„კიდევ არაერთი ფილიალითა და ინოვაციური პროექტებით გვიხილავს ჩვენი ერთგული მომხმარებელი ბაზარზე“
იდეები გააერთიანეს, შემდეგ ფრთები შეასხეს და დღეს ისინი სილამაზის ცენტრ „ბიუთი ლაბის“ მფლობელები არიან. ერთნაირად უყვართ ის საქმე, რომელშიც მთელი ძალა და ენერგია ჩადეს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ინოვაციური სიახლეების დანერგვითა და შეთავაზებით, მუდმივად ჰყავდეთ კმაყოფილი მომხმარებელი. კონკრეტულად, რა გზა გამოიარეს დღევანდელ დღემდე და როგორია ოთხი მეგობრის სამომავლო გეგმები – აღნიშნულთან დაკავშირებით, OK! ბათუმთან სილამაზის ცენტრ „ბიუთი ლაბის“ დამფუძნებლებმა – ნინო და სალომე ლოლუამ, ასევე თამუნა ჯიშკარიანმა და ქეთი შურღაიამ ისაუბრეს.
ალბათ, ყველა ქალბატონის ოცნებაა შექმნას რაიმე ისეთი, რაც უკავშირდება სილამაზეს, დახვეწილობას, ესთეტიკურ სიამოვნებას, თქვენ შემთხვევაში, მოგვიყევით როდის და როგორ გაჩნდა იდეა, შეგექმნათ სილამაზის ცენტრი „ბიუთი ლაბი“?
(ნინო ლოლუა): ყველა ქალის თავდაჯერებულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ როგორ გამოიყურება. XXI საუკუნეში უდიდესი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით და გვაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად ვიყოთ ჰარმონიაში ჩვენს მოთხოვნებსა და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესში. მოგეხსენებათ, ვცხოვრობთ პატარა ქალაქ ფოთში, სადაც უამრავი ქალბატონია, და რომლებიც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ სილამაზეს და ესთეტიკას. ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდა იდეა – ვიფიქრეთ, რატომ უნდა გავსულიყავით ქალაქიდან კონკრეტული პროცედურების ჩასატარებლად, როცა შეგვეძლო თავად გაგვეკეთებინა რაიმე ისეთი, რითაც შევძლებდით ქალბატონებისთვის ჯადოსნური სივრცის შექმნას და ვიზრუნებდით მათ კომფორტზე. ასეც მოვიქეცით და 2016 წელს ფოთში შემოვიტანეთ პირველი დიოდური ლაზერის უახლესი აპარატი, და იმ დროისთვის ქალაქში პირველი ესთეტიკური ცენტრი გავხსენით.
(თამუნა ჯიშკარიანი): ამავე წელს (2016 წელს), თითქმის გოგონების პარალელურად, მე და სალომემ ფოთში პირველი ნეილ-ბარი გავხსენით. პატარა, მყუდრო, სასიამოვნო და ლამაზი გარემო ქალბატონებისთვის. სრულიად ინოვაციური და განსხვავებული ინტერიერით და მომსახურების სტანდარტით იმ დროს არსებულ სალონურ მომსახურებებთან შედარებით, რამაც ძალიან გაამართლა. ერთ წელიწადში კი გადავწყვიტეთ დაგვეკავშირებინა ჩვენი საქმიანობები ისევ და ისევ მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად და ერთ სივრცეში კომპლექსურად სერვისის მისაღებად. გავერთიანდით და მეგობრემა 2018 წლიდან უკვე დავაარსეთ „ბიუთი ლაბის“ სახელწოდებით ჩვენი სილამაზის ლაბორატორია. და, აი, ჩვენ ბათუმშიც ვართ, უკვე 1 წელიწადია.
თითოეულ ახალ წამოწყებას სიძნელეები ახლავს. თქვენ შემთხვევაში რა იყო ეს და როგორ მოახერხეთ მისი გადალახვა?
(სალომე ლოლუა): რა თქმა უნდა, სირთულეებს წავაწყდით დასაწყისში. ფოთის ფილიალის შემთხვევაში, ეს იყო სიახლის დანერგვა, მომხმარებლისთვის ამ სიახლის სწორად მიწოდება და მისი ნდობის მოპოვება. დამეთანხმებით, ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ფოთში ესთეტიკის ნაწილი უკონკურენტო იყო, სალონური მომსახურება საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში შევთავაზეთ ფოთელ მომხმარებლებს, მაგრამ აქაც გვქონდა ჩვენი „ოქროს გასაღები“ – განსხვავებული და ახალი მიმართულებები, რამაც ხელი შეუწყო ამ სიძნელეების გადალახვას. ანალოგიურად, ბათუმშიც – ვიცოდით, რომ დიდი კონკურენციის პირობებში მოგვიწევდა ბრძოლა და აუცილებლად მოწინავე პოზიციაზე უნდა ვყოფილიყავით, რათა ამაყად გაგვეგრძელებინა წინსვლა. აქაც, ჩვენმა მაღალ ხარისხზე ორიენტირებულმა მომსახურებამ, სასიამოვნო გარემომ და კვალიფიციურმა პერსონალმა ითამაშა დიდი როლი.
რა სახის სერვისს სთავაზობს სილამაზის ცენტრი მომხმარებელს? რომელია თქვენი მთავარი ხაზი კოსმეტიკაში?
(ქეთი შურღაია): „ბიუთი ლაბი“ მომხმარებელს ქალთა და მამაკაცთა სრულ სალონურ მომსახურებას ცალ-ცალკე სივრცეებში სთავაზობს, რათა დისკომფორტი არ შეექმნათ. ასევე ვთავაზობთ, ბოლო თაობის დიოდის ლაზერით ეპილაციას, კოსმეტოლოგიურ მომსახურებას მაღალი ხარისხის პროდუქციით, სადაც ჩვენი მთავარი ხაზი „სოსკინის“ ბრენდია.
ბაზარზე, სადაც თქვენ საქმიანობთ, საკმაოდ დიდი კონკურენციაა. რა გამოგარჩევთ სხვებისგან? რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი თქვენზე?
(ნინო ლოლუა): ვფიქრობ, ის, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს, ისევ და ისევ უსაფრთხო გარემო და მომსახურების მაღალი ხარისხია, რომელსაც ერთვის პროფესიონალი თანამშრომლები და კვალიფიციური ექიმები.
როგორია თქვენეული სილამაზის ფორმულა? რა ნიუანსების გათვალისწინებას ურჩევთ ქალბატონებს?
(სალომე ლოლუა): როდესაც ვსაუბრობთ სილამაზეზე, უმნიშვნელოვანესია სამი ფაქტორი: მოვლილი და ჯანსაღი კანი, არამტვრევადი და მოწესრიგებული ფრჩხილები და მბზინვარე თმა. ჩვენი აზრით, ქალის სილამაზის ფორმულა ამ სამი ფაქტორის კომპლექტია. ამ ყველაფრის მისაღწევად და მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანია თავი ვანდოთ პროფესიონალებს და გამოვიყენოთ ხარისხიანი პროდუქცია. სილამაზეზე ზრუნვა კი ჩვენი ჯანმრთელობისა და წარმატების გარანტია.
რა როლს თამაშობს „ბიუთი ლაბი“ თქვენს ცხოვრებაში?
(თამუნა ჯიშკარიანი): ბრჭყალებში როლი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია, ფაქტობრივად, ჩვენი ყოველდღიურობა გახდა ეს ყველაფერი, ვინაიდან ბიზნესი დავიწყეთ და განვავითარეთ იმ სფეროში, რომელიც ყველაზე ახლოს იყო ქალბატონებთან. დამეთანხმებით, ამოვიღოთ სილამაზეზე ზრუნვა ყველა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, და ის, თუ ვის ანდობ შენს სილამაზეს, ეს უკვე ძალიან რთული თემაა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ისე, როგორც გვესიამოვნებოდა და მოგვეწონებოდა თავად რომ მოგვმსახურებოდნენ.
რა არის საჭირო იმისათვის, რომ გენდოს საზოგადოება?
(ქეთი შურღაია): საზოგადოების ნდობის მოპოვება არ არის მარტივი, მაგრამ ხარისხიანი მომსახურებით, მომხმარებელზე მორგებული სერვისით, მყუდრო გარემოთი, კვალიფიციური კადრებით, მომხმარებელს აძლევ ყოველდღიური რუტინისგან განტვირთვის საშუალებას და შემდეგ უკვე მოიპოვებ მის ნდობას და პატივისცემას. თუმცა, საზოგადოება რომ გენდოს, აუცილებელია იმუშავო მომხმარებლებისათვის სრულიად გამჭვირვალედ, რაც გულისხმობს ნამდვილად მაღალი ხარისხის პროდუქციით მომსახურებას უსაფრთხო გარემოში.
გოგონებო, მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე...
(თამუნა ჯიშკარიანი): ყოველი დღე ახალი გამოწვევაა და ამ გამოწვევებს ახალი იდეებით, გეგმებითა და მიზნებით ვხვდებით. ამ ეტაპზე „ბიუთი ლაბის“ ფილიალები წარმოდგენილია ფოთისა და ბათუმის ბაზარზე, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საბოლოო ლოკაციები. ჩვენი ერთგული მომხმარებელი ბაზარზე კიდევ არაერთი ფილიალითა და ინოვაციური პროექტებით გვიხილავს.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე