OK! ესპანეთის გამაჯანსაღებელი სპასალონისკენ მიემართება და იმედი აქვს, რომ დასახულ მიზნებს მიაღწევს
ახლა ნამდვილად საუკეთესო დროა იმისთვის, რომ დასახული მიზნების განხორციელებას შეუდგეთ. შედარებით თბილი ამინდი და უფრო ნათელი საღამოები გონებას წმენდს, საზაფხულო მიზნებზე ორიენტირებული ხდება და გარკვეული ცვლილებების განხორციელებას იწყებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Marbella-ს პლაჟის წინ მდებარე სპასასტუმრო და იდეალური გამაჯანსაღებელი ცენტრი Las Dunas, საუკეთესო ადგილია დასახული მიზნების მისაღწევად. კურორტზე დიეტისა და კვების სპეციალისტები არიან, ასევე პირადი მწვრთნელები, და სხვადასხვა გაკვეთილებიც – მაგალითად იოგა, პილატესი და წყლის აერობიკა.
წონის კლება, დეტოქსიკაცია, გაახალგაზრდავება, სტრესი და მოწევისთვის თავის განებება – აქ ამ ყველაფერშიც დაგეხმარებიან. OK!-ის ჟურნალისტი რუთ ჰიუსი ტკბილზე დამოკიდებულებასთან საბრძოლველად გაემგზავრა...
რომელ ვარსკვლავებს შევხვდები?
გამაჯანსაღებელი ცენტრი Las Dunas ერთ-ერთი რეალითი შოუს მასპინძელიც იყო. სატელევიზიო სერიალის „ერთადერთი გზა არის ესექსი“ (The Only Way Is Essex) გადამღებმა ჯგუფმა ერთი სერია სწორედ აქ გადაიღო, ასევე Made In Chelsea-ს ვარსკვლავი ლუსი უოტსონი და ოლივერ ფრაუდლოკი (შეყვარებულ ემა კონოლისთან ერთად) სწორედ აქ ისვენებდნენ. მთელი წლის განმავლობაში მუდმივად მანათობელი მზის გამო, Marbs-ი ვარსკვლავებს მაგნიტივით იზიდავს. ქეთი პრაისი, ქეით მოსი, ევა ლონგორია და ტომ კრუზი აქაურობის რეგულარული სტუმრები არიან.
სად შეიძლება დავბინავდე?
გამაჯანსაღებელი ცენტრის ანდალუზიური სტილის შენობა კეთილმოწყობილ ბაღებსა და შადრევნებშია განთავსებული. იქაურობა ნათელი და ჰაეროვანია, ამიტომ OK!-იმ შესვლისთანავე კარგად იგრძნო თავი. აქაურობა მხოლოდ უფროსებზეა გათვლილი, სწორედ ამიტომ ეს ადგილი დაკავებული მშობლებისთვის იდეალურია, რათა განიტვირთონ და ცოტა დრო საკუთარ თავსაც დაუთმონ. ცენტრი სულ 55 ლუქსისგან შედგება. ჩვენი მდიდრული ნომერი საკმაოდ მასიური იყო – განცალკევებული სასტუმრო ოთახით, დიდი საძინებლითა და განიერი სააბაზანო ოთახით. დეკორიც შესანიშნავი გახლდათ, უზარმაზარი ფანჯრებიდან კი შესანიშნავი ხედები იშლებოდა. ჩვენი საყვარელი ადგილი განიერი პირადი აივანი იყო, სადაც მზის ამოსვლისას მწვანე ჩაის მივირთმევდით.
კურორტს მეზობელ აპარტამენტებში ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვისაც აქვს გარკვეული სერვისი. Kids Fit And Fun- პროგრამა ჭარბწონიან ბავშვებზეა გათვლილი, სადაც ორიენტირებულნი არიან ფიზიკურ ვარჯიშებზე, გართობაზე, თამაშებსა და დაბალანსებულ დიეტებზე. ეს ცენტრი ახალგაზრდების გაჯანსაღებას ცდილობს, ამიტომ ხელს უწყობს საკვებისა და ვარჯიშისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ამ განხრით მათ უკვე საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწიეს.
სად შეიძლება მივირთვა?
გამაჯანსაღებელი ცენტრის რესტორნის ზღვის საოცარი ხედები ყველა გრძნობას აღვიძებს. მათი მაცდუნებელი კერძები ნამდვილი გურმანებისთვისაა. ისინი ადგილობრივი პროდუქციის ფერად სახეობებს იყენებენ, რომელიც ნებისმიერ დიეტას აკმაყოფილებს. კერძებს „მიშლენის“ ვარსკვლავის მქონე შეფმზარეული – ანდონი ლუის ადურიზი აფორმებს. აპეტაიზერი – შემწვარი პომიდვრის გასპაჩო შებოლილი კალმახითა და კაკლით, OK!-ის ძალიან მოეწონა. მთავარი კერძი – ლიმონიანი ქათამი ყვითელი ჭარხლითა და ნუშის სოუსით, უგემრიელესი იყო. რაც შეეხება ჯანსაღ დესერტს – პიტნით გაჟღენთილი საზამთრო ვახშმის ნამდვილად საუკეთესო დასასრული გახლდათ.
ჩვენ უგემრიელესი კერძები მივირთვით, თუმცა თითოეული მათგანი შაქრის დაბალი შემცველობითა და ნაკლებკალორიულობით გამოირჩეოდა, ასევე ნახშირწყლების შეზღუდულ რაოდენობას შეიცავდა და მხოლოდ ხილის ბუნებრივი შაქრისგან შედგებოდა. პროგრამის დაწყების წინ იქაურ ექიმებთან სრულყოფილი სამედიცინო შემოწმება გავიარეთ. ჩვენ შაქრის დაბალი შემცველობის მქონე საკვების გეგმა გვქონდა, სადაც წახემსებაში მხოლოდ კივის ნაჭრები შედიოდა. ეს ნამდვილი გამოცდა იყო, მაგრამ როცა ჩვენი ნებისყოფა და ენერგია იწურებოდა, სამედიცინო რეზიდენტ-ექსპერტები სიმპტომებს გვიხსნიდნენ და გვეუბნებოდნენ, თუ რატომ უნდა გაგვეძლო თავის ტკივილისთვის და მოთენთილობისთვის, რომელიც ორგანიზმიდან შაქრის გამოდევნის შედეგი იყო.
მესამე დღის ბოლოს სიმპტომები მართლაც გაქრა და სრულიად ახალი ენერგიით ავივსეთ.
სად შეიძლება განტვირთვა?
გამაჯანსაღებელი ცენტრი Las Dunas – აქ ყველაფერია, რაც დასვენებისთვის გჭირდებათ. აქ ორი გამაჯანსაღებელი სპასალონი და დიდი გარე აუზია, საიდანაც ზღვის უმშვენიერესი ხედი იშლება. პირველად სპასალონ Ekilum-ში წავედით. აქ საუნა და ორთქლის აბანოა, რომელიც ტოქსინების გამოდევნისთვის და ფორების გასაწმენდად იდეალურია. ყინულივით ცივი წყლის ნაკადის ქვეშ დგომის შემდეგ ფორები იხურება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება – იყავით გამბედავები! ჩვენ ასევე Vichy-ს შხაპიც ვცადეთ, რომელიც წყალქვეშა მასაჟს აკეთებს და დაღლილ კუნთებს აძლიერებს.
სპაცენტრ Naturhouse Medical-ს საცურაო და გამაჯანსაღებელი აუზებიც აქვს, სადაც წყლის ნაკადები სხეულს ამასაჟებს. წყლის აერობიკის გაკვეთილებისთვის დამატებით ცალკე აუზია. საუნასა და ორთქლის აბანოში განტვირთვა და დასვენება ძალიან სასიამოვნოა. შეგიძლიათ ცხელი წყლით ავსებულ აბაზანაში ინებივროთ, ან უამრავ გამოქვაბულსა და კაბინაში გაგრილდეთ, რომლებიც დეტოქსიკაციისთვის, განტვირთვისთვის და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლადაა გამიზნული. თოვლის კაბინამ დეტოქსიკაციისგან გამოწვეული თავის ტკივილი საოცრად შეგვიმსუბუქა.
აქ პროცედურის ჩასატარებელი რამდენიმე კაბინეტია, სადაც OK!-იმ 50-წუთიანი სახისა და თავის სტრესისმომხსნელი მასაჟით ისიამოვნა, ასევე ტერფების რეფლექსოთერაპია ჩავიტარეთ, რომელიც გონებასა და სხეულს სრულიად ამშვიდებს. აუცილებლად სცადეთ „ფლოატარიუმის“ 25-წუთიანი სესია – სტუმრები აღიარებენ, რომ ამ პროცედურის დახმარებით განტვირთვისა და მედიტაციის მაღალ დონეს მიაღწიეს.
თქვენი დეტოქსიკაციის საწყის ეტაპზე მოსადუნებელი მკურნალობა აირჩიეთ, რადგან იგი გონებისა და სხეულის სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და ძილიც გაგიუმჯობესდებათ. დამსვენებლებს სავარჯიშო დარბაზით სარგებლობა ან ერთ-ერთ სავარჯიშო გაკვეთილზე დასწრებაც შეუძლიათ. განტვირთვისთვის და გაწელვებისთვის პილატესი და იოგა სცადეთ.
კიდევ რისი გაკეთება შემიძლია?
როგორც წესი, Marbella-ში დასვენება Blue Flag-ის პლაჟს, მრავალრიცხოვან ბარებსა და კლუბებში გატარებულ გიჟურ ღამეებს გულისხმობს. შოპოჰოლიკებისთვის აქაურობა ნამდვილი სამოთხეა – თავისი ბუტიკებით, დიზაინერული მაღაზიებითა და სავაჭრო ქსელებით, რომლებიც თითქმის ყველა კუთხეშია. სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზე ულამაზესი პორტი – Puerto Banus მდებარეობს, სადაც სუპერიახტები და ხმაურიანი ბარები ნაპირზეა ჩამწკრივებული.
Puerto Banus მშვენიერ და ძველ ქალაქ Marbella-დან სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა. აქ ბევრი ეკლესია და ელეგანტური რესტორანია. ეს ნამდვილად ქათქათა ქალაქი მე-10 საუკუნის მავრიტანიული სასახლის კედლებითაა გარშემორტყმული, ხოლო მის ვიწრო ქუჩებს დაჩრდილული მოდნებისკენ მიჰყავხართ, სადაც გამწვანებული აივნები, ბუტიკები და კაფეებია. არც ისტორიული ადგილები დაგავიწყდეთ. მაგალითად, მდიდრულად გაფორმებული ეკლესია Santa Maria de la Encarnacion. ასევე, Avenida del Mar-ის მონახულებაც ღირს – ეს ქანდაკებების ღია პარკია, სადაც სალვადორ დალის ნამუშევარიცაა წარმოდგენილი.
მოწოდებულია Ruth Hughes-ის მიერ.
ფოტოები: Alamy, Getty Images, Shutterstock.