ქართულ OK!-ის კომპანია SILK HOSPITALITY-ის აღმასრულებელი დირექტორი, იორდი ქუიჯეტი ტურიზმის სფეროზე საყოველთაო პანდემიური კრიზისის გავლენაზე ესაუბრა. როგორი იქნება პოსტკოვიდური ტურიზმის ინდუსტრია, რამდენ ხანში აღდგება სფერო და რა დრო დასჭირდება ქართული ტურიზმის გამოცოცხლებას? − წაიკითხეთ იორდი ქუიჯეტთან ინტერვიუში.
პანდემიამ მსოფლიო შეცვალა. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ტურიზმის მომავალი?
პანდემია და მისგან გამოწვეული კრიზისი, სამწუხაროდ, ჯერ არ შენელებულა. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის დაწყებიდან დღემდე ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, ვფიქრობ, ამ ინდუსტრიაში ჩართულმა ადამიანებმა ეს დრო უნდა გამოვიყენოთ და გადავხედოთ, ახლებურად შევხედოთ ჩვენს საქმიანობას. მაგალითად, შეცვალოთ პოზიციონირების გეგმები, რათა სტუმარ-მასპინძლობის ბაზარს უკეთ მოვერგოთ (ბიზნეს) ტურიზმის დაბრუნების შემდეგ. ასევე, სასტუმროებისა და რესტორნების მოკლევადიანი პერიოდის შეთავაზებები მივუსადაგოთ საშინაო ბაზრის მოთხოვნებსა და მოლოდინს.
როდის დაუბრუნდება ტურიზმი 2019 წლის მონაცემებს?
სტუმარ-მასპინძლობის სფერო გრძელვადიანი ხედვის შემუშავებას მოითხოვს. სამწუხაროდ, საუკეთესო შემთხვევაშიც კი ვერ ვივარაუდებთ ტურიზმში ინვესტიციის სწრაფ დაბრუნებას. სფეროს ბოლომდე აღდგენის პროგნოზირება მარტივი არაა და ცხადია, ეს ვადა სეგმენტების მიხედვით განსხვავდება. თუმცა ახლა, რაც ვაქცინაცია დაიწყო, იმედი მაქვს, ტურიზმის 2019 წლის ნიშნულს 2-3 წელიწადში დავუბრუნდებით. დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და შეეხება ჯერ საშინაო ტურიზმს, მეზობელ ქვეყნებს (სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ), საერთაშორისო პირდაპირ ფრენებს, მცირე ბიზნესჯგუფებს და ბოლოს, ტურიზმის მსხვილ ბიზნესჯგუფებს.
რომელი პრიორიტეტები გახდება აქტუალური ტურიზმის ინდუსტრიაში?
ამჟამად ტურიზმის ბაზრის ერთგვარი სახეცვლილება და განახლება მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ ინდუსტრიაში მეტ და უკეთეს ხარისხზე მოხდება ორიენტირება. აქ იგულისხმება ადგილობრივი ავთენტურობის ხაზგასმა, ადგილობრივი პრიორიტეტების წინ წამოწევა, ხარისხიანი პროდუქციისა და საუკეთესო მომსახურების შეთავაზება − სწორედ ეს მოლოდინია განახლებული ტურიზმის სფეროში.
იორდი, როგორ ფიქრობთ, პოსტპანდემიურ პერიოდში რამდენად მალე აღიდგენს ძალებს ტურიზმი საქართველოში?
ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, აქაც რამდენიმე წელი დასჭირდება სფეროს, რომ ამოისუნთქოს. ვიცით, რომ წლის დასაწყისში აღდგება ფრენები, რაც ამ მნიშვნელოვანი პროცესის დიდი დასაწყისი იქნება. პროგრესი უპირველესად ადგილობრივ ბაზარს და მეზობელ ქვეყნებს შორის ტურიზმს შეეხება, რაშიც ხელს პირდაპირი ფრენები შეუწყობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ყველაზე დიდ ტურისტულ კრიზისში ვიმყოფებით, რაც კი ოდესმე განუცდია ამ ინდუსტრიას, აღმოჩნდა, რომ ეს სფერო საკმაოდ მდგრადი ყოფილა. ადამიანები სოციალური არსებები ვართ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს, ერთად კვლავ აღმოვაჩენთ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს. იქნებ წინ 1920-იანი წლების ეკონომიკური ბუმის მეორე ეტაპიც გველის წინ, ვინ იცის?..