შეკუმშვას. პრეპარატი ბლოკავს კუნთის აქტიურობას, რის შედეგადაც კუნთი ვეღარ იკუმშება ისეთი ხარისხით, როგორც მანამდე. შედეგად, აღარ წარმოიქმნება და კუნთების მოდუნების ხარჯზე სწორდება მიმიკური ნაიჭები.
პროცედურა გრძელდება 10 წუთის განმავლობაში. ბოტულინო-ტოქსინის ფხვნილი ზავდება ფიზიოლოგიურ წყალში და კეთდება ერთეულების მიხედვით. რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, მით უფრო ნაკლები ერთეულია საჭირო.
ვინაიდან ბოტოქსი კეთდება კუნთებში, 60 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში მის ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან მიმდინარეობს კუნთების განლევა და არ მიიღება სასურველი შედეგი.
რატომ ბოტულინო-ტოქსინი?
ბოტულინო-ტოქსინი, ანუ დისპორტი ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც ტრანსფორმაცია განიცადა და ბაზარზე არსებული ანალოგებისგან განსხვავებით არა კომპლექსური, არამედ მონოკომპონენტური ცილაა, ანუ ის მაქსიმალურადაა გასუფთავებული და მხოლოდ იმ სამიზნე გუნდზე მუშაობს, რომლის გათიშვაც გვსურს. ზოგადად, ბოტულინო-ტოქსინის ფუნქცია ნერვ-კუნთოვანი სისტემის დროებითი გათიშვაა, ანუ ითიშება მიმიკური კუნთი, ივსება ნაოჭის ადგილი და ფერხდება ახალი და უფრო ღრმა ნაოჭის წარმოქმნა. აღსანიშნავია, რომ არ აქვს დიფუზური მოქმედება და არ ცვლის სახის მიმიკას.
რა შუალედებით შეგვიძლია ბოტოქსის გაკეთება?
პირველი პროცედურის შემდეგ, მიმიკური ნაოჭები საშუალოდ 4-6 თვით სწორდება. ამ დროის გასვლის შემდეგ ბოტოქსით ბლოკირებული ნერვ-კუნთოვანი კავშირები აღდგება, კუნთთა ბოჭკოები ისევ იკუმშება და ნაოჭებიც ხელახლა ჩნდება, ამიტომ შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი ხელმეორედ შეყვანა. 3-5 სეანსის შემდეგ, გადასწორებული ნაოჭების ეფექტი, წესისამებრ, 10-12 თვეს ძლებს.
რა ასაკიდან არის რეკომენდებული ამ პროცედურის ჩატარება?
ბოტოქსის ჩატარება რეკომენდებულია 30 წლის ასაკიდან ზემოთ, რადგან ადრეულ ასაკში ნაოჭები მაინცდამაინც არ იჩენს თავს. მნიშვნელოვანია პროცედურა ჩატარდეს სწორად, რათა პაციენტს არ შეუცვალოს მიმიკა.
როგორია ბოტოქსის ჩატარებიდან მომდევნო რამდენიმე დღე? რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ?
ორი დღის განმავლობაში აუცილებელია განსაკუთრებული მოვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3-4 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული დაწოლა, რადგან შუბლის არე არ მოხვდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. 2 დღის განმავლობაში არ შეიძლება ალკოჰოლი, ცხელი შხაპი, ვარჯიში. ბოტულინო-ტოქსინის საბოლოო შედეგის მიღებას ესაჭიროება საშუალოდ 7-10 დღე.
ახასიათებს თუ არა პროცედურას უკუჩვენება?
უკუჩვენება შესაძლოა იმ შემთხვევაში გამოვლინდეს, თუ პროცედურა არ არის სწორად ჩატარებული. ანუ, თუ სწორად არ არის კუნთებში გადანაწილებული ტოქსინი, შესაძლოა ამან ფტოზი გამოიწვიოს.