კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემები და შეზღუდვები კვლავ აქტიურად იჩენს თავს ჩვენს ყოვედღიურობაში. ამ პროცესმა ყველაზე დიდი გავლენა რომ ტურიზმზე მოახდინა, ახალი არავისთვისაა. რას უნდა ველოდოთ 2021 წლისგან? როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ჩვენსავე ქვეყანაში და რა შევთავაზოთ უცხოელ ტურისტებს დღევანდელი რესურსებით? − ამ შეკითხვებზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი გვიპასუხებს.
პანდემიის პერიოდში თქვენ ახერხებდით ხშირად გემოგზაურათ ქვეყნის შიგნით და აღმოგეჩინათ ახალი საინტერესო ადგილები. მოგვიყევით ამის შესახებ, თუ რა აღმოჩენები გააკეთეთ 2020-ში?
2020 წლის აპრილის თვეში ჩემთვის უკვე ნათელი გახდა, რომ ტურიზმის განვითარება დროებით შეფერხდებოდა. ამასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი მაქვს გაკეთებული სოციალური ქსელის თუ სხვა მედიასაშუალებებით. გავაანალიზე, რომ ტურიზმის შეზღუდვა მეც შემიზღუდავდა საზღვარგარეთ გადაადგილებას, ამიტომ გადავწყვიტე საქართველოს სხვადასხვა ადგილას მომეწყო დასვენება და გამომეყენებინა ეს დრო აღმოჩენებში. წარსულშიც არაერთხელ მიმოგზაურია საქართველოს მხარეებში, უამრავი ადგილი მქონდა ნანახი, თუმცა ყოველთვის ვიყავი დროში შეზღუდული და ტრადიციულ ადგილებს, ტრადიციულ სეზონზე და ტრადიციულად ვატარებდი. მივხვდი, რომ ახლა მქონდა უნიკალური შესაძლებლობა, ყოფილიყო სრულიად განსხვავებული მოგზაურობა და მენახა მრავალფეროვანი საქართველო.
მაგალითისთვის, მაისში დავიწყე იმით, რომ წავედი იპოდრომზე, ავიღე ცხენის ტარების შემსწავლელი კურსები და შემდეგ საქართველოს არაერთი კუთხე მოვიარე ცხენით, მათ შორის ლაგოდეხის ნაკრძალი, და დავათვალიერე შავი კლდეების ტბები, ვიყავი თუშეთში, თუშეთიდან ცხენით გადავედი ხევსურეთში, აწუნთის უღელტეხილზე. ასევე ვიმოგზაურე მესტიაში, ხალდეში. ცხენით მოგზაურობამ საშუალება მომცა, უფრო კარგად აღმექვა საქართველოს ბუნება, უფრო ხანგრძლივად გამეტარებინა დრო ბუნებაში და ასევე გამეცნო ადგილობრივი მოსახლეობა, რადგანგანთავსების ობიექტები ძირითადად პატარა, საოჯახო სასტუმროები იყო. ასევე, გადავწყვიტე მემოგზაურა არატრადიციულ სეზონებზე სხვადასხვა რეგიონში და აღმოვაჩინე საოცარი ბახმარო, ზღაპრული რაჭა ზამთარში. აქ ადრე მხოლოდ ზაფხულში/ადრეულ შემოდგომაზე ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ზამთარში კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდა ეს ადგილები.
რა მოგცათ ამ ყველაფერმა?
აქამდე, როდესაც მანქანით გადავადგილდებოდი, მივდიოდი მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც სამანქანო გზა იყო, ახლა მოვინახულე მრავალი ისეთი ადგილი, რომელსაც ადრე მიუვალობის გამო ვერ ვნახავდი. როდესაც თუშეთის სხვადასხვა სოფელში ცხენით დავდიოდი, უფრო მეტად აღვიქვამდი გარემოს და იქაურ ბუნებას. თუ ომალოდან დართლომდე მანქანით რამდენიმე საათი მჭირდებოდა ჩასასვლელად, ნაკლებად აღვიქვამდი თუშეთის სილამაზეს, ცხენით კი ორმაგი დრო დამჭირდა, თუმცა დეტალურად აღვიქვი და დავტკბი იმ საოცარი ბუნებით, რომლითაც ეს მხარე გამოირჩევა. ეს არის საოცარი გამოცდილება და ენით აღუწერელი შეგრძნებები. ძალიან დიდი გამოცდილება იყო აწუნთის უღელტეხილზე გადასვლა, რასაც სხვა დროს ალბათ ვერც შევძლებდი. როდესაც ცხენით მოგზაურობ, გარდა იმისა, რომ სრულად იკმაყოფილებ ინტერესს, ასევე ეხვევი საოცარ თავგადასავალში, რომლის შთაბეჭდილებებიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვება.
რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს, როგორ დაგეგმონ მოგზაურობა ნაკლებადმონახულებად ადგილებში?
ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ სტანდარტული მოგზაურობა, რომელიც მოიცავს სასტუმროში დარჩენას და ტრანსპორტით მოგზაურობას, არც ისე საინტერესოა, მით უმეტეს მაშინ, როცა შედარებით მეტი თავისუფალი დრო გვაქვს. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ მეტი აქტივობის დაგეგმვაში. ახლა ზამთრის პერიოდია და კურორტები დაკეტილია, ამიტომ შესაძლებლობა გვეძლევა, სრიალის ნაცვლად, ჩვეულებრივი თოვლის ფეხსაცმლით ყველა მთაზე ავიდეთ. ეს სრულიად უსაფრთხო და ძალიან მარტივია, მაგრამ მეტი უსაფრთხოებისთვის უმჯობესია გიდის თანხლებით გადაადგილება. ყველა სეზონს და ყველა კურორტს აქვს ის დამატებითი აქტივობები, რომლებიც შეგიძლია განახორციელო და ამით უფრო საინტერესო გახადო მოგზაურობა, აღმოაჩინო შენი ქვეყანა. მაგალითად, დღეს მე ვიმყოფები რაჭაში, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ხედების დათვალიერებით − შეგიძლია უამრავ მწვერვალზე ახვიდე და ბევრი შენთვის უცნობი და ახალი რამ აღმოაჩინო, თხილამურით თუ თოვლის ფეხსაცმლით გაისეირნო, ასევე ცხენებით. რაჭაში, ზამთარში, პირველად ვარ და მართლა შეუდარებელია აქაურობა.
საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმარს როგორ ტურს დაუგეგმავდით? რომელ ადგილებს აჩვენებდით?
რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია უპირველესად იმასთან, თუ რომელ სეზონზე ჩამოვა ტურისტი, რა არის მისი ინტერესი. საქართველოში უამრავი საინტერესო ადგილია, რომლის მონახულებას ტურისტებს ვურჩევდი. მაგალითად, ზამთარში ბახმარო, რომელიც ამ სეზონზე უნიკალურია და უამრავ შესაძლებლობას იძლევა. ასევე ტურს დავუგეგმავდი რაჭაში, სადაც უამრავი აქტივობის განხორციელებაა შესაძლებელი. აუცილებლად დავგეგმავდი ტურს თუშეთსა და ხევსურეთში. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ცხენების ტური ვაშლოვანის ნაკრძალში, ასევე ულამაზესი და სრულიად განსხვავებული ბუნება ჭაჭუნას აღკვეთილში, რომელსაც მე „მარსს დედამიწაზე“ შევარქმევდი. ძალიან ბევრი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული ადგილი გვაქვს, ჩამოთვლაც მიჭირს.
რა მდგომარეობაა დღეს ტურიზმის მიმართულებით?
სამწუხაროდ, დღეს ტურიზმი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რასაც მიყვება ყველა მასთან დაკავშირებული სექტორი. მიუხედავად ამისა, ეს ჩვენთვის შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ. კარგი პერიოდია, განვახორციელოთ ჩვენი ტურიზმის ტრანსფორმაცია. ტრადიციული, ძველი ტურიზმი, რომელიც ადრეულ წლებში იყო, შეიცვლება, მათ შორის მოკლევადიანი, ანუ ორ-სამდღიანი ტურები, რომლებსაც ტურისტები ძირითადად გრძელ უიქენდზე გეგმავდნენ. წლები დასჭირდება, რომ მსგავსი ხშირი და მოკლევადიანი ტურიზმი აღდგეს. ძირითადად, დაიგეგმება გრძელვადიანი ვიზიტები. ეს ძალიან კარგია, თუმცა ამას შესაბამისი მომზადება სჭირდება.
გრძელვადიან ტურიზმს გაცილებით მაღალი ხარისხის სერვისი და ხარისხიანი, დივერსიფიცირებული ინფრასტრუქტურა სჭირდება. მხოლოდ ქალაქში ორსაათიანი ტური და რესტორანში ვახშამი, უკვე საკმარისი არაა. საქართველომ ეს პერიოდი ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციისთვის უნდა გამოიყენოს. ადრე თუ ჩვენ ტურისტის რაოდენობაზე ვამახვილებდით აქცენტს, დღეს უკვე ხარისხსა და მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვაზე უნდა ვიფიქროთ. ასეთი კატეგორიის ტურისტები ხარჯავენ ფულს სათავგადასავლო ტურებში, კვებაში, სასმელში. ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზეც, რომ ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, გავაუმჯობესოთ ხარისხი სერვისის მიმართულებით. ვინაიდან ტურისტების დარჩენის დრო შეიძლება გახანგრძლივდეს, სასტუმროებმა უნდა იფიქრონ მომსახურების გაუმჯობესებაზე. როდესაც ტურისტს უწევს ერთი-ორი კვირა და მეტი გაჩერდეს სასტუმროში, იგი თითოეულ დეტალს აქცევს ყურადღებას და შესაბამისად, ხარისხის დონე საკმაოდ უნდა აიწიოს. ამ დროს ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურას, პერსონალს, მომსახურებას. ტურისტებს უნდა შესთავაზონ მრავალფეროვანი მომსახურება, აქტივობები და ასე შემდეგ. უნდა მოხდეს სტანდარტის აწევა ყველა, განსაკუთრებულად − უსაფრთხოების ზომების დაცვის მიმართულებით.
ქვეყნის ხედვა და სტრატეგია უნდა იყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარება, რომელიც აბსოლუტურად ინტეგრირებულია ბუნებასთან. ზიანის მიყენება ამ შემთხვევაში მინიმუმამდეა დაყვანილი და მაქსიმალურად ბუნებასთან არის შერწყმული. უნდა გამოვიყენოთ ეროვნული პარკები, დაცული ტერიტორიები, მთა, ბარი, ბუნება, რაზეც რეალურად დღეს უდიდესი მოთხოვნაა. მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ნარჩენების გადამუშავებაზე და დასუფთავებაზე, ასევე კურორტების გენერალური გეგმის მიხედვით განვითარებაზე, ხოლო ქაოსური მშენებლობები უნდა დასრულდეს.
სანამ ტურისტი არ გვყავს ყველა სასტუმროს, კერძო ბიზნესის, მთავრობის როლია, რომ ეს გარდატეხა და ტრანსფორმაცია განიცადოს, და სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს რესურსი და ძალისხმევა. დღევანდელი ამოცანა უნდა იყოს, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში კადრების შენარჩუნება და მათ განვითარებაზე მუშაობა მაქსიმალურად მოხდეს. ხელსაყრელი დროა, მოხდეს გიდების გადამზადება უსაფრთხოების ზომების დაცვის მიმართულებით. მოხდეს სხვადასხვა ენის შესწავლა და სხვადასხვა მიმართულებით უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესება. თავიდან ტურიზმი აგებული იყო დათვალიერებაზე, შემდეგ გამოცდილების გაზიარებაზე, ახლა კი საჭიროა ტრანსფორმაცია. ადამიანებს სჭირდებათ სიმშვიდე, განტვირთვა, რის საშუალებასაც საქართველო ნამდვილად იძლევა. ამ შემთხვევაში, საქართველოს უნიკალური პროდუქტების შეთავაზება შეუძლია, და ამ პროდუქტებზე მუშაობა დღესვე უნდა დავიწყოთ, რათა პანდემიის შემდეგ ტურიზმს მომზადებულად შევხვდეთ. მოკლედ, საქართველოში ეკოტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაც გახდეს.