მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამოსს, აქსესუარებსა თუ ფეხსაცმელებს მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის, ისევე როგორც ფოტოსესიებისთვის ხშირად ირჩევენ. ამჯერად ქართულ ბრენდზე არჩევანი 26 წლის ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა მაილი საირუსმა შეაჩერა. მაილი სულ მალე ახალ ალბომს უშვებს, რომლის სახელიც "She Is Coming" იქნება. სწორედ ამ ალბომის გარეკანისთვის მომღერალმა ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას ზედა მოიხდინა.
ალბომის გარეკანის ფოტოებში, რომელიც მომღერალმა გულშემატკივრებსაც გაუზიარა, მას ქართული ბრენდის 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციის კოპლებიანი ზედა აცვია.
ჩაცმულობას მაილიმ ასევე კოპლებიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ჯინსის შარვალი და საყვარელი სამკაული შეუხამა.
ბოლო დროს ახალგაზრდა ვარსკვლავის მიერ მოხდენილი ჩაცმულობა მის ძველ სტილს მოგვაგონებს. გარდა ჩაცმულობისა, მომღერალმა სულ ცოტა ხნის წინ ვარცხნილობაც შეიცვალა, რომელიც ასევე მის ძველებურ იმიჯს უკავშირდება.
მომღერლის ახალი ალბომი, სახელად She Is Coming 30 მაისს გამოვა.