ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე მილანის მოდის კვირეულზე GUCCI-ის ექსკლუზიური მოდელის სტატუსით გუშინ წარსდგა და ქართველი და არა მარტო ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მარიშამ კარიერია 14 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოში Look Modéls Managemént დაიწყო, სადაც ის პირველად მამიდამ და მამამ მიიყვანეს. 16 წლის ასაკში მისთვის პირველ უცხოურ სააგენტო IMG-სთან დაიწყო თანამშრომლობა, 19 წლის ასაკში კი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამოდელო სააგენტო Next Model Management-თან გააფორმა კონტრაქტი, რის შემდეგაც მსოფლიო მოდის სფეროს კარი მისთვის ფართოდ გაიღო. Look Modéls Managemént-ის დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი ჟურნალ OK!-ს მარიშას კარიერული განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
დასაწყისი
პირველი სამოდელო სააგენტო, სადაც მარიშამ კარიერა დაიწყო სწორედ Look Modéls Managemént იყო. ის სააგენტოში თვითონ მოვიდა, რეკომენდაცია კი ეკო ფანგანმა გაუწია. კარგად მახსოვს მისი პირველი ნაბიჯები, რადგან მარიშამ მთელი ჩვენი გუნდის ყურადღება მოსვლისთანავე დაიმსახურა - მისმა სილამაზემ უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია ჩვენში. დროთა განმავლობაში კი უფრო და უფრო იხვეწება როგორც ფიზიკურად ასევე პროფესიული კუთხითაც.
განვითარების ეტაპები
პირველი სააგენტო, სადაც Look Modéls Managemént-მა მარიშა გაუშვა IMG იყო, თუმცა ორ წელიწადში გავაუქმეთ IMG-სთან ხელშეკრულება და გადავყვანეთ Next Model Management-ში, სადაც კარიერულად კიდევ უფრო განვითარდა და გაიზარდა. ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობაც სწორედ ამ სააგენტოდან დაიწყო. Next-ის გარდა მარიშა ესპანეთის UNO-ში, გერმანიაში და კიდევ სხვა სააგენტოებიშიც მუშაობს.
ცნობილი ბრენდები
მსოფლიო მოდის სამყაროში ყველა აღფრთოვანებულია მარიშათი, ის ხშირად თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან, გასულ წელს Chloé-ს კოლექციის სარეკლამო ფოტოსესიაშიც გადაიღეს, ასევე ესპანეთში მარიშა & Other Stories-თან და Desigual-თანაც თანამშრომლობდა.
მარიშა - GUCCI-ის ექსკლუზიური მოდელი
ყოველწლიურად სხვადასხვა ცნობილი ბრენდები ირჩევენ მოდელებს და ექსკლუზიურ თანამშრომლობას სთავაზობენ მათ, რაც ნიშნავს, რომ ამ ბრენდის გარდა მოდელი სხვების ჩვენებებზე არ უნდა გამოვიდეს. GUCCI-ის ძალიან მოეწონა მარიშა და წლევანდელი მილანის მოდის კვირეულისთვის სწორედ მას შესთავაზა ექსკლუზიური თანამშრომლობა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინსვლაა დამწყები მოდელისთვის - ხშირად სწორედ ექსკლუზიური მოდელები იქცევიან კონკრეტული ბრენდის სახედ. მოდელისთვის ეს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი რეიტინგი სამოდელო სფეროში იზრდება და შესაბამისად მათ მიმართ სხვა დიდი ბრენდების დაინტერესებაც მატულობს.