კომპანიამ, რომლისთვისაც წლების განმავლობაში უწყვეტი წარმატება და მომხმარებლის მხრიდან ნდობა საქმიანობის მთავარი მონაპოვარია, 11 წლის თავზე რებრენდინგი განახორციელა. პოლარული დათვის – ლუკა პოლარეს ცხოვრებისეული თავგადასავალი ცივი ქვეყნებიდან საქართველოში მოგზაურობისას დაიწყო; 2008 წლის ცხელ ზაფხულში მან ქართველ მომხმარებელს იტალიური რეცეპტურით მომზადებული, პრემიუმხარისხის ნაყინი შესთავაზა, რომლის მოსამზადებლადაც მხოლოდ ცოცხალი და ნატურალური პროდუქტები გამოიყენა.
პატარა სანაყინის გახსნით საფუძველი იმ დიდი ქსელის არსებობას ჩაეყარა, რომელიც დღეს უკვე 60-მდე სახეობის ნაყინს საქართველოს 3 ქალაქში, 15 სხვადასხვა ადგილას ერთგული მომხმარებლისთვის სიყვარულით ამზადებს.
რატომ დადგა ცვლილებების, როგორც წარმატების, მორიგი, უწყვეტი ჯაჭვის შექმნის დრო? – ამ თემაზე OK! ლუკა პოლარეს დირექტორს, თეა თაბაგარს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ბრენდის მრავალწლიანი, უწყვეტი წარმატება?
„ლუკა პოლარე“ ბაზარზე გამოჩენისთანავე პროდუქტის მაღალი ხარისხითა და მომსახურების სტანდარტებით გამოირჩეოდა, რომელიც იმ პერიოდისთვის ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ქართული რეალობისთვის. ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურების მაღალი სტანდარტი იმ განმასხვავებელ ნიშნებად იქცა, რის გამოც მომხმარებლის ყურადღება ერგო.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 11 წლის განმავლობაში „ლუკა პოლარეს“ მთავარი პრინციპებისთვის არ უღალატია და წლიდან წლამდე მხოლოდ აუმჯობესებს ხარისხსა და სტანდარტს. ვფიქრობ, ეს კომპანიის წარმატების უპირველესი წინაპირობაა.
გარდა ამისა, ბრენდი მუდმივად ვითარდება და ერთგულ სტუმრებს სიახლეებს სთავაზობს. აღნიშნულმა ფაქტორებმა ბაზარზე 11-წლიანი წარმატებული ოპერირება განსაზღვრა.
როგორ მოახერხა „ლუკა პოლარემ“ შეექმნა განწყობა, კომუნიკაცია დაემყარებინა მომხმარებლებთან და ყოფილიყო მათთვის ბრენდი, რომელსაც ერთგულად ირჩევენ?
ბრენდის კონცეფცია ურთიერთობაზე, დადებითი ემოციების გაზიარებაზე, ბედნიერების განცდის მინიჭებაზე დამყარდა. ამ პრინციპებს ეფუძნება ჩვენი ურთიერთობა ყველა საკომუნიკაციო არხში, ამ ფასეულობით ვმუშაობთ ფილიალებშიც და ამ ემოციებითვე მზადდება პროდუქტი ჩვენს საწარმოში. ვფიქრობ, ამას ჩვენი მომხმარებელი ხედავს და გრძნობს.
რატომ დადგა რებრენდინგის საკითხი და რას გულისხმობს ის „ლუკა პოლარესთვის“?
წარმატებული ბრენდების ცხოვრებაში ყოველთვის დგება ცვლილებების დრო. „ლუკა პოლარემ“ მომხმარებელს თავი 11 წლის განმავლობაში იმ სახით შეაყვარა, როგორიც იყო. ბრენდი თავისი არსებით და შინაარსით უფრო მასშტაბური გახდა, ვიდრე მხოლოდ საუკეთესო ნაყინი და ექსკლუზიური ყავაა. შესაბამისად, ცვლილებების დრო დადგა. რებრენდინგის ფარგლებში შეიცვალა ლოგო – მთავარი დაპირება, განახლდა ბრენდის კონცეფცია და კომუნიკაციის სტანდარტი. ახალი ლოგო უფრო მინიმალისტური, თანამედროვე და საერთაშორისო გახდა, ბრენდის მთავარი მიზანი კი მთლიანად ემოციების, ინსპირაციისა და სასიამოვნო მომენტების შექმნისკენაა მომართული.
რას ცვლის რებრენდინგი ბრენდის კონცეფციასთან მიმართებაში?
ბრენდის კონცეფცია და ფასეულობები უცვლელი რჩება, „ლუკა პოლარე“ განაგრძობს იმ მიმართულებით განვითარებას, რა კურსიც ამ დრომდე აქვს. რებრენდინგითა და ბრენდის ახალი სახით ჩამოყალიბებით, „ლუკა პოლარე“ კიდევ უფრო მეტად გახდება ბრენდი, რომელიც ბედნიერებასა და სიამოვნებასთან ასოცირდება.
„ლუკა პოლარე“ საქართველოში უამრავი ტურისტის არჩევანია, თუმცა როგორც ვიცით, ის მალე უკვე უცხოეთის ბაზარზე თავად იმოგზაურებს. რა გეგმა არსებობს ამ მხრივ?
საქართველოში 11-წლიანი წარმატებული საქმიანობა გახდა საფუძველი იმისა, რომ „ლუკა პოლარემ“ საერთაშორისო ბრენდის სტატუსი მიიღოს. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია და მალე ბრენდს მეზობელ ქვეყნებში შევხვდებით.
თქვენთვის რამდენად საინტერესო გამოწვევაა ამგვარი მასშტაბური, ფაქტობრივად ერთადერთი ქართული სანაყინე ბრენდის ხელმძღვანელობა?
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა საერთაშორისო სტანდარტისა და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის მართვა. განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც „ლუკა პოლარე“ საქმიანობის მნიშვნელოვან ეტაპზეა. მრავალწლიანი წარმატება გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, ვისთან ერთადაც აუცილებლად შევძლებთ ახალ გამოწვევებთან გამკლავებასა და ამბიციური გეგმების შესრულებას!
როგორია ზოგადი სამომავლო გეგმები?
კომპანია საქართველოს მასშტაბით განაგრძობს განვითარებას, თბილისსა და რეგიონებში ახალ ფილიალებზე მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით „ლუკა პოლარე“ 3 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში – 10, ბათუმში – 4, ხოლო ქობულეთში – 1 ფილიალით.