პანდემიამ ყველა ჩვენგანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და იმედს არ ვკარგავთ, რომ აუცილებლად დავუბრუნდებით ძველებურ რეჟიმსა და ჩვეულ რიტმს. ასევე განვაგრძობთ მოგზაურობას და ტურისტებიც ისევ აქტიურად დაიწყებენ საქართველოში სტუმრობას. კვლავ საკითხავია, თუ რა გრძელვადიან ცვლილებებს გამოიწვევს მიმდინარე პანდემია ტურიზმის ინდუსტრიაში, როდის აღდგება ქვეყნებს შორის აქტიური მიმოსვლა... ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, OK! „ქორდიალ ჰოსფითალითის“ აღმასრულებელ დირექტორს, თამარ გულედანს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, რა გრძელვადიან ცვლილებებს გამოიწვევს მიმდინარე პანდემია ტურიზმის ინდუსტრიაში?
უპირველესად, ამ უზარმაზარი ინდუსტრიის პროცესებისა და რეგულაციების გადახედვას მსოფლიო მასშტაბით. ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ცოტა ხნის წინ გაგვახსენა, როგორ შეცვალა 11 სექტემბრის ტერაქტმა აეროპორტში უსაფრთხოების, ბარგის შემოწმების თუ რეგისტრაცის წესები და ვადები. მერწმუნეთ, იმ ცვლილებებსაც, რაც უკვე შეეხო ინდუსტრიას პანდემიის დაწყებისთანავე, არავინ შეცვლის. მათ დაამუშავებენ, დახვეწენ, შეამსუბუქებენ ან გააძლიერებენ (სიტუაციიდან გამომდინარე), მაგრამ არავინ გააუქმებს და მათაც ისევე მოვირგებთ თუ მოვერგებით, როგორც ავიაკომპანიებისა და აეროპორტების რეგულაციების გამკაცრებას 20 წლის წინ.
როგორ ფიქრობთ, რა მოყვება ამ ცვლილებებს?
ჩემი აზრით, ამ ყველაფერს მოყვება ის, რომ ბევრად მეტი მოგზაური გაამახვილებს ყურადღებას, თუ სად და როგორ მიდიან, მაქსიმალურად დააკვირდებიან, რამდენად გამართული, უსაფრთხო და დაცული იქნება მგზავრობა, განთავსება, გართობა თუ კვება. ეს კი, მცირე ზომის ბიზნესის მეპატრონეთათვის, განსაკუთრებით საქართველოში, დამატებითი ხარჯი აღმოჩნდება და შესაბამისად, მომსახურების ფასზეც აისახება − ტურისტული კომპანია იქნება ეს, ტრანსპორტი, კვების ობიექტი თუ მცირე ზომის სასტუმრო.
მოსალოდნელია, რომ გაიზრდება მოთხოვნა აპარტამენტებზეც, რადგანაც ლიმიტირებული საზოგადოებრივი სივრცეების გამო, უფრო უსაფრთხო განთავსების საშუალებად მოიაზრება.
თქვენი პროგნოზით, როდის შევძლებთ ერთმანეთს პირბადის გარეშე გავუღიმოთ? რაც შესაბამისად, გაცოცხლების საშუალებას მისცემს ტურისტულ ობიექტებს...
პირბადე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი თანამგზავრი − როგორც სტუმრის, ისე მასპინძლისთვის. მოგვიწევს ამასთან შეგუება. ამიტომ სხეულის ენა უნდა გავიხსენოთ, ხმის ტემბრი თუ ჟესტიკულაცია ვაკონტროლოთ და რაც მთავარია, თვალებით ღიმილი უნდა ვისწავლოთ, რათა პირბადიანებმაც კომფორტულად ვაგრძნობინოთ სტუმარს თავი.
რამდენად რთული იქნება ამ პროცესების გავლა?
რა თქმა უნდა, ყველა ინდუსტრიას გაუჭირდება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. უამრავი კომპანია კოტრდება, პროფილს იცვლის, ახალ ნიშას ან ბაზარს ეძებს. იცვლება საერთაშორისო მოთხოვნებიც და ყველა ცდილობს, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებით უსაფრთხოების გარანტიც იყოს და მომხმარებელიც არ დაკარგოს. ცვლილებების, ახალი იდეებისა და კრეატივის დროა.
როგორ გესახებათ ქვეყნებს შორის აქტიური მიმოსვლის აღდგენა?
ამ ხნის განმავლობაში მრავალი კვლევა ჩატარდა, თუ როდის აღდგება ეს პროცესი. ერთ-ერთი კვლევა აჩვენებდა, რომ მოსახლეობის 10% დაიწყებს მოგზაურობას შეზღუდვების მოხსნისთანავე, 30% მხოლოდ მწვანე ქვეყნების სტუმრობას აპირებს, 45% ვაქცინაციას დაელოდება... გამოკითხულთა მხოლოდ 15%-მა თქვა, რომ პანდემიის სრული დამარცხებიდან 9-12 თვის მერე ჩათვლიდნენ მოგზაურობას უსაფრთხოდ. თუ საქართველოს უნდა, რომ პირველი 10, 30 და 45% მოიზიდოს, ერთადერთი გზა არის გახსნა! მგონი უკვე დავაგვიანეთ და ბოლო 15%‑ის ჩამოყვანაზე ვკონცენტრირდით. დღესვე რომ შევამსუბუქოთ რეგულაციები, შეუზღუდავად დავიწყოთ ტესტირებული, ვაქცინირებული ტურისტების მოწვევა, თავადაც დავიწყოთ ვაქცინაცია ქვეყანაში, ხელშესახებ შედეგს 2022 წლის სეზონისთვის თუ მივიღებთ. თუ პროცესი კიდევ გაჭიანურდება, გაკოტრდებიან არა მხოლოდ კვების ობიექტები და სასტუმროების მეპატრონეები, არამედ ტურისტული კომპანიებიც, რომლებმაც უნდა მოიზიდონ ეს ბიზნესი. მსოფლიო ამ მიმართულებით არ გაჩერებულა − ზოგს შიდა ტურიზმი, ზამთრის თუ ზაფხულის კურორტები აქვს გახსნილი, უმეტესობას − ფრენები აღდგენილი... ჩვენ კი საარსებოდ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას კვლავაც ვაგვიანებთ.
თქვენი აზრით, როდის დავუბრუნდებით რეალობას?
რთული შეკითხვაა. ცალსახა ან ოპტიმისტური პასუხის გაცემა ნამდვილად გამიჭირდება. ჯერ კიდევ 2019 წელი გახლდათ წინასთან შედარებით ნაკლებად სახარბიელო. შესამჩნევად შემცირებული იყო როგორც სტუმართა ნაკადის, ასევე შემოსავლების ზრდის ტენდენციები. მიუხედავად საერთო 7%-იანი ზრდისა, 2019 წელს თბილისის აეროპორტში 200 000-ით ნაკლები უცხოელი ტურისტი შემოვიდა. ამიტომ, სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესს უკოვიდოდაც მძიმე წელი გვქონდა.
დღევანდელი პანდემიისა და ჩვენი სრული ლოქდაუნის პირობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ მინიმუმ სამი წელი მაინც დაგვჭირდება, რომ 2019 წლის დონემდე მივიდეთ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ერთწლიანი „ტურისტული უძრაობის“ პერიოდი სახელმწიფომ ახალი შესაძლებლობების, ახალი ბაზრების მოძიების, ბიზნესის დივერსიფიცირებისა და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის გამოიყენა.
დღეს უკვე უნდა არსებობდეს სახელმწიფო ხედვა, სტრატეგია, მოკლე და გრძელვადიანი გეგმა, და ახლა მის განხორციელებას უნდა ვიწყებდეთ. სწორედ ამ პროცესის სწორად წარმართვა იქნება მომავალი სამი-ხუთი წლის ზრდის ტემპის განმსაზღვრელი.
თუმცა, როცა ვხედავთ, რომ ფრენების შეზღუდვა იხსნება და დედაქალაქის სასტუმროები დახურული რჩება, თებერვალში ზაფხულის კურორტის კვების ობიექტები იხსნება და ზამთრის კურორტებზე საბაგიროები არა, ცოტა ეჭვი მეპარება, რაიმე შორს გამიზნული გეგმებისა და ხედვების არსებობაზე.