6 აპრილს ცნობილი ამერიკელი დიზაინერის მარკ ჯეიკობსის ქორწილი გაიმართა, რომელიც თავის რჩეულთან ჩარლი დეფრანჩესკოსთან შეუღლდა. მარკმა და მისმა მეორე ნახევარმა წვეულებისთვის ერთნაირი შავი კლასიკური სამოსი მოირგეს, თუმცა კამერების ობიექტივში მხოლოდ მათი ჩაცმულობა არ მოხვედრილა. ამ მნიშნველოვანი ღონისძიებისთვის წყვილმა მანჰეტენის ერთ-ერთი ძვირადღირებული რესტორანი შეარჩია, სადაც არაერთი ცნობილი სახე იყო დაპატიჟებული. სტუმრების სიაში მრავლად იყვნენ ისეთი მოდელები, როგორებიც ნაომი კემპბელი, ჯიჯი ჰადიდი, კაია გერბერი და სხვები არიან. სუპერმოდელები დიზაინერის ახლო მეგობრები არიან და გარდა ამისა, მისი ბრენდის არაერთ ჩვენებაზეც გამოსულან.
ინგლისელი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი შავ სამოსში იყო გამოწყობილი, რომელიც მის განსხვავებულ და დახვეწილ გარეგნობას მკვეთრად უსვამდა ხაზს.
მიუხედავად იმისა, რომ წვეულებაზე არაერთი ულამაზესი მოდელი იმყოფებოდა, ემილი რატაკოვსკიმ ყველასაგან განსხვავებული და ყველაზე თვალშისაცემი ჩაცმულობა შეარჩია. მას Saks Potts-ის ულამაზესი ყვითელი კაბა ეცვა, რომელსაც წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი, ქლაჩი და ოქროსფერი რგოლის ფორმის საყურეები შეუხამა.
17 წლის კაია გერბერი კი საკმაოდ სადად, მაგრამ დახვეწილად იყო ჩაცმული. მას ნაცრისფერი შარვალი, ამავე ფერის პიჯაკი და შავი ფეხსაცმელი ეცვა.
პოპულარული დები ჰადიდები როგორც ყოველთვის ბრწყინავდნენ, მათ საღამოსთვის კლასიკური სამოსი მოიხდინეს და ფოტოგრაფებისგან აშკარაა, რომ დიდი ყურადღება დაიმსახურეს.