მექსიკაში, წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლზე OK! რამდენიმე ცნობილი ადამიანის კვალს მიუყვება
შესაძლოა მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლი არც ისე ცნობილი ან ხელმისაწვდომია ბრიტანელებისთვის, როგორც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე Cancun, მაგრამ Thomson-ის პირდაპირი რეისების დამსახურებით ეს ყველაფერი შეიცვალა. მრავალი წელია ჰოლივუდის საუკეთესო წარმომადგენლები ძირითადად უკვე მეზობელ კურორტებს – Puerto Vallarta-სა და Riviera Nayarit-ს ეტანებიან, ასე, რომ OK!-ის ჟურნალისტი როზი ანდერვუდი გაემგზავრა, რათა გაარკვიოს, თუ რატომ ხდება ასე.
Banderas-ის ყურეზე მდებარე Puerto Vallarta მომხიბვლელი ძველი ქალაქია – მოკირწყლული ქუჩებით, საკათედრო ტაძრითა და ქალაქის მთავარი მოედნით, ასევე მიმზიდველი ნავსადგურითა და ზღვისპირა სანაპიროთი. ყურეს ქვიშიანი სანაპიროს ჩრდილოეთ მხარეს, 1500- აკრიანი ნახევარკუნძული – Punta Mita მდებარეობს. ეს Riviera Nayarit-ას მაღალი კლასის ტურისტული კურორტია, რომელსაც საკუთარი ძვირადღირებული სასტუმროები და გოლფის მოედნები აქვს. აქედან ჩრდილოეთით, 200 მილის სანაპირო ზოლზე, მეთევზეთა ულამაზესი სოფლები და ზღვისპირა სასერფერო ქალაქებია განლაგებული, გარშემო კი Sierra Madre-ს დიდებული მთებია, სადაც ულამაზესი ჯუნგლებია.
რომელ ვარსკვლავებს შევხვდები?
ლოს-ანჯელესიდან სამსაათიანი ფრენის შემდეგ იმ ტერიტორიაზე მოხვდებით, რომელიც შტატების ვარსკვლავებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილია. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, ჯენიფერ გარნერმა თავის მეგობრებთან ერთად Puerto Vallarta-ში „მზით გაჟღენთილი“ არდადეგები მოიწყო. რაც შეეხება კიმ კარდაშიანსა და კანიე უესტს, მათი საყვარელი ადგილია Riviera Nayarit. ისინი Four Seasons Punta Mita-ში იყვნენ დაბინავებულნი. ასევე მოიქცნენ ჯესიკა სიმპსონი და სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიოც. რამდენიმე კარდაშიანი, ჯენიფერ ენისტონი და დემი მური კი Casa Aramara-ში გაჩერდნენ. ეს Punta Mita-ში მდებარე ოკეანისპირა მასიური აპარტამენტებია. კრისტინა აგილერა მეთიუ რატლერზე სწორედ აქ – რომანტიკულ კურორტ Imanta-ზე დაინიშნა. სწორედ ეს ადგილი უყვართ ევა ლონგორიასა და შარლიზ ტერონსაც.
სად შემიძლია დავბინავდე?
Four Seasons Punta Mita – ეს არის მასიური კურორტი, რომელიც კეთილმოწყობილ ტერიტორიაზე მდებარეობს და ჩოგბურთის საკუთარი კორტები, ძვირადღირებული სპასალონი და „ზარმაცი მდინარე“ აქვს. OK! მექსიკური სტილის პატარა სახლში დაბინავდა. სახლს ულამაზესი საკუთარი ტერასა ჰქონდა, რომელიც პლაჟს გადაჰყურებდა და საიდანაც მზის ჩასვლისა და ნელი სიოსგან მოქანავე პალმების ცქერა ნამდვილი სიამოვნება იყო. იქ ყოფნისას იოგას ერთ-ერთ ანტიგრავიტაციულ გაკვეთილებზე დასწრება შემოგვთავაზეს. საბედნიეროდ, ამ მოძრაობის დამფუძნებელი კრისტოფერ ჰარისონი მზად იყო დაგვხმარებოდა, რათა ისეთი მოძრაობები გაგვეკეთებინა, რომლებიც არც კი გვეგონა, თუ საერთოდ შესაძლებელი იყო! ერთ საღამოს, მზის ჩასვლისას, ტეკილას დეგუსტაციას შევუერთდით და შუა პროცესში ძალიან გაგვიმართლა, რადგან პატარა კუების ნახვა მოვახერხეთ, რომლებიც სულ ახალი დაბადებულნი იყვნენ და ოკეანისკენ მიღოღავდნენ.
ჩვენი შემდეგი გაჩერება ახალი W Punta de Mita იყო, სადაც იქაური პატარა გადასაადგილებელი საშუალების – ფერადი „ტუკ-ტუკების“ მთელი ფლოტი დაგვხვდა, რათა სტუმრები თავიანთ ნომრებამდე მიეყვანათ. 119-ნომრიან, ოკეანის პირას მდებარე სასტუმროში თანამედროვე მექსიკური ხელოვნების ნიმუშები და ულამაზესი მოზაიკის კიბეებია წარმოდგენილი, რომელიც ქვემოთ – ვესტიბიულისკენ ჩადის, შემდეგ კი აუზზე გაჰყავხარ. საძინებელი ოთახის ავეჯი მკვეთრ ფერებშია გაწყობილი, სერფინგის დაფები კი ამ ყველაფერს სახალისო ელფერს სძენს. OK!-ის ნომერი აუზს გადაჰყურებდა, სადაც უამრავი ფუმფულა მოსასვენებელი ადგილი და შეზლონგი იყო წყალში მოთავსებული.
ბოლოს Casa Velas-ში დავბინავდით. ეს Marina Vallarta-ში მდებარე ბუტიკ-სასტუმროა, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვისაა და ტბის პირას არსებულ საცხოვრებელ ბინებთან, რესტორნებთან და მაღაზიებთან ახლოსაა განთავსებული. ტროპიკული მიწები, თევზით სავსე პატარა ტბები, თავმომწონე ფარშევანგები და პალმებით გაფორმებული აუზები ამ ადგილს სასიამოვნო ატმოსფეროს უქმნის, ხოლო უფასო ავტობუსს სტუმრები სასტუმროს კერძო პლაჟ-კლუბისკენ მიჰყავს.
სად შემიძლია მივირთვა?
ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი რესტორანი Four Seasons-ის Aramara იყო, საკუთარი ჩინურ-ლათინო-ამერიკული სამზარეულოს გამო, ასევე მექსიკური და აზიური სამზარეულოს ინოვაციური შერწყმის გამო. OK!-იმ სუშის როლები, თინუსის „ვონტონები“, „სფრინგ-როლები“ და ქვის ცხელ ფირფიტაზე მომზადებული წვნიანი სტეიკი დააგემოვნა, ამ ყველაფერს კი „ლიჩის მარტინი“ დააყოლა.
საოცნებო კურორტი Imanta 11-ლუქსიანი სარელაქსაციო კომპლექსია, რომელიც კერძო ნაკრძალშია განთავსებული და სადაც ჯუნგლები და ოკეანე ერთმანეთს უერთდება. კოქტეილების დაგემოვნება OK!-ის სასტუმროს სახურავზე მდებარე ბარ Observatorio-ში უყვარდა, ვახშმამდე ვარსკვლავების ქვეშ იჯდა და მაიმუნების ბუტბუტს უსმენდა.
1963 წელს, როდესაც ფილმ „იგუანას ღამეს“ იღებდნენ, ელიზაბეტ ტეილორმა და რიჩარდ ბარტონმა თავისი სასიყვარულო ისტორია სწორედ Puerto Vallarta-ში ითამაშეს. ისინი Casa Kimberly-ს კოლონიურ ბუტიკ-სასტუმროში იმალებოდნენ. იგი ორი ვილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ხიდით უკავშირდება. არსებობს ფილმის ძველი პოსტერები და წყვილის ფოტოები, რომლებიც ამ საკუთრების ირგვლივაა გადაღებული, თქვენ კი კვლავ შეგიძლიათ ტეილორის გულის ფორმის აბაზანის ხილვა.
OK!-იმ სასტუმროს რესტორანში Iguana ლობსტერის ტაკო და „ჰიბისკუსითა“ და შებოლილი წითელი წიწაკით მომზადებული ზღვის ქორჭილა დააგემოვნა, პარალელურად კი ლეგენდარულ მექსიკურ ჯგუფ Mariachi La Joya-ს სერენადებით ვტკბებოდით.
რა უნდა გავაკეთო აუცილებლად?
თუ ვეშაპების ნახვა გსურთ, Eco Explorer-თან ერთად Banderas-ის ყურესკენ გაემართეთ და სწორედ იქ გაქვთ მათი ნახვის ყველაზე დიდი შანსი. ან ნავი დაიქირავეთ და კუნძულ Marietas-ზე მდებარე ეროვნულ პარკში არსებულ Punta Mita Adventures-ში გაემართეთ, სადაც წყალქვეშ ჩაყვინთვა, ნიჩბიანი ნავით გასეირნება და წყალქვეშა გამოქვაბულების დათვალიერება შეგიძლიათ. ჩვენ კუები, დელფინები და უამრავი თევზი-ცისარტყელა ვნახეთ. თითქმის მთელი დღე Los Arcos-ის ეროვნულ საზღვაო პარკში წყალქვეშ ცურვაში გავატარეთ, ასევე მდიდრული კატამარანით – Canuwa Experience გავისეირნეთ და იზოლირებულ, პატარა ქვიშიან ყურე Los Colimitos-თანაც გავჩერდით. სასიამოვნო სადილისთვის წყლის ტაქსი დაიქირავეთ და იგი Boca-დან პლაჟ-კლუბ Casita Maraika-ში წაგიყვანთ, რომელთან მისვლა მხოლოდ წყლით ან ჯუნგლებში ლაშქრობისას შეიძლება! თუ დელფინების ველურ ბუნებაში ნახვა გსურთ, Wildlife Connection-ში დარეგისტრირდით. ბიოლოგების გუნდის ხელმძღვანელობით, OK!-იმ ამ მშვენიერ არსებებზე და მათ ბუნებრივ გარემოზე უამრავი ახალი რამ შეიტყო და მათთან ერთად ცურვაც კი მოახერხა.
კიდევ რისი გაკეთება შემიძლია?
სასერფერო ქალაქი Sayulita, რომელიც Riviera Nayarit-ზე მდებარეობს, Punta Mita-სგან სრულიად განსხვავებული ადგილია. ქუჩები მკვეთრი ფერებითაა სავსე – მაღაზიების შეღებილი ფასადებიდან და ქუჩის მხატვრობიდან დაწყებული, ბაზრის დახლებზე გასაყიდად გამოტანილი ნივთებით დამთავრებული. მოდური ბუტიკებისა და ელეგანტური რესტორნების გვერდით, კაფეები, იოგას სტუდიები და სავაჭრო დახლებია ჩაყოლებული, სადაც გრილზე მომზადებული ზღვის პროდუქტები და ტაკო იყიდება. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც სერფინგის სწავლა შეიძლება და OK!-იმ Lunazul-ის სერფინგ-სკოლის დახმარებით საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. ჩვენდა საბედნიეროდ, შესანიშნავი პირობები იყო, ბონუსად კი ვარხვების მთელი არმია ვნახეთ, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებდნენ, ჩვენ კი ტალღებზე სრიალს ვცდილობდით.
მოწოდებულია Rosie Underwood-ის მიერ.
ფოტო: Alamy, Getty Images, Shutterstock.