წიგნის კითხვა თითქმის ყველა მომენტში სასიამოვნო პროცესია. გარდა იმისა, რომ ვიფართოებთ თვალსაწიერს და ცოდნას ვიღებთ თითოეული წაკითხული სიტყვიდან, წიგნი გვავსებს ემოციებით და თავს სულ სხვა სამყაროში წარმოგვადგენინებს. ჟურნალმა OK! მკითხველისთვის რამდენიმე საუკეთესო წიგნი შეარჩია, რომლებიც პანდემიის პერიოდს უფრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაგატარებინებთ.
„სტამბოლი. მოგონებების ქალაქი“ – ორჰან ფამუქი
თუ სტამბოლის შეყვარება ჯერ არ მოგისწრიათ, თურქი მწერლის ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. 2006 წელს ორჰან ფამუქს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც მიანიჭეს. ის სიყვარულითა და ლირიკული სევდით გვიყვება ისტორიას თურქეთის დედაქალაქზე, მის ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ ბედნიერებასა და ნაღველზე.
„წელიწადი პროვანსში“ – პიტერ მეილი
ეს წიგნი საფრანგეთის საუკეთესო ტურისტულ წიგნად არის მიჩნეული. მასში მოთხრობილია ახალგაზრდა ინგლისელი ცოლ-ქმრის ისტორია. მათ გააკეთეს ის, რაზეც ბევრი ადამიანი ოცნებობს: თავიანთი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს, იყიდეს სახლი პროვანსში და თავგადასავლებით აღსავსე ახალი ცხოვრება დაიწყეს. წიგნი იმდენად დიდი სიყვარულითაა დაწერილი, რომ დადებითი ემოციით მკითხველი მაშინვე იმუხტება.
„პარადოქსული ინგლისელები. 2460 ფაქტი“ – ქეით ფოქსი
ამ წიგნმა გამოსვლისთანავე ფურორი მოახდინა ავტორის სამშობლოში. ქეით ფოქსმა შეძლო ინგლისელი საზოგადოების ზუსტი და სახალისო პორტრეტის შექმნა. მწერალი ამ ხალხის უცნაურ თვისებებს, ჩვევებსა და სისუსტეებს აანალიზებს, მაგრამ არა როგორც მკვლევარი, არამედ როგორც ამ კულტურის წარმომადგენელი ნამდვილი ინგლისელი – იუმორით, მახვილი გონებითა და გასაგები ენით.