როდის უნდა ველოდოთ საერთაშორისო ტურიზმის ამოქმედებას და რა დრო დასჭირდება ამ სფეროს საქართველოში ძალების აღსადგენად? − ეს საკითხები კვლავ ყველაზე აქტუალურ და განხილვად თემებად რჩება მოსახლეობითვის. OK! Travel Book „საქმიანი ტურიზმის ასოციაციის“ (MICE ტურიზმი) ერთ-ერთ დამფუძნებელს და დირექტორთა საბჭოს წევრს, ირმა კოდუას ესაუბრა, რომელმაც დეტალურად გაგვიზიარა საკუთარი მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით.
როგორი იქნება 2021 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის?
2021 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის არანაკლებ რთული და გამოწვევებით სავსე იქნება, ვიდრე ეს იყო 2020 წელს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელი გავიდა, ბევრი რამ არ არის ცნობილი, უამრავი რამ არ არის განსაზღვრული და ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობა გვაქვს წინ, თუნდაც იგივე ფრენების აღდგენის კუთხით, რეგულაციების კუთხით, ახალი სტანდარტის კუთხით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2021 წელი, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, საკმაოდ რთული იქნება ტურიზმის ინდუსტრიისთვის.
რა შეიძლება პოსტპანდემიურ ვითარებაში ტურისტის ამოქმედების ეფექტიან გზად მოვიაზროთ?
უპირველესად, მსოფლიო უნდა შეთანხმდეს გარკვეულ რეგულაციებზე და საჭიროა მოწესრიგდეს ფრენასთან დაკავშირებული რეგულაციები. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის არა ის, რომ ვირუსი არსებობს და შესაძლოა ნებისმიერ ჩვენგანს შეხვდეს, არამედ გაურკვევლობა, რომელსაც მოგზაურობის მსურველი აწყდება. ამ დროს ძალიან რთულია რაიმეს დაგეგმვა, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს მოვლენები.
მსოფლიო მასშტაბით უამრავ ადამიანს აქვს გადატანილი კორონავირუსი. შესაბამისად, მათ უკვე შეუძლიათ გადაადგილება და მოგზაურობა, თუმცა ამ გაურკვევლობის გამო, ვერ ახერხებენ და თავს იკავებენ.
როდის უნდა ველოდოთ საერთაშორისო ტურიზმის ამოქმედებას და რა დრო დასჭირდება ტურიზმს საქართველოში ძალების აღსადგენად?
როგორც ექსპერტები ამბობენ, 2024 წლისთვის ჩვენ მოვახერხებთ დავუბრუნდეთ ისეთ მდგომარეობას, როგორშიც 2019 წელს ვიყავით. თუმცა, აქაც რთულია გარკვეულ საკითხებზე პროგნოზის გაკეთება, რადგან თუ მსოფლიო მოახერხებს პანდემიის დაძლევას, განვითარების ტემპი სწრაფად შეიძლება წავიდეს. იმისათვის, რომ საქართველოში აღდგეს ტურიზმი და ხალხმა დაიწყოს ჩამოსვლა, საჭიროა რიგი გადაწყვეტილებების მიღება. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ფრენების რეგულირება. ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ რა სახის რეგულაციები იქნება აეროპორტებში. მე უკვე მქონდა პოსტპანდემიურ პერიოდში ფრენა, გამოვიცვალე სამი აეროპორტი და ყველაზე ცუდი სიტუაცია დამხვდა თბილისის აეროპორტში. როდესაც ტურისტი ქვეყანაში ჩამოდის, აეროპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ქმნის იმ ქვეყანაზე, სადაც ჩადიხარ. შეიძლება ითქვას, რომ აეროპორტი ქვეყნის სახეა და ამიტომ საკმაოდ არასასიამოვნოა, როდესაც ახალ ჩამოსულს ინფექციონისტები გხვდებიან. სხვა არცერთ აეროპორტში მსგავსი სიტუაცია არ შემხვედრია და მიმაჩნია, რომ არც არის საჭირო ინფექციონისტების დახვედრა, მაშინ, როცა შესაძლებელია დაგხვდნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც მოგაწვდიან ინფორმაციას. როდესაც დასასვენებლად მიდიხარ, არ უნდა გექმნებოდეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს კლინიკაში ხარ. ამიტომ საჭიროა ამ სტანდარტზე მუშაობა და ისეთი მეთოდების შემუშავება და დანერგვა, რომ შეეფერებოდეს ტურიზმის ინდუსტრიას, რომელიც თავისი შინაარსით არის ძალიან ლაღი, ყოველთვის მომღიმარი და სასიამოვნო. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ყველაფრის სინთეზი მოხდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან ერთად, რადგან ამ ვითარებაში ეს პრიორიტეტული საკითხია.
რას ეტყოდით საზოგადოებას?
ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ შევძლებთ ქვეყნის მარკეტინგს და ქვეყნის მსოფლიო არენაზე წარდგენას. უკვე ძალიან დიდი ხანია საქართველოს შესახებ არ იბეჭდება უცხოურ პრესაში, არ მზადდება არანაირი ვიდეო ან ფოტომასალები, ასევე არ ვჩანვართ ვირტუალურ სივრცეში. ტარდება უამრავი ვირტუალური კონფერენცია, მაგრამ საქართველო პასიურია ამ მხრივ და თითქმის არსად ფიგურირებს. ამ ყველაფერმა ჩრდილი მოჰფინა ქვეყანას, რადგან იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს სახელი მსოფლიოს ესმოდა, ხოლო ახლა ეს მიჩუმებულია, რასაც ტურიზმის არარსებობით ამართლებენ. მაგრამ ეს რა თქმა უნდა გამართლება არ არის, რადგან თუ გვინდა, თუნდაც 2022 წელს ქვეყანას ესტუმროს ტურისტი, ამაზე დღეს უნდა ვიზრუნოთ, დღეს უნდა დავიწყოთ ქვეყნის PR-ი. მაღალი სეგმენტის ტურისტები დიდი ხნით ადრე იწყებენ ადგილების შერჩევას და გეგმავენ დასვენებას, ამიტომ აუცილებელია არასდროს შეწყდეს ქვეყნის გაპიარება. ქვეყნის მარკეტინგი უნდა დაიგეგმოს ისე, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი მიმართულება, სადაც პანდემიის შემდეგ ტურისტი ისურვებს მოგზაურობას.