CANNOLERIA − ეს არის იტალიური კონცეფციის კაფე თბილისში, რომელიც ქართულ ბაზარზე ივნისის დასაწყისში გამოჩნდა. კაფე მომხმარებლებს სთავაზობს უგემრიელეს დესერტს, ხარისხიანი პროდუქტებისგან შექმნილ გენიალურ გემოთა კომბინაციებს და მყუდრო გარემოს. OK! CANNOLERIA-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, დათუნა რეხვიაშვილს საკონდიტროს კონცეფციისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ ესაუბრა.
რას სთავაზობს საკონდიტრო მომხმარებლებს?
მომხმარებელს ვთავაზობთ ექსკლუზიურ პროდუქტს − კანოლს. ეს არის იტალიური დესერტი, რომელიც წარმოიშვა კუნძულ სიცილიაზე და დღეს სიცილიურ სამზარეულოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. იგი შედგება მილის ფორმის ხრაშუნა ცომისგან, რომელიც სავსეა ტკბილი რიკოტას კრემით. ასევე, ჩვენს მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს იტალიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება − ნეაპოლური პიცა. მოგეხსენებათ, ნეაპოლური პიცის ცხობის ტექნიკა განსხვავებულია, რომელსაც ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ და მივყვებით ყველა ნაბიჯს. ჩვენი მენიუ სრულად ატარებს იტალიურ ხასიათს, რომელიც ყველა პროდუქტშია გამოხატული.
რა არის თქვენი ძირითადი მიზანი და პრინციპი?
იტალიური სამზარეულოს მთავარი ღირებულებაა, ნატურალური და ხარისხიანი პროდუქტისგან შეიქმნას მარტივ და გენიალურ გემოთა კომბინაცია. „კანოლერიის“ მიზანიც სწორედ ამაში მდგომარეობს − მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, მივყვეთ ამ პრინციპს და დავამკვიდროთ იტალიური სამზარეულოს კულტურა საქართველოში.
გვესაუბრეთ გუნდზე.
კულინარიით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი. განსაკუთრებით მიმზიდველი ჩემთვის, იტალიური სამზარეულო და ზოგადად, კულტურა აღმოჩნდა. სიცილიური კანოლი და ნეაპოლური პიცა იტალიური სამზარეულოს ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია. დავიწყე დეტალური ძიება მათი ტრადიციული რეცეპტებისა, რომელიც უამრავ ნიუანსს მოიცავს. გავეცანი პრაქტიკას, თუ როგორ მუშაობენ ნეაპოლური სტილის პიცერიები იტალიაში და სიცილიური საკონდიტროები. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ეს ყველაფერი თბილისში გამეკეთებინა. მით უმეტეს, საქართველოში ეს სიახლეს წარმოადგენდა. იმისათვის, რომ განწყობა და აურა ბოლომდე იტალიური შეგვენარჩუნებინა, გადავწყვიტე „კანოლერიის“ გუნდი ოჯახის წევრებით დამეკომპლექტებინა. ეს მათთვის გამოწვევა აღმოჩნდა, და დავიწყეთ ერთად „კანოლერიის“, როგორც ბრენდის, შექმნა, გადავინაწილეთ ფუნქციები შესაძლებლობებიდან გამომდინარე. პროცესი საკმაოდ შრომატევადი და ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. საბოლოოდ, მივედით იმ შედეგამდე, რომ დღეს მომხმარებელი ზუსტად აღიქვამს იმ განწყობასა და დამოკიდებულებას, რომელიც ჩვენმა გუნდმა შექმნა.
როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი იმისათვის, რომ ჯერ მოიპოვოთ, ხოლო შემდეგ შეინარჩუნოთ ხალხის ნდობა?
ამისთვის მთავარია ხარისხი, პროფესიონალიზმი, განწყობა, დამოკიდებულება და ინტერესი იმ საქმის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. მთავარია მუდმივად სიახლეების ძიება და მათი მორგება მომხმარებელზე.
მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია?
ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ მიტანის სერვისის ყველაზე მსხვილ კომპანიებთან. ასევე გვაქვს საკუთარი საკურიერო სერვისი, რომელზეც შეკვეთის განთავსებაა შესაძლებელი, Facebook shop-ის მეშვეობით.
სად მდებარეობს Cannoleria ტერიტორიულად?
Cannoleria მდებარეობს ვაკეში, აბაშიძის 62 ნომერში.
სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე ფილიალების გახსნა. ჩვენი, როგორც ბრენდის, მიზანია, განვითარება და თავდაპირველი იდეის ბოლომდე შენარჩუნება.
რატომ შეარჩიეთ ეს სახელწოდება და რა დატვირთვა აქვს მას?
Cannoleria ჩვენი საფირმო დესერტის სახელწოდებიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, ამ უგემრიელესი დესერტის პოპულარიზებას ემსახურება საქართველოში.