ყოველთვის, როდესაც დასავლურ ფილმებში ლამაზად მოწყობილ ეზოებს ვხედავდი, მინდოდა ასეთი სილამაზე მეც მქონოდა. არ მეგულებოდა საქართველოში არცერთი ადგილი, რომელიც ჩემს პრეტენზიულ გემოვნებას დააკმაყოფილებდა ამ საკითხში.
კარგია, რომ ამაზე წარსულ დროში ვსაუბრობ. ჩემი ნამდვილი აღმოჩენა GWS-ის ეზოა. დიახ, თელავში, აჩინებულში სამოთხე დაგხვდებათ, სამოთხე კახური მოტივებით. ვრცელი, მწვანედ დაბურული, სათუთად მოვლილი ტერიტორია ნამდვილად იმსახურებს იმ წოდებას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიმსახურა, პრიზი − „საქართველოს საუკეთესო ეზო“. ამ შესანიშნავი სტატუსის მქონე სივრცეს კახეთში სტუმრობისას გულგრილად ვერ ჩაუვლი, ამიტომაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თუ მსოფლიოს არაერთი წერტილიდან, ეზოს სტუმრები არასდროს აკლია.
ტრადიციული ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, სამარკო ღვინით ხელში, GWS-ის ეზოში ვიზიტის ერთ-ერთი სამახსოვრო უპირატესობაა. აქ წელიწადის ნებისმიერ დროს დაუვიწყარი დღის დაგეგმვა ყველა მსურველს შეუძლია. სხვადასხვა წვეულებას GWS-ის ეზო მასპინძლობს, რასაც ახლავს კომპანიის ქვეშ გაერთიანებული არაერთი ბრენდის სახასიათო ღვინის არომატის, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, განუმეორებელი ლანდშაფტის ფონზე დეგუსტირება.
ღონისძიებების დროს სპეციალურად მოწვეული შეფები ქართული ტრადიციული სუფრისთვის დამახასიათებელ მრავალფეროვან კერძებს ამზადებენ. გემო, რომელიც ქართველების გასტრონომიული სიამაყეა, უცხოელი სტუმრებისთვის ახალი და საოცარი სამზარეულოს აღმოჩენის გამოცდილებაა. სწორედ ამიტომ, გამორჩეულ ლოკაციაზე ასე ხშირად და თავმომწონედ ეპატიჟებიან სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ჩურჩხელის ამოვლების, მწვადის შეწვისა თუ პურის გამოცხობის მასტერკლასებსაც სთავაზობენ.
ზაფხულის ხვატისგან შორს, როცა GWS-ის უზარმაზარი ვენახების გვერდით მდებარე ეზოში გრილი ნიავი დაბერავს, იქმნება განცდა, რომ ხარ იმ ადგილას, რომლის დატოვება არ გსურს; რომელიც კვლავაც გიხმობს და ხე-მცენარეების ჩრდილში მოსვენებულს, ქალაქური რუტინისგან გაცლას გთავაზობს.
ყოველდღიურობისგან თავის დაღწევისას, მიმალვის ადგილი საიდუმლო არავისთვისაა, რადგან GWS-ის ეზო საქართველოს ერთ-ერთი მშვენიერი კუთხის − კახეთის მასშტაბს გასცდა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობს.
თუ კახეთში სტუმრობას გეგმავთ, GWS-ის ეზოში აუცილებლად შეიარეთ, ასეთი ადგილები ძალიან ცოტაა.