ავიაკომპანია Wizzair ხელბარგის ახალ პოლიტიკას აცხადებს, რომელიც ამიერიდან ყველა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთი ერთეული დიდი ზომის ხელბარგით (მაქსიმალური ზომაა 55x40x23სმ და რომლის წონაც არ აღემატება 10 კილოგრამს) დამატებითი მოსაკრებლის გადახდის გარეშე იმოგზაურონ.
ამასთან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, აეროპორტის ”Duty free” მაღაზიებში შეძენილი პროდუქცია თვითმფრინავის ბორტზე აიტანონ.
პრიორიტეტული ჩასხდომის უფლებით მოსარგებლე მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთი დამატებითი ხელბარგი აიტანონ ბორტზე, რომელსაც განათავსებენ სავარძლის ქვეშ. ასეთი ბარგის მაქსიმალური ზომაა 40x30x18 სმ. აღნიშნულით სარგებლობა შეუძლიათ მგზავრებს, რომლებიც WIZZ Go, WIZZ Plus და WIZZ Privilege Pass სერვისებით სარგებლობენ. პრიორიტეტული ჩასხდომის უფლება მგზავრებს ასევე საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ ჩასხდომისას რიგში დგომის აუცილებლობა.
კიდევ ერთი სიახლე ავიაკომპანიისგან – 4 ახალი მიმართულებით ფრენაა. Wizzair-ი ქუთაისიდან რომის, პარიზის, ბარსელონასა და პრაღას მიმართულებით იფრენს.
ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს.
რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით კი რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.
Wizzair-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.
,, მომავალი წლის მეორე კვარტლისთვის უკვე მზად იქნება ქუთაისის აეროპორტთან მატარებლის მისასვლელი ბილიკი და ასევე დავიწყეთ ტერმინალის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.