კარდაშიანების მრავალრიცხვოვანი ოჯახის წევრების მსგავსად ქართული წარმოების სამოსის მოხდენა ბოლო დროს კორტნიმაც დაიწყო. სულ ცოტა ხნის წინ, 38 წლის ბიზნესმენმა და მოდელმა ქართული ბრენდის Materiel-ის წითელი კაბა მოირგო, ამჯერად კი ცნობილი ამერიკული ჟურნალის Paper Magazine-ის ახალი ნომრის ყდისთვის განკუთვნილ ფოტოსესიაზე ისევ ქართველი, თუმცა უკვე სხვა დიზაინერების ნამუშევრები მოიხდინა.
Materiel-ის შემდეგ, კორტნიმ არჩევანი კიდევ ერთ ქართულ ბრენდზე შეაჩერა. ჟურნალისთვის მომზადებულ ერთ-ერთ კადრში კორტნის ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას კოპლებიანი ზედა და ხელთათმანი ამშვენებს. შეგახსენებთ რომ ეს სწორედ ის იმიჯია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, მაილი საირუსმა ახალი მუსიკალური ალბომის გარეკანისთვის მოიხდინა.
გიორგი ქებურიას ნამუშევარი ბრენდის 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციიდანაა და როგორც ჩანს, ვარსკვლავებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
კორტნის მხოლოდ ერთი ქართული ბრენდი არ აურჩევია, ამერიკულ ჟურნალში კიდევ ერთი ქართველი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის ნამუშევარიც მოხვდა.
მოდელმა ყვავილებიან კაბას AKA NANITA-ს საყურე შეუხამა.
გარდა ქართული წარმოების სამოსისა, კორტნიმ ისეთი ბრენდების პროდუქციაც მოიხდინა, როგორიცაა Moschino, Miu Miu და Giorgio Armani-ა.