როგორ უვლიან თავს პლანეტის ულამაზესი გოგონები
1. დოუთზენ კრუზი
რჩევა ნომერი პირველი: დოუთზენი ძილის წინ თმაზე მუდამ ქოქოსის ზეთს იდებს. მოდელის მტკიცებით, ყოველდღიურად რამდენიმე წვეთი ქოქოსი ჯანსაღი თმის გარანტია გახდება. უძილობა მოდელი დედებისთვის ნაცნობი თემაა, თუმცა დოუთზენი ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურება. მთავარი საიდუმლო ოდნავ გამთბარი წამწამების ასაპრეხი და ბევრი ტუშია.
სახის გასუფთავებისას ჯერ ზეთს ისმევს, შემდეგ კი წყალს. „არასდროს დამიძინია დარწმუნების გარეშე, რომ ჩემი კანი აბსოლიტურად სუფთაა“ - აცხადებს კრუზი.
ბრწყინვალე მაკიაჟს დოუთზენისთვის ჰაილაითერი და ტონალური საშუალება განაპირობებს. და ბოლოს, ის არასდროს იღებს რუჯს SPF 50-ის გარეშე.
2. ჟიზელ ბუნდჰენი
ჟიზელი სამაგალითო ცხოვრების წესს მისდევს: ორგანიზმის აუცილებელი დეტოქსი წელიწადში ორჯერ, მაგიდაზე მხოლოდ საკუთარი ბაღის ხილი და ბოსტნეული და აშ. ბრაზილიელი მოდელი გვარწმუნებს, რომ სილამაზე შიგნიდან მოდის, ამიტომაც ყურადღებას კვებას აქცევს.
დილით, გაღვიძებისთანავე ერთ ჭიქა თბილ წყალს სვამს ლიმნით. საუზმეზე ბოსტნეულს, ხილს, კვერცხს, ქოქოსის ზეთსა და ავოკადოს მიირთმევს. დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სეზონურ ხილს იღებს, რათა ორგანიზმი ვიტამინებით შეავსოს. სახლში აკრძალულია თეთრი შაქარი და თეთრი ფქვილი. ვახშამს 6-ის ნახევარზე ამზადებს, რათა ორგანიზმმა დაძინებამდე საკვების გადამუშავება მოასწროს. ამ წესს ჟიზელი უკვე რამდენიმე წელია იცავს და დარწმუნებულია, რომ ჯანსაღ სილამაზეს სწორედ ეს განსაზღვრავს.
რაც შეეხება ყოველწლიურ დეტოქს პროცედურას, ამ დროს მხოლოდ სასარგებლო წვენებსა და სმუზებს იღებს და მედიტაციას ბევრ დროს უთმობს.
3. ემილი რატაკოვსკი
27 წლის მოდელი იდეალური კანის მდგომარეობით გამოირჩევა. მისი კოსმეტოლოგის გადმოცემით, ემილი რეგულარულად გადის ფერმენტოთერაპიის კურს. პროცედურა სამკურნალო ხასიათისაა, ასუფთავებს კანს და კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს.
ვარსკვლავის კიდევ ერთი სილამაზის ხრიკი დიოდური ფოტოთერაპიაა. ლაზერის მეშვეობით კანის ზედა ფენა განახლდება, ახალგაზრდავდება და დაღლილობის კვალი ქრება.
4. ელსა ჰოსკი
30 წლის ელსა საოცარ ფორმაშია: „რაც უფრო ბედნიერი ვარ, მით უფრო ნაკლებ წესს ვუწესებ საკუთარ თავს და მით უფრო კარგად გამოვიყურები“ - აღიარებს მოდელი. ელსა არასდროს იცავს მკაცრ დიეტებს, აქტივობებიდან მისდევს ცეკვით კარდიოს, ის მოიცავს მოძრაობებს, რომლებიც კუნთებს ტონუსში ამყოფებს. მუშაობს საკუთარ წონაზე და არა ჰანტელებით.
„ყოველ წელს უკეთ ვიგებ თუ რა სჯობს ჩემთვის და რა არა. ვფიქრობ საიდუმლო ბალანსშია. ნაკლებად მივირთმევ რაფინირებულ საკვებს, უფრო მეტად ორგანულს. ვიღებ ბევრ ბოსტნეულს და სასარგებლო ნივთიერებებს.“ ელსა კანზე ჯერ ჰიალურონის მჟავას იდებს, შემდეგ დამატენიანებელს და ბოლოს მაკიაჟს. ყოველთვის იყენებს ტონალურს, კონსილერს, თვალის ფანქარს და პუდრას.
კანის პრობლემების პერიოდში, ექიმის რჩევით გამოიყენა კრემი, რომელშიც საკუთარი სისხლი შედიოდა. ნაცრისფერი, გადაღლილი სახე შესამჩნევად გამოუცოცხლდა, ამიტომაც ჰოსკი ფიქრობს, რომ თუ საკუთარ სისხლს მსგავსი ეფექტის მოხდენა შეუძლია, საკუთარ ორგანიზმს ინდივიდუალურად და დაკვირვებით უნდა მოვუაროთ.
5. ირინა შეიკი
ირინა შეიკი გვაწმუნებს, რომ მისი გარეგნობა გენების და მეტაბოლიზმის დამსახურებაა. მაგრამ, შვილის გაჩენის შემდეგ, რაციონს უფრო დაკვირვებით არჩევს. თუ ადრე, მშვიდი სინდისით მიირთმევდა ძალიან ცხიმიან კარტოფილსა და ბურგერს, ახლა უპირატესობას სალათებს და სუპებს ანიჭებს, რომლებიც კუჭს ანაყრებენ, თუმცა არ ამძიმებენ.
დიეტებს არც შეიკი იცავს, ამიტომაც ფორმაში ყოფნისთვის სპორტს მისდევს, განსაკუთრებით საბრძოლო ხელოვნებას. გიჟდება ბოქსსა და ჯიუ-ჯიცუზე. „ამ სპორტში საკუთარი თავის შესასწავლად უამრავი მოძრაობაა, ყოველ ვარჯიშზე ვხვდები, რომ ადამიანთა შესაძლებლობები უსაზღვროა და ყველაფერი გონებიდან იწყება.“ თუმცა, ირინა ვერ იტანს სირბილს, რადგანაც მას ყველაზე მოსაწყენ აქტივობად მიიჩნევს.
6. როზი ჰანტინგტონი
როზი სილამაზის, სტილის და დახვეწილი ფიგურის მაგალითია. 31 წლის მოდელს დიეტის ნაცვლად, საკუთარი კვების წესები აქვს, რომლებიც არამხოლოდ სასარგებლოა ფიგურისთვის, არამედ განწყობის ამაღლებასაც ემსახურება. მოდელი 2 წელია არ მიირთმევს გლუტეინის შემცველობის პროდუქტებს, ასევე, უარი თქვა შაქარზე, ლაქტოზასა და ალკოჰოლზე. „თავდაპირველად რთული იყო, თუმცა ვიზუალურმა და შინაგანმა შედეგმა მოტივაცია მომცა. ვამჩნევდი როგორ იცვლებოდა ჩემი კანი და სხეული. ექსპერიმენტმა ძალა და ენერგიულობა შემმატა“. - აღიარებს როზი.
მოდელს გაღვიძებისას პირველ რიტუალად 1 ლიტრი წყლის დალევა აქვს დამკვიდრებული. საუზმეზე ცილებს მიირთმევს: მოხარშულ კვერცხს ან ომლეტს ისპანახით. სადილსა და ვახშამზე უპირატესობას ქათამს, ინდაურს ან თევზს ანიჭებს, გარნირად სალათით. მსგავსი რაციონი ორგანიზმს საჭირო მიკროელემენტებით ავსებს, განწყობას ამაღლებს და ტონუსში ყოფნას განაპირობებს.
7. ბელა ჰადიდი
22 წლის მოდელი ფორმებითა და გარეგნობით ჩვენს გაოცებას არ წყვეტს. უმცროსი ჰადიდი ფიზიკურ აქტივობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სავარჯიშო დარბაზში ბელა ფეხზე დამაგრებული სიმძიმეებით ვარჯიშობს. გაჩერების გარეშე 20 წუთი დარბის, შემდეგ ბოქსით კავდება და პრესის ვარჯიშებს აკეთებს. ასევე, მოდელის წარმატების საიდუმლო მოტივაციაშია. ერთადერთი ხერხი მიაღწიოს სარუველი სხეულის ფორმას, ვარჯიშში 100%-ის გაღებაა. გახდომისთვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ბოქსს და ბალეტს მიიჩნევს.
რაც შეეხება საკვებს, ბელა ცილის დიეტას იცავს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, საკუთარ თავს ერთ ნაჭერ პურზე უარს არ ეუბნება.
8. მირანდა ქერი
სუპერმოდელი თავის მოვლას სრული სერიოზულობით უდგება. პირველ რიგში, მირანდას კრისტალების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, განსაკუთრებით ვარდისფერი კვარცის, რომლითაც სახლი სავსე აქვს. მეორე რიგში საკუთარი სილამაზის კომპანიის მეშვეობით მუდამ ახალ ნატურალურ ინგრედიენტებს ეძებს. მირანდა დიდ დროს უთმობს შინაგან ბალანსს: იოგას, მედიტაციას და ასევე, ხშირად ამზადებს თავად - მსუბუქ და სასარგებლო საკვებს ბოსტნეულითა და ხილით.
ქერის ფავორიტი არომათერაპიაა. მისი აზრით, ეთერული ზეთების დღეში რამდენჯერმე შესუნთქვა კარგი განწყობის მთავარი საიდუმლოა. მირანდას სახლში მხოლოდ ორგანულ კოსმეტიკას მიაგნებთ. თვალის გარშემო არსებული კანის ზეთს მირანდა ყოველ დილით და საღამოს ისმევს. ტანის ზეთს მასაჟის შემდეგ ხმარობს, სახის ზეთს კი კრემის შემდეგ ბრწყინვალებისთვის ისმევს. მისი საყვარელი სახის ნიღაბი ალოეს და ვარდისფერ წყალს მოიცავს.
მირანდას რაციონი: საუზმეზე უგლუტეინო ტოსტი და კომბოსტოსგან, ისპანახისგან, კიტრისგან და ნიახურისგან მომზადებული მწვანე წვენი. სადილზე ქათმის მკერდი სალათით. ვახშამზე ბრინჯი თევზით.