როდესაც თავად ხართ საკუთარი საქმის ავტორი, დიდ უპირატესობას ფლობთ. შეგიძლიათ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას დაარქვათ ის, რასაც მოისურვებთ, დამოუკიდებლად მოახდინოთ თქვენი ვალდებულებების ფორმულირება. სწორედ ასე, სასიამოვნოსა და სასარგებლოს შეთავსებით, მიიღოთ ნამდვილი სიამოვნება და სიხარული საქმისგან, რომელსაც აკეთებთ!
ბოლო დროს „გასტრონავტში“ ახალი მიზნებისა და პრიორიტეტების დასახვა დავიწყეთ. ერთ-ერთი მათგანია გაზიარების საუკეთესო გზების პოვნა. ცოდნის, მიგნებების, გამოცდილების გაზიარება. იმ სიხარულის გაზიარება, რომელსაც პროექტებზე მუშაობისას განვიცდით − იქნება ეს მშენებლობა, ინტერიერის დიზაინის, ჭურჭლის, პერსონალის ფორმების, ლოგოტიპის შერჩევა თუ უამრავი სხვა დეტალი, რაც რესტორნის ესთეტიკის შექმნის დროს, რიგითი სტუმრებისთვის, ერთი შეხედვით, უჩინარია, მაგრამ უპირობოდაა პასუხისმგებელი განწყობასა და სწორ მიმართულებაზე, რაც აუცილებელია ბიზნესის წარმატებისთვის და რაც მას კონკურენტებისგან განასხვავებს.
OK! GASTRO BOOK ჩაფიქრებული იყო როგორც შთაგონების წყარო, რომელიც მზად ვართ გაგიზიაროთ. ის შესაძლოა ვიღაცისთვის რაიმე ახლისა და საინტერესოს შექმნის ინსპირაციად იქცეს, სხვას კი ძველის გარდაქმნისკენ უბიძგოს. ამბობენ, რომ სიხარული მით უფრო ძლიერია, რაც მეტია ადამიანების რაოდენობა, რომლებთანაც შენ ამ სიხარულს იზიარებ, და როგორც გაირკვა, ერთი ნომერი არ აღმოჩნდა საკმარისი. შეველიეთ არაერთ თემას, რომელზეც გვსურდა გვესაუბრა, ზოგიერთი მათგანი უფრო გლობალური თემით ჩავანაცვლეთ, რადგან მინიატურული, 60-გვერდიანი გამოცემა ყველაფერს სამწუხაროდ ვერ დაიტევდა. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. ახლა უფრო თვალსაჩინოა, რა მიმართულება გვექნება მომავალში, რადგან ადამიანებისთვის შთაგონებისა და მოტივაციის მიცემაა ის, რაც ახლა ასე აკლია საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, აქ და ახლა. როგორც ირკვევა, მთავარი, რაც საამისოდ გვჭირდება, გაზიარების დაწყებაა.
თქვენც იგივეს გისურვებთ.
უბრალოდ, გადადგით პირველი ნაბიჯი!
ლევან ქოქიაშვილი
ლალი პაპაშვილი