პეტრიაშვილის 20 ნომერში კვების ინოვაციური ობიექტი გაიხსნა, რომელიც სამმა ძმამ დააარსა. 29 წლის გიორგი, 26 წლის თორნიკე და 19 წლის ნიკოლოზ აბაშიძეები ოჯახურ ბიზნესს წარმატებულად და შეხმატკბილებულად მართავენ. მათთვის უცხო არ არის სირთულეები და მომხმარებლებს დედაქალაქში აქამდე არარსებულ მომსახურებას და ყველასთვის საყვარელი საკვების უგემრიელეს ვარიაციებს სთავაზობენ. გიორგი ეკონომისტია, თორნიკე იურისტი, ხოლო ნიკოლოზი − სტუდენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ძმები საკუთარი პროფესიებიდან მიღებულ ცოდნას ერთობლივ საქმეს ახმარენ და „პეტ20“-ში სტუმრობისას აუცილებლად შეიგრძნობთ, რომ მათ ეს არაჩვეულებრივად გამოსდით.
როგორ გაჩნდა იდეა და რა გზა გაიარეთ მის რეალიზებამდე?
(თორნიკე): საერთო ბიზნესის წამოწყების იდეა დიდხანს გვქონდა. კვების ობიექტის გახსნა დავისახეთ მიზნად, გეგმები გავწერეთ და აქამდე ნელ-ნელა მოვედით. საერთო ძალებით მოვახერხეთ შრომის შეთავსება და ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა ძალისხმევის გაერთიანება. ამავდროულად, თანხების აკუმულირებაც შევძელით და როგორღაც მივედით იმ ეტაპამდე, რომ გვაქვს პრეტენზია თბილისში ყველაზე გემრიელი პიცისა და ბურგერის, აგრეთვე სხვა კერძების შემომთავაზებელნი ვიყოთ.
როგორია მართოთ ბიზნესი, როცა ერთი ოჯახის წევრები ხართ?
(თორნიკე): ამ მხრივ არ აქვს მნიშვნელობა, პარტნიორი ოჯახის წევრი იქნება თუ სხვა პირი. ზოგადად, მნიშვნელოვანია, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს ერთმანეთთან, ამოძრავებთ თუ არა პატივისცემა და სხვ. შემდეგ, ვფიქრობ, პრაქტიკაშიც მჟღავნდება სხვადასხვა უნარი: ხდება შრომის გადანაწილება, რომლის ფარგლებშიც ერთი სუბიექტი შესაძლოა გახდეს კონკრეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი, მეორე − სხვა მიმართულების ლიდერი და ა.შ. ზოგადად, ფუნქციების გადანაწილება ძალიან სასარგებლოა. ჩვენს შემთხვევაში, ძმობა მხოლოდ გვაერთიანებს. გზაზე წამოჭრილი პრობლემები თანადგომით გვარდება.
გეხმარებათ თუ არა პირველადი პროფესიები ამ საქმიანობაში?
(თორნიკე): პროფესიასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც ძალიან გვეხმარება. მაგალითად, გიორგიმ იცის ის მექანიზმები, რომლითაც უნდა წამოიწყოს საქმე. მე, პროფესიასთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელის გამოცდილება მაქვს და გარკვეული უნარების განვითარება ამგვარადაც მოვახერხე. ნიკოლოზს აქვს ის პიროვნული თვისებები, რომლებიც მართვასა და თანამშრომლებთან თუ მომხმარებლებთან ურთიერთობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მისი დამსახურებაა, გახსნის შემდეგ, ამ მოკლე ვადაში, ჩვენი სტუმრების რაოდენობის ზრდაც. ყველაფერი ეს ერთობლიობაში წარმატების საწინდარია.
(გიორგი): მსგავს სფეროში გამოცდილება ადრეულ ასაკში შევიძინე − 17-18 წლის ასაკში გუდაურში სწრაფი კვების პირველი ობიექტი გავხსენი. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ამ რთულ სფეროს შევეჭიდე. შედეგად, ადრეულ ასაკში, ძალიან დიდი და სარფიანი შედეგი მივიღე. მაშინ გამიღვივდა ბიზნესისკენ ლტოლვა, პრინციპად მექცა, რომ რაღაც ჩემი შემექმნა და მეკეთებინა. შემდეგ გავფართოვდი, ბარიც გავხსენი. სტარტაპზე მუშაობა ძალიან შრომატევადია, თუმცა ამ სიძნელეებშია ყველაზე დიდი აზარტი. ძალიან გვინდა წელს გუდაურს დავუბრუნდეთ და დამსვენებლებს პირველად შევთავაზოთ სერვისი, რომლის მიხედვით ჩვენი კერძები ადგილზე მიტანის სერვისით, 24-საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
როგორია „პეტ20“-ის მენიუ?
(თორნიკე): მთავარი გეზი ბურგერის მიმართულებით გვქონდა აღებული, თუმცა სანამ მომხმარებელს ამ პროდუქტს შევთავაზებდით, დავიწყეთ პიცით. აღმოჩნდა, რომ პიცა, მეტ-ნაკლებად, თავისუფალი ნიშაა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია არსებობს, ვფიქრობთ, ამ მხრივ ნამდვილად გამოვირჩევიით. ძალიან კარგი მზარეული გვყავს − გიორგი ჯავახიძე, რომელიც საკუთარი, ძალიან გემრიელი რეცეპტებით საოცარ, ხარისხიან პიცას სთავაზობს მომხმარებელს − ჩვენგან უკმაყოფილო არავინ წასულა.
(ნიკოლოზი): გვაქვს იმედი და ამბიცია ბურგერთან მიმართებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ გარშემო უფრო კონკურენტუნარიანი ბაზარია, სერიოზული მოლოდინი გვამოძრავებს. ჩვენ თავადაც ვართ სწრაფი კვების მოყვარულები და ობიექტურად ვაფასებთ, რა სხვაობა შეიძლება გვქონდეს კონკურენტებთან მიმართებაში. ჩვენი მთავარი ორიენტირი მომხმარებლის აზრის გათვალისწინებაა. აქედან გამომდინარე, შეცდომების არ გვეშინია და არ გავურბივართ მომხმარებლის კრიტიკას. ნებისმიერ რჩევას მივიღებთ, გავითვალისწინებთ და ყოველთვის ვეცდებით აღმოვფხვრათ ხარვეზები, თუკი ასეთზე მიგვითითებენ. ბიზნესის დაწყებაც ერთგვარი რისკი იყო, თუმცა კრიზისული სიტუაციები გადავლახეთ და გამოცდილება მივიღეთ. ვფიქრობთ, ეს რისკი ტყუილად არ გაგვიწევია.
გუნდი როგორ შემოიკრიბეთ?
(თორნიკე): როცა იდეის ხორცშესხმა დავიწყეთ, პროფესიონალი პერსონალი გვჭირდებოდა. ჩავატარეთ გასაუბრებები, გვიჭირდა გამორჩევა. გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ გიორგი ჯავახიძე და მისი მეგობრები. ძალიან რთულია დაიყოლიო პროფესიონალი მზარეული საწყის ეტაპზე, როცა ბიზნესს დახმარება სჭირდება. ალბათ ყველას ურჩევნია არა სტარტაპში, არამედ უკვე აწყობილ სისტემაში მუშაობა, თუმცა თანამშრომლებთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და მათი დათანხმება იყო ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენი წარმატებული სტარტი განაპირობა. სწორედ ეს ადამიანები გადასცემენ მომხმარებელს მაღალ ხარისხსა და დაუვიწყარ გემოს, რომელიც „პეტ20“-თან უნდა ასოცირდებოდეს. ჩვენი მზარეულების დახმარებით, ერთგვარ ხიდს ვაშენებთ მომხმარებლებთან, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან მათ მიერ შესრულებული შედევრებით და ჩვენთან დაბრუნება ყოველთვის სურთ.
რა ხდის თქვენს ობიექტს განსაკუთრებულს?
(გიორგი): უპირველესად, კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი. პიცის შემადგენელი ნაწილები, ყველი, პიცის ფუძე, ფქვილი გვაქვს უმაღლესი ხარისხის. ჩვენი ბურგერის ხორცი ძალიან ძვირადღირებულია − იგი სპეციალური ჯიშის საქონლის ხორცისგან მზადდება, რომელიც 2 დღიდან 1 კვირამდე დაძველებითაა, რაც ბურგერს უფრო გემრიელს ხდის. დანარჩენი ჩვენი შეფმზარეულის პირადი რეცეპტებისა და შეზავების შეუდარებელი ტექნიკის დამსახურებაა.
(თორნიკე): მთავარია ხარისხი, რისი ცვლილებაც აქ არასოდეს მოხდება. ასევე, არ დავკარგავთ ჩვენს პოლიტიკასაც − „პეტ20“ არის მომხმარებელზე ორიენტირებული ადგილი, სადაც ყოველ შენიშვნას და რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. მომხმარებელმა უნდა მიიღოს ის, რაც მას სურს. ჩვენ ხარისხზე ვაგებთ პასუხს და შემდეგ მომხმარებელს ვთავაზობთ, თავად განსაზღვროს რისი მიღება სურს. ამრიგად, თბილისში პირველი „შექმენი შენი ბურგერის“ კონცეფციის შემოთავაზება გვაქვს. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება ან ჩვენი რჩეული მენიუდან აირჩიოს ბურგერის რომელიღაც სახეობა ან ჩამოთვლილი ინგრედიენტები თავად შეასაბამოს ისე, როგორც მოისურვებს და მისთვის უფრო მოსაწონი იქნება. მათ შეუძლიათ დააგემოვნონ სოუსები და საკუთარი გემოვნებით აირჩიონ. ეს პრინციპი ინოვაციურია ბურგერის სფეროში. უდიდესი კომფორტია, როცა შეგიძლია შენი ბურგერი ააწყო. რთული იყო ამის მოფიქრება და პრაქტიკული განხორციელებისთვის გზების დასახვა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ ვართ ქართული საწარმო, რომელსაც ყველაფერი მაღალი ხარისხის აქვს და ვფიქრობთ, რომ მალე გაფართოებასაც შევძლებთ. ჩვენი კერძები „მეტისმეტად გემრიელია, რომ უარი თქვა!“ − ეს ჩვენი დევიზია. ვფიქრობთ, როცა ნებისმიერი მომხმარებელი დააგემოვნებს მათ, ის აუცილებლად დაგვიბრუნდება.