ფილმის ნახვა რომ განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ცნობილი ფაქტია, რომ კარგი ფილმი გვავსებს ემოციებით, გვიქმნის მყუდრო გარემოს და ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე დღეც კი მიგვყვება მისგან დატოვებული განცდები. მით უფრო ისეთ ვითარებაში, როგორშიც ამ ეტაპზე ვიმყოფებით. პანდემიამ სრულად შეცვალა ჩვენი რეალობა და მოთმინებით ველოდებით, როდის შევძლებთ ძველებური ცხოვრების გაგრძელებას, როდის განვაგრძობთ მოგზაურობას და დაგეგმილი ქვეყნების მონახულებას. მანამდე კი ჟურნალმა OK! შეარჩია რამდენიმე ფილმი, რომლებიც ყველა ჩვენგანისთვის ასე მონატრებულ მოგზაურობას უკავშირდება. მაშ ასე, მოიმარაგეთ პოპკორნი და იმოგზაურეთ თქვენს საყვარელ მსახიობებთან ერთად.
ჭამე, ილოცე, შეიყვარე (Eat Pray Love)
ფილმის მთავარ გმირს − ლიზ გილბერტს ყველაფერი ჰქონდა, რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ დაკარგული და დაბნეულია. ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში, იგი რისკავს ყველაფერს, რათა შეცვალოს თავისი ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს. იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძის დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს, მოულოდნელად, შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვის კუნძულ ბალიზე...
სანამ სიკვდილი მოვა (The Bucket List)
მილიარდერ ედვარდს და მექანიკოს კარტერს არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ ორივე სასიკვდილოდაა ავად. ისინი საავადმყოფოდან ერთად გაიქცევიან და გადაწყვეტენ, სიკვდილის წინ ყველაფერი გააკეთონ, რაც კი ოდესმე სურდათ და ამისათვის სიას ჩამოწერენ. ამ პროცესში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, თან მეგობრებიც გახდებიან და რაც მთავარია, სიცოცხლის ხალისს იპოვიან.
ტოსკანას მზის ქვეშ (Under the Tuscan Sun)
წიგნის რედაქტორი, 35 წლის ფრენსისი მძიმე განქორწინების შემდეგ ტოსკანაში გაემგზავრება. ერთ-ერთ სოფელში ის ვილას შეიძენს, სადაც დასახლდება და აღმოაჩენს, რომ ხანდახან, ცხოვრება უცნაური ხერხებით აძლევს ყველაფერს, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა. ამ ფილმით ნამდვილად ისიამოვნებთ, რადგან გარდა ძალიან საინტერესო სცენარისა, თქვენ აქ გადაგეშლებათ ტოსკანას ულამაზესი პეიზაჟები. რეგიონი მდიდარია თავისი შესანიშნავი დასასვენებელი ადგილებით, რომლებიც ფილმში ძალიან კარგადაა ასახული და რთულია თვალი მოწყვიტოთ ასეთ საოცარ სანახაობას.