ვარდისფერი ფურცლები გაყიდვების კატალოგში, „ვარდისფერი სივრცე“, ვარდისფერი ოქტომბერი – ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანიას AVON მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა აქტივობით უჭერს მხარს და უზარმაზარ რესურსს ახმარს. AVON სილამაზისა და კოსმეტიკის ინდუსტრიის საერთაშორისო ბრენდია, რომელიც უკვე 135-წლიან ისტორიას ითვლის მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში კომპანია უკვე 12 წელია წარმოდგენილია.
„ვარდისფერი სივრცე“ 2019 წლის მარტში კომპანია Avon-ისა და „ევროპა დონა საქართველოს“ ერთობლივი ძალისხმევით გაიხსნა. სივრცის მოსაწყობად და ფუნქციონირებისთვის, კომპანია Avon-მა „ევროპა დონა საქართველოს“ 50 000 ლარი გადასცა და დღემდე აგრძელებს მის დაფინანსებას.
„ვარდისფერი სივრცე“ ძუძუს კიბოსთან მებრძოლი ადამიანების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ცენტრია. ეს არის ადგილი, სადაც ყოფილი პაციენტები თავიანთ ცოდნას, გამოცდილებასა და ემოციებს უზიარებენ მათ, ვისაც ახლა სჭირდება დახმარება ამ ურთულეს გზაზე. პაციენტები პაციენტებისთვის – ხშირად ასეც უწოდებენ სივრცეს.
ანა ცხადაძე, „Avon საქართველოს“ დირექტორი:
„კომპანია Avon-ისთვის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მისია არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალური მასშტაბით ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. უკვე ათეული წლებია, რაც კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აფინანსებს უამრავ პროექტს, რათა ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას.
რაც შეეხება თავად „ვარდისფერ სივრცესა“ და მის მთავარ მიზანს, ეს არის ერთადერთი ადგილი ონკოპაციენტებისთვის, სადაც მათ სრულიად უფასოდ ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეუძლიათ, რაც დაავადებასთან ბრძოლის პროცესში უმნიშვნელოვანესია. ეს არის სივრცე, სადაც ასობით ქალი ერთმანეთს უცვლის ინფორმაციას ზოგადად ძუძუს კიბოს შესახებ, განვლილი მკურნალობის კურსისა და დაავადების თანმდევი პრობლემების, ქვეყანაში არსებული მკურნალობის მეთოდების, მედიკამენტებისა და დაფინანსების პროგრამების შესახებ. აქ მისულ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ ყველა კითხვაზე შეუძლიათ პასუხის მიღება, აქვთ განტვირთვის შესაძლებლობა, რადგანაც სივრცე გვთავაზობს სხვადასხვა არტ-თერაპიულ აქტივობას, როგორიცაა ხატვა, ქსოვა, ინგლისურის შემსწავლელი კურსები, ფიტნესი, ზუმბა, ცეკვა და სხვა – რა თქმა უნდა, უფასოდ.
დაავადებასთან ბრძოლის პროცესში, ინფორმირებულობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა, მკურნალობის სწორად დაგეგმვა, ფსიქოლოგიური და ემოციური მზადყოფნა, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამიტომაც „ვარდისფერი სივრცის“ მთავარი მიზანი და მოწოდებაა რეგულარული შემოწმება, განსაკუთრებით კი 40 წლის ზემოთ ქალბატონებში. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა რეგულარულად და ხშირი შემოწმება შესაძლოა გახდეს დაავადების ნაადრევ სტადიაში აღმოჩენის მიზეზი და იხსნას პაციენტის სიცოცხლე. ამიტომ, „ვარდისფერი სივრცის“ კარი ღიაა ნებისმიერი ონკოპაციენტისთვის თუ უბრალოდ ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, ვისაც შეკითხვებზე საჭირო პასუხების მიღება სურს“.
ფიზიკურ პრობლემებთან ერთად, ონკოპაციენტებს ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ. ფსიქოლოგიური დახმარება და მკურნალობის კურსთან დაკავშირებით ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია ყველა ადამიანისთვის, ვინც დაავადებას ებრძვის.
ანა მაზანიშვილი, „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი:
„მას შემდეგ, რაც თავად გადავლახე ონკოლოგიური დაავადება, ოცნებად მქონდა, შექმნილიყო სივრცე, სადაც ჩემი განვლილი გზის შესახებ ვუამბობდი მათ, ვინც ჩემ შემდეგ დადგნენ პრობლემის წინაშე. სადაც შევკრებდი ყველას, ვისაც საუბარი და მხარდაჭერა სჭირდება, და ეს ოცნება განხორციელდა. Avon-ის დიდი მხარდაჭერით შევქმენით „ვარდისფერი სივრცე“.
ეს კომპანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობს და, დარწმუნებული ვარ, სიკეთე უკან დაუბრუნდება. დღეს აქ ასობით ქალი იკრიბება და ერთმანეთს მომდევნო ეტაპების გავლაში ეხმარებიან. „ვარდისფერი სივრცის“ გარდა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების არც ერთი ორგანიზაცია არ არსებობს. ეს არის ჩვენი ერთადერთი კომფორტის ზონა.
„ვარდისფერ სივრცეში“ მისული ასობით დაბნეული, გულჩათხრობილი ქალი, რომელსაც ამ მძიმე სენის სახელის ხსენებაც კი არ სურს, რამდენიმე თვის შემდეგ ლაღ, ძლიერ, ინფორმირებულ პიროვნებად იქცევა, რომელსაც სჯერა, რომ კიბოს დაამარცხებს. ამ სივრცის გამოცდილი პაციენტები კი, რომლებმაც დაავადებაზე გაიმარჯვეს, სხვებს აძლევენ ყველა იმ რჩევას, რაც მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ“.
Avon-ის თითქმის ყველა კატალოგში შეხვდებით ვარდისფერი ლენტის პროდუქტებს, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა აკუმულირდება ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ფონდში. სწორედ ამ ფონდში შეგროვებული თანხებით დაფინანსდა „ვარდისფერი სივრცის“ პროექტი და ფინანსდება სხვა ნებისმიერი აქტივობა, რაც დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
შესაბამისად, ამ პროდუქტების შეძენით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Avon-ი თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს შესაძლებლობას, გავხდეთ ქველმოქმედი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ უდიდეს, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეში.
კომპანია Avon-ი კი, რა თქმა უნდა, საქველმოქმედო ფონდში თანხების აკუმულირებით აგრძელებს „ვარდისფერი სივრცის“ დაფინანსებას და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას საქართველოში. კომპანიის მთავარ მისიას, ხელი შეუწყოს ქართველი ქალების განვითარებასა და გაძლიერებას, მათი ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას, ემატება ისიც, რომ ქალების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.